თარიღი    დრო

შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ძირითადად, სამშენებლო სექტორზე მოდის - ელზა ჯგერენაია

საქართველო, თბილისი - 11:23 02.12.2018 2024

კიდევ ერთი უბედური შემთხვევა - 9 თებერვალს  მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. პროფკავშირების წინასწარი შეფასებით, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე უხეშადაა დარღვეული უსაფრთხოების ნორმები. თავად დაღუპულს კი დამცავი აღჭურვილობაარ ჰქონდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც 5 თებერვალს უნდა შემდგარიყო, გადაიდო. დეპუტატებს ცვლილებებზე მეორედ უნდა ემსჯელათ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განხილვის ერთი კვირით გადადება მოითხოვა.

რა გახდა განხილვის გადადების მიზეზი, რამდენად ქმედუნარიანი გახდებიან შრომის ინსპექტორები კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში და ხომ არ ექცევა სახელმწიფო ბიზნესის ზეწოლის ქვეშ. ამ და სხვა საკითხებზე ჯი-ეიჩ-ენი“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, ელზა ჯგერენაიას ესაუბრა.

- ქალბატონო ელზა, რა მიზეზით გადაიდო პარლამენტში დაგეგმილი კანონპროექტის განხილვა?

- გადადების მიზეზი იყო სამუშაოთა ნუსხა,  რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის მომზადებული და საჭიროებს შეთანხმებას. 18 თებერვალს დაგეგმილია შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, მასში მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის წევრებიც, ის კითხვები რაც გაჩნდა და რამაც გამოიწვია საკითხის დროებით გადადება. სწორედ ამ ფორმატში იქნება განხილული და შემდეგ განახლდება მუშაობა მეორე საკომიტეტო მოსმენით.  მთავრობასთან დისკუსიის გამო საბოლოო შედეგი კი არ გადაიდო, არამედ რიგი საკითხები დაზუსტდა, როგორებიცაა კანონის საფუძველზე კონკრეტული სამართლის სუბიექტების ანუ დამსაქმებლების მიმართ, პასუხისმგებლობის ზომების საკითხი - სახდელების, სანქციების ფორმები და ის, თუ როგორ მოხდებოდა კომპანიების იდენტიფიცირება.

-რა არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანი?

-ამ კანონპროექტის ძირითადი პრინციპი და მიზანია, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების პრევენცია, შრომის უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, პროფესიული დაავადებების თავიდან არიდება.. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების ნულოვანი სტატისტიკა, მაგრამ ეფექტური და ქმედუნარიანი ინსპექცია ყოველთვის ქმნის კლებად დინამიკას. ამ კანონს მოაქვს ერთი მხრივ ,უსაფრთხო შრომის პირობები, მეორე მხრივ, შესაბამის პირობებში მომუშავე დასაქმებულის პროდუქტიულობა, რაც აისახება წარმოების შედეგებზეც. ფუნდამენტური საკითხია ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. ამ ეტაპზე, მხოლოდ ნებაყოფლობით შევდივართ დაწესებულებებში.  ეს კანონი კი შეძლებს, დამსაქმებელს დაამკვიდრებინოს ჯანსაღი, მინიმალური შრომის სტანდარტები.

-რატომ ეხება ეს კანონპროექტი მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს?

-დარღვევები, რომელიც გვაქვს ახლა, ძირითადად, ფიქსირდება სამშენებლო დაწესებულებებში, მეტალურგიაში, მძიმე მრეწველობაში.... სფეროებში, რომლებიც მიეკუთვნება მძიმე, მავნე, მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაოებს. ამიტომაც, პირველი ეტაპისთვის, გადაწყდა  მაღალი რისკის საწარმოებისა და  სამუშაოების პროაქტიული  ინსპექტირება, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები. პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, საწყის ეტაპზე, შეირჩა 11 სექტორი. ვერ ვიტყოდი, რომ სექტორთა რაოდენობა მცირეა, საკმაოდ მასშტაბურია, რადგან ამ სექტორებს მიკუთვნებულ კომპანიათა რიცხვი 42 000-ს აღემატება. როცა ინსპექციას მანდატი მიენიჭება, შერჩევითი კონტროლის საფუძველზე, შევადგენთ კომპანიათა ნუსხას, შევამოწმებთ, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ კი მონიტორინგს განვახორციელებთ, რათა დავადგინოთ, რამდენად არის გათვალისწინებული პირველი ვიზიტისას მიღებული გაფრთხილება.

-შრომის ინსპექტორის ვიზიტის წინ კვლავ იქნება  საჭირო კომპანიის გაფრთხილება?

-კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილება საჭირო არ იქნება, რადგან შრომის ინსპექტორს უპირობო დაშვების მანდატი ეძლევა. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან კომპანიათა ნუსხას მიკუთვნებულ დაწესებულებებში ინსპექტორები განახორციელებენ პროაქტიულ ვიზიტს. რაც შეეხება რეაქტიულ ვიზიტს, ეს იქნება მაშინ, როცა უბედური შემთხვევის შესახებ შემოვა შეტყობინება. რა თქმა უნდა, ამ დროსაც არ იქნება საჭირო კომპანიის გაფრთხილება.  ამის საჭიროება იხსნება განმეორებითი ვიზიტის დროსაც. 2019 წლიდან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ კანონი გავრცელდეს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებზე.

-რატომ არ მოხდა კანონის ამ სახით მიღება ამ დრომდე?

-მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება მხოლოდ 2019 წლიდან გვაქვს, ხშირმა საწარმოო  შემთხვევებმა აქტუალობა შესძინეს საკითხს და დაიწყო ინტენსიური მუშაობა. აქამდე არ იყო საკმარისი ადამიანური რესურსი, საჭირო გახდა კადრების გადამზადება.  ყოფილი ინსპექტორები, რომლებიც მუშაობდნენ შრომის ინსპექციაში 2006 წლამდე, მისი გაუქმების შემდეგსხვადასხვა სექტორში დასაქმდნენ, აღმოჩნდა, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები აღარ გვყავდა ქვეყანაში. შესაბამისად, ვიმყოფებით   გარდამავალ ეტაპზე. 2015 წელს დამტკიცდა პილოტური პროგრამა,რომელსაც პირველ წელს ეწოდა შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა.მოგვიანებით სახე იცვალა და ინსპექტირების პროგრამა გახდა. ინსპექტორთა ფუნქციონირება ჯერ ნებაყოფლობით ხასიათისაა, დამტკიცების შემდეგ კი მათ მანდატი გაუძლიერდებათ. 

-დაწესებული სანქციები რამდენად იქნება საკმარისი შედეგის მისაღწევად?

-ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობები. არაზომიერმა და არასამართლიანმა სანქციებმა, შეიძლება, გამოიწვიოს ნეგატიური ეფექტი, როგორიცაა სამუშაოს შემცირება. მსჯელობა უნდა გაიმართოს ფუნდამენტურად დასანქციების ოდენობა უნდა იყოს პროპორციული, შემაკავებელი. ის არ უნდა იყოს ყველასთვის უნიფიცირებული.  ჩვენ საუკეთესო პრაქტიკა ავიღეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან და ა.შ - ფიზიკური და იურიდიული პირის სტატუსის მიხედვით, სანქციების ოდენობა იცვლება გამომდინარე მათი ბრუნვიდან, შემოსავლებიდან, თუმცა იდენტიფიცირების გაადვილების მიზნით, დავაზუსტეთ ის მიდგომა, რომლითაც ადვილად შეიძლება პროპორციული ჯარიმების ოდენობის განსაზღვრა. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს, რომელიც საწარმოს შეჩერების წესს უკავშირდება. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს კომპანიას პასუხისმგებლობისგან. თუ მან ჯარიმა გადაიხადა და დარღვევის სურათი დარჩა იგივე, კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექტორს ექნება უფლება, დაწესებულებას შეუჩეროს წარმოება, ვიდრე არ აღმოიფხვრება დარღვევა. თუ გაფრთხილების, ჯარიმისა დასაურავის შემდეგ, რეაგირების გარეშე რჩება პრობლემა, ინსპექტორი გამოიყენებს უკიდურეს ფორმას, საწარმოო პროცესის შეჩერებას. იყო საუბარი, რომ ჯარიმის უმაღლეს ფორმად 50 000 ლარი დაგვეწესებინა, მაგრამ  ზოგიერთი საწარმოსთვის 50 000 ლარის გადახდა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწარმოო პროცესის შეჩერება. ამიტომაც ჯარიმის ოდენობა მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მთავარი მიზანია, თანხა, რომელიც მას შეჩერების პროცესში შეიძლება დაკისრებოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებაში.

რამდენად თავისუფალია საკანონმდებლო ორგანო კანონის მიღების პროცესში ბიზნესის გავლენისგან?

-პროცესში ბიზნესი თავიდანვე იყო ჩართული, მუშაობა მიმდინარეობდა სოციალური დიალოგის ფორმატში, რაც ახალი ინსტიტუტია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, განსხვავებული შეხედულებისა და ინტერესების მქონე მხარეები , შრომის, დასაქმების, ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს  ამ ფორმატში განიხილავენ. ეს არის, ერთი მხრივ, სახელმწიფოს უნილატერალიზმის ყველაზე ჯანსაღი და სანდო ალტერნატივა და მეორე მხრივ, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ლიბერალური შეხედულებების ალტერნატივა, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს იმპერატიულ ჩარევასა და  ინტერვენციას კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებაში.  სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა ინტერესჯგუფებით იყო დაკომპლექტებული, ბიზნესი, პროფკავშირები , სამოქალაქო სექტორი და ა.შ.  მაქსიმალურად იყო გაზიარებული მათი წუხილები. ეს ფორმატი კიდევ გრძელდება, 18 თებერვალს განახლდება ამაზე საუბარი. სამმხრივ კომისიას ხელმძღვანელობს პრემიერი, მაგრამ როცა ის არ იმყოფება ქვეყანაში, მაშინ თანათავმჯდომარე არის  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

-საწარმოო შემთხვევების რიცხვი ყველაზე მაღალია მაღაროებში. როგორია მოლოდინი, შესაძლებელია მაღაროებში უსაფრთხოების დარღვეული  ნორმების გამოსწორება თუ შრომის ინსპექტორებს მოუწევთ, რომ მათ საწარმოო პროცესი შეუჩერონ?

-პრაქტიკა აჩვენებს, როგორ მოხდება კანონის იმპლემენტაცია. მთავარი არ არის, მივიღოთ კანონი, მთავარია რა დადებით შედეგებს მოიტანს კრიტიკულ ობიექტებში, სადაც ყვეალზე მაღალია რისკი. მსოფლიოში შახტები და მაღაროები ყველაზე ხშირი ფატალური შემთხვევებით ხასიათდება, კანონი იძლევა საშუალებას, რომ გამოსწორების მიზნით შეჩერდეს უბანი, სადაც დარღვევაა და არა მთლიანი ბიზნესი.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თამთა ქარქაშაძე

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%