თარიღი    დრო

რა შემთხვევაში განალაგებს ამერიკა სამხედრო ბაზებს საქართველოში?

საქართველო, თბილისი - 11:39 01.21.2018 5732

კითხვა სულაც არ არის უადგილო და უდროო. „უდროოდ“ მხოლოდ მას მოეჩვენება, ვინც არ ადევნებს თვალს, რა ხდება საქართველოს სამეზობლოში - ჩვენი ქვეყნის საზღვრიდან სულ რაღაც 200-300 კილომეტრის მოშორებით.

მართალია NDI-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა რაღაც უცნაურად „ზომავს“  მოსახლეობის შეხედულებას იმაზე, „ამერიკა მოერევა თუ რუსეთი“, მაგრამ ეს კაპიტულანტური განწყობა (დიდი უმრავლესობა ეთანხმება აშკარა სისულელეს, თითქოს სამხედრო თვალსაზრისით „რუსეთი ამერიკაზე მაგარია“) არ უნდა გვიშლიდეს ხელს, თეორიული „მოდელირების მეთოდით“ (ოღონდ ფაქტებზე დაყრდნობით) ვიმსჯელოთ იმაზე, რაც „სრულიად შეუძლებლადაა“ მიჩნეული და რაც სინამდვილეში ა(ღა)რც ისეთი ფანტასტიკაა, როგორც ჯერ კიდევ მცირე ხნის წინ ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, იმ „დიდი პასეანსის“ გაშლამდე, რაც 2014 წლიდან „დალაგდა“ სირიის არაბულ რესპუბლიკაში.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხშირად ისმის კითხვა: „რატომ არ განვითარდა სირიაში მოვლენები ისე და იმგვარად, როგორც ეგვიპტეში ან ლიბიაში?“. პასუხი ერთმნიშვნელოვანია: იმიტომ, რომ სირიის სამოქალაქო ომმა, რომელმაც იმთავითვე, „ალავიტური“ ტირანიის  წინააღმდეგ ამბოხის სახე შეიძინა, დროთა განმავლობაში ჩაითრია ერთდროულად რამდენიმე რეგიონული ზესახელმწიფო (რუსეთი, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ისრაელი) და ერთადერთი გლობალური ზესახელმწიფოს (ამერიკის) ინტერესებსაც შეეხო ბევრად არსებითად, ვიდრე ომი აფრიკის ჩრდილოეთში.

არც ლიბიაში და არც ეგვიპტეში „დიდი მოთამაშეების“ ინტერესთა ასეთი „ჯახი“ არ ყოფილა! სირია (იმათგან განსხვავებით) პოლიეთნიკური წარმონაქმნია. ეს მრავალფეროვნება რეგიონულმა აქტორებმა გამოიყენეს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. რუსეთმა და ირანმა ბაშარ ალ ასადის რეჟიმს დაუჭირეს მხარი; საუდის არაბეთმა - სუნიტურ ოპოზიციას; ამერიკა ტრადიციულად (ჯერ კიდევ ერაყის კამპანიდიან დაწყებული) იცავს ქურთულ  უმცირესობას, რაც ძალიან არ მოსწონს თურქეთს.

სწორედ ამ წინააღმდეგობაში იქსოვება ის „ნასკვი“, რომლის გადაჭრის მცდელობამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ვითარება რეგიონში და იმოქმედოს არა მხოლოდ უშუალოდ სირიაზე, არამედ „ჩაითრიოს“ (კარგი და, ჩვენთვის, ამჯერად, სასარგებლო გაგებით) სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველო

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საქმე ის გახლავთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, როგორც ჩანს, უკვე საბოლოოდ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, სამხედრო ძალით დაიკავოს ან, როგორც მინიმუმ, მძლავრად შეუტიოს ქურთებით დასახლებულ რეგიონს სირიის მოსაზღვრე რაიონებში.

21 იანვარს, დილით, თურქეთის არმიის (სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესია რეგიონში - ავტ.) რამდენიმე ქვედანაყოფმა უკვე გადალახა კიდეც სირიის საზღვარი. აქტიურად მოქმედებს ავიაციაც: საჰაერო შტურმში ერთდროულად  72 თურქული ბომბდამშენი მონაწილეობდა. ეს ძალიან დიდი ოდენობაა. მაგალითის დასახელებაც კი გაჭირდება, როდისღა მონაწილეობდა საავიაციო დარტყმებში ერთდროულად (!) ამ ოდენობის თვითმფრინავი ერაყის ომის დასრულების შემდეგ.

დარტყმის მთავარი ობიექტი, მთავარი სამიზნე ქალაქი აფრინია, სადაც ბოლო მომენტამდე რუსული სამხედრო კონტინგენტიც იდგა, მაგრამ რუსებმა უკანასკნელ მომენტში დაიხიეს და ეს კონტინგენტი აფრინიდან გაიყვანეს.

მოსკოვის ინტერესს სირიის ჩრდილო რაიონების მიმართ ის განაპირობებს, რომ სწორედ ამ რაიონებიდან ესხმიან ხოლმე ყველაზე ხშირად თავს რუსულ კონტინგენტს. ამას წინათ ბაშარ ალ ასადის მოწინააღმდეგეებმა სერიოზული იერიშიც მიიტანეს (თანაც ორჯერ) რუსულ სამხედრო აეროდრომზე „ჰმენინში“ და რამდენიმე უახლესი თვითმფრინავი გაანადგურეს.

ყველაზე მთავარი ამ „კვანძში“ ის ნარატივია, რასაც  ერდოღანი ავითარებს ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ფაქტიურად, პირდაპირ ეუბნება, რომ არ გამორიცხავს სამხედრო შეტაკებასაც კი, თუ ამერიკა შეეცდება „აღკვეთოს“ ოპერაცია „ზეთისხილი რტო“ - სირიის ამ რაიონებში „ქურთი ტერორისტების“ წინააღმდეგ.

აქვე უნდა ითქვას, რომ თურქეთს უკვე მრავალი ათეული წელია (კვიპროსის გახლეჩის შემდეგ) ამ მასშტაბის საგარეო სამხედრო ოპერაცია არ განუხორციელებია. ერდოღანისთვის კი, ვინც თურქეთის ავტოკრატ მმართველად ყალიბდება,  ეს საერთოდ პირველი ამ მასშტაბის აქციაა მისი მოღვაწეობის განმავლობაში; ამიტომ აქ უკან დახევა ან მარცხი მისი მმართველობის დასასრულიც იქნება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორეს მხრივ, ამერიკასაც არ შეუძლია „შორიდან უყუროს“ ქურთისტანის განადგურებას, რაც ვაშინგტონსა და ანკარას შორის წინააღმდეგობას კიდევ უფრო გააღრმავებს. თანაც ამ დაპირისპირებას სისტემური მიზეზები აქვს, რაც პოლიტიკაში ბევრის მომასწავებელია ყოველთვის:

ერთი სისტემური მიზეზი ქურთული პრობლემაა, სადაც არც ერთ მხარეს არ ძალუძს უკან დახევა ძალიან სერიოზული „იმიჯური“ და „პოლიტიკური“ დანაკარგის გარეშე; ხოლო მეორე სისტემური მიზეზია აბსოლუტური შეუთავსებლობა ერდოღანის საერთონაციონალურ  „პროექტსა“ და თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის მემკვიდრეობას შორის.

დღემდე ამერიკა-თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეობა სწორედ ამ მემკვიდრეობას ეფუძნებოდა: ათათურქის პროექტი საერო სახელმწიფოს მშენებლობას გულისხმობდა, ერდოღანის პროექტი კი „ლბილი ისლამიზმის“ გამოვლინებაა. თუმცა ეს „სილბილე“ რომ თვისებრივად სახიფათოა, თანაც ავტორიტარიზმის გარეშე უბრალოდ ვერ განხორციელდება, ვაშინგტონელმა სტრატეგოსებმა კარგად იციან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამრიგად, ურთიერთობის შემდგომი გამწვავება უბრალოდ გარდაუვალია - სისტემურ მიზეზებს არაფერი ეშველება. შესაბამისად, სრულიად აუცილებელი საფრთხე ემუქრება არა უბრალოდ პარტნიორობას, არამედ ამერიკის სამხედრო „ყოფნასაც“ თურქეთის ტერიტორიაზე. აბა როგორ წარმოგიდგენიათ, ვაშინგტონმა „ზეთისხილის რტოს“ ჩაშლა გადაწყვიტოს, მაგალითად ქურთულ რაზმებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მიაწოდოს და ეს ყოველივე ერდოღანმა „გადაყლაპოს“?

შარშანწინ, სამხედრო გადატრიალების მცდელობისას, პრეზიდენტის ერთგულმა ნაწილებმა „ინჯირლიყის“ ამერიკულ ბაზას ალყაც კი შემოარტყეს მთელი 12 საათის განმავლობაში. ეს ბაზა ფორმალურად NATO-ს ობიექტია, მაგრამ სინამდვილეში, ამერიკული ბაზაა მისი პოტენციალით, ანუ ამერიკის „საყრდენია“ მთელს რეგიონში, რომელსაც იგივე ამერიკელი სტრატეგოსები „დიდ ახლო აღმოსავლეთს“ უწოდებენ და ამერიკისთვის, ასევე მისი მოკავშირე ისრაელისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მით უმეტეს ენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, მაგრამ არა მხოლოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სწორედ აქ ვუახლოვდებით ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს. ამერიკას ყატარშიც აქვს სამხედრო ბაზები და ქუვეიტშიც, მაგრამ სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, ისინი რეგიონის ჩრდილოეთში მდებარე ინჯირლიყის ბაზას ვერ შეედრებიან და ვერც „ჩაანაცვლებენ“. ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებული „მეექვსე ფლოტი“ რომ საკმარისი ყოფილიყო,  მაშინ „ინჯირლიყის ბაზა“ საერთოდ არ იარსებებდა.

ავიღოთ ჯორჯ ბუშ-უმცროსის სიტყვა 2005 წლის 10 მაისს, თბილისის „თავისუფლების მოედანზე“. მაშინ ბევრი ელოდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ილაპარაკებდა. რეალურად კი, სწორედ „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ გეოპოლიტიკურ დისკურსში განიხილა საქართველო და ნუ შეგვიყვანს შეცდომაში ის გარემოება, რომ 2005 წლის  „სფიჩში“  საქართველო „ხავერდოვან რევოლუციათა“ ექსპორტიორად ანუ ერთგვარ „მაგალითად“ განიხილებოდა მხოლოდ. მთავარი ეს „გამოყენებითი ფუნქცია“ კი არ არის, არამედ ის გარემოებაა, რომ ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიას „დიდი აღმოსავლეთის რეგიონის“ ნაწილად აღიქვამდა და ეს აღქმა მას შემდეგ არ შეცