თარიღი    დრო

ევროპაში დაძრწიან მშიერი ქართველი მგლები......

საქართველო, თბილისი - 10:26 02.12.2018 2968

რეისი ათენი - თბილისი; ყველა თანამემამულეა; უმრავლესობა შუახნის ქალი; აშკარად ის კატეგორია, ვინც ძიძაობით, მრეცხავობით, მომვლელობით, მოსამსახურეობით, ანუ (!) პატიოსანი, თუმცა არალეგალური  შრომით „იპოვებს“ ლუკმა-პურს.

მაგრამ......თბილისში დაჯდომისთანავე, საიდანღაც, უკანა რიგებიდან, წინ გავარდა მანამდე უჩინარი, თავზე კაპიუშონგადაფარებული ახალგაზრდა..... სტიუარდებმა ძლივს შეაკავეს კარების გახსნამდე......გამხდარი, წვერმოშვებული, ავი გამომეტყველებითა და ტონალობით......

ეს Capuchon მაინც ყველაზე ნიშანდობლივია: ბევრმა არ იცის, რომ „უებარი საშუალებაა“ ვიდეოკამერებისგან სახის დასაცავად, როცა ძარცვავ სუპერმარკეტს, სავაჭრო „გალერეას“ ან ვინმეს „აყაჩაღებ“......

მერეღა ახსენდებათ ამ „იდუმალი სუბიექტის“ უცნაური აგრესიით შეცბუნებულ მგზავრებს, რომ ეს წვერმოშვებული, 25-30 წლის ახალგაზრდა „ვიღაცეების“ თანხლებით მივიდა ათენის აეროპორტში. ის უტყვი „ვიღაცეები“ თვითმფრინავამდე აცილებდნენ და თვითონ დარჩნენ. ირკვევა, რომ დეპორტირებულია: არა პასპორტი (გადაუგდია), მხოლოდ სადეპორტაციო ბანაკში გატარებული რამდენიმე თვე, შესაბამისი ქაღალდი, ავზე-ავი, ურო მეტიც, ბოროტი  გამოხედვა და ქართული მეტყველება......

მიდის საპასპორტი კონტროლზე, სცდება სასაზღვრო ჯიხურებს და გულგრილი ზიზღით, ფეხზე-ფეხგადადებით ჯდება პოლიციელის პირდაპირ, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის, რა არის, საიდან არის, რა გვარია, რა ჰქვია, როგორ მოხვდა ევროპაში, იქ რას აკეთებდა, რატომ აღმოჩნდა სადეპორტაციო ბანაკში..... პასუხად  მხოლოდ უტყვი, გულგრილი, აგრესიული ზიზღი ყველასა და ყველაფრის მიმართ......მრეცხავად, მოჯამაგირედ ან მომვლელად რომ არ იმუშავებდა, ცხადია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროპელი მესაზღვრეები, როგორც წესი, ბოლო დრომდე, ქართულ  პასპორტს თითქმის არ ამოწმებდნენ: სულ მთლად სუფთა, „უვიზო“ (ანუ წინა წლებში გაცემული) პასპორტიც რომ გქონოდა, გულგრილად გადაფურცლავდნენ, არტყამდნენ შტამპს და გიშვებდნენ. მაქსიმუმ „ქეში“ უნდა გქონოდა სამასიოდე ევრო და გეჩვენებინა. ჯავშნების გაკეთებას კი რა უნდა? - არც არაფერი!

სწორედ  ამ „ტექნოლოგიით“, ევროპაში პირველად მოხვდა ათეულობით ათასი ქართველი, ვისაც „უვიზო რეჟიმის“ შემოღებამდე არანაირი შანსი არ ექნებოდა, აეღო შენგენის ვიზა რომელიმე ევროპული ქვეყნის საკონსულოში.

წარმოუდგენელია თითქოს, მაგრამ გასული წლის აპრილიდან იმათაც კი შეაღწიეს ევროპაში, ვინც მანამდე „შავ სიებში“ იყო შეყვანილი. ეს, როგორც სჩანს, ევროპული ბიუროკრატიის მოუქნელობისა და ფანატიკური პროცედურული პედანტიზმის შედეგი უფროა;

გასული თითქმის ერთი წლის მანძილზე, უკვე 15 000 საქართველოს მოქალაქე შევიდა ევროკავშირში და არ დაბრუნდა უკან სამი თვის შემდეგ, როგორც განსაზღვრულია ბრიუსელთან შეთანხმებით; თითქოსდა, არ არის დიდი ციფრი თუ შევადარებთ საქართველოდან ევროპაში მოგზაურთა საერთო რაოდენობას, ანუ ასეულობით ათასებს; მაგრამ ბრიუსელში იციან, რას უნდა შეადარონ: საკმარისია 15 000 შეადაროთ არა მოგზაურთა საერთო რაოდენობას, არამედ ევროკავშირში პირველად გამგზავრებულთა ოდენობას, რომ ცხადი ხდება: საქართველოს იმ მოქალაქეთა ნახევარზე მეტი, ან ორი მესამედიც კი, თუ მეტი არა, ვინც პირველად (!) გაემგზავრა ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, იქვე დარჩა და ან არალეგალურად შრომობს, ან...... „არარაობიდან მოსული“ უცნობი წვეროსანი ახალგაზრდის მსგავსად ქურდობს, ყაჩაღობს, ბანდიტობს, კლავს კიდეც ან ძარცვავს, სანამ დაიჭერენ, კრიმინალს ვერ დაუმტკიცებენ, მაგრამ არალეგალთა სადეპორტაციო ბანაკში ჩასვამენ და გამოაძევებენ.........

ამიტომაც, მოულოდნელი არ არის, თუ ევროპელები საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ალაპარაკდნენ. გასაკვირი ისაა, დღემდე რომ ითმენდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ, აქ გასათვალისწინებელია, რა გახდა ამ მოთხოვნის მთავარი მიზეზი, რაც უკვე გააჟღერეს კიდეც ოფიციალურმა პირებმა: ოფიციალური, „პოლიტკორექტული“ ვერსიით, მთავარი მიზეზია „თავშესაფრის მომთხოვნთა“ რაოდენობის ზრდა. მაგრამ ჩვენში ბევრს არ ესმის, რა იმალება ამ ფორმულირების უკან: საქმე ის გახლავთ, რომ ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში პოლიციას არა აქვს უფლება დევნოს უკანონო ემიგრანტები. შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილია მხოლოდ სპეციალიზებული უწყება. ყველგან ასე არ არის მაგრამ სახელმწიფოთა უმრავლესობაში სწორედ ასეა;

თუკი სახელმწიფო ორგანოები გამოავლენენ უკანონო ემიგრანტს, ვინც დაარღვია „უვიზო რეჟიმი“, ეს ადამიანი, თითქმის გამონაკლისის გარეშე, აცხადებს, რომ ევროპაში ჩამოვიდა, რათა თავი დაიცვას საკუთარ სამშობლოში დევნისგან.....არის რაიმე  უმცირესობის წარმომადგენელი, ჩაგრული, საჭიროებს დახმარებას, დაცვას და ა.შ..... მართალია ევროკავშირის  ყველა სახელმწიფომ აღიარა საქართველო „უსაფრთხო ქვეყნად“, მაგრამ თვით ევროპული ცივილიზაციის ჰუმანისტური ფილოსოფია აიძულებთ ევროპელებს, ამ საკითხებს მიუდგნენ „გაგებით“, - შეისწავლონ, გაითვალისწინონ, აამოქმედონ იურიდიული მანქანა და ა.შ. ეს ყოველივე კი ძალიან დიდი ხარჯია. ნამდვილად არსებობს შეთანხმება „რეადმისიის“ თაობაზე, მაგრამ ის ყველა თანამდევ პრობლემას ვერ წყვეტს.

კიდევ უფრო დიდი ნეგატიური მოტივაციაა ქართული კრიმინალის თავხედობა, ცინიზმი, აღვირახსნილობა და სისასტიკე!

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ „ალბანელები ხომ უარესს სჩადიანო“....... ალბანეთი იქვეა, - ევროპის ზღურბლზე. იმათ „მოუთმენენ“ გეოპოლიტიკური მიზეზებით. ასეთი მიზეზები კი, ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, მაინც არა აქვთ ქართველების მიმართ. ეს ფაქტია და ამ ფაქტს ვერაფერს მოვუხერხებთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საქართველოს მთავრობამ, ამ ურთულესი გამოწვევის საპასუხოდ, „უკეთესი“ ვერაფერი მოიფიქრა და რაღაც „სანქციების“ შემოღებას აპირებს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ევროპიდან გამოაძევებენ ანუ რეადმისიის თუ დეპორტაციის მექანიზმით დააბრუნებენ სამშობლოში.

მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ასიდან - ოთხმოცდაათ შემთხვევაში ეს „სანქციები“ შეეხებათ არა „წვეროსან და კაპიუშონიან“ ბანდიტებს, არამედ იმ საცოდავებს, პირველ რიგში ქალებს, ვინც უმძიმესი, ხშირად ბინძური, ქანცგამწყვეტი, დამამცირებელი, მაგრამ პატიოსანი შრომით შოულობს ლუკმაპურს.

ასეთი სასტიკი მიდგომა კიდევ უფრო  გაზრდის სოციალურ ანტაგონიზმს ქვეყანაში მოსახლეობის გაჭირვებულ უმრავლესობასა და იმ უმცირესობას შორის, ვისაც არანაირი „უვიზო რეჟიმი“ არ სჭირდებოდა, რათა ევროპაში „სასეირნოდ“ გამგზავრებულიყო: უბრალოდ მივიდოდა საელჩოში და აიღებდა 2 წლიან ვიზას.

ამგვარი „სანქციების“ დაწესებით გამოვა, რომ ქვეყანა სჯის არა მხოლოდ და არა იმდენად კრიმინალებს, არამედ  ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ადამიანებს! სჯის  იმათი კომფორტისთვის, ვისაც, თურმე,  ეზარება რამდენიმე საათი დახარჯოს სავიზო აპლიკაციის „ონლაინ“ შესავსებად, შემდეგ კი „ასწიოს ადგილი“, მივიდეს საელჩოში და აიღოს მრავალჯერადი ვიზა.

დღევანდელ ვითარებაში, როცა უმუშევრობა და გაჭირვება უდიდესი პრობლემაა, ასეთი „სანქციები“ იქნება საზარელი უსამართლობა, რაც ისედაც დანაწევრებულ სოციუმს კიდევ უფრო  მეტი ზიზღითა და ურთიერთსიძულვილით აღავსებს.

ამიტომაც, თუ სხვა გზა აღარ არის, ერთადერთი გამოსავალი ისაა,  ევროკავშირმა დატოვოს „უვიზო რეჟიმი“, რაც ჩვენი ქვეყნის ერთადერთი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია პროდასავლური პოლიტიკის 30 წლიან, სისხლიან, უმძიმეს გზაზე, მაგრამ სჯობს შემოიღონ „წინასწარი ელექტრონული რეგისტრაციის“ წესი, რის შესახებაც უკვე იყო საუბარი.

ეს, ფაქტიურად, შერბილებული სავიზო რეჟიმია, ოღონდ „ლაით-ვიზაა“, როდესაც ადამიანი ელექტრონულად ავსებს ფორმას და აგზავნის წინასწარ ყველა საჭირო საბუთს- სამსახურიდან  ცნობის  და საბანკო შემოსავლების შესახებ, რასაც მანამდე საკონსულოში აბარებდა. პასუხი ევროპიდან მოდის 48 საათის განმავლობაში და ეს პასუხი სრულიად შესაძლებელია უარყოფითიც იყოს.

როგორც ჩანს, ამ წესის შემოღება უკვე გარდაუვალია და ყველა მხარისთვის იგი შესაძლოა  „ცუდი“, თუმცა „უარესზე -  უკეთესი“ გამოსავალი იყოს; როგორც ძალიან ხშირად ხდება პოლიტიკაში, სადაც მუდმივი არჩევანია „ცუდსა და უარესს“ შორის.

 

ნიკა იმნაიშვილი   ,,ჯი-ეიჩ-ენი"  ათენი-თბილისი




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%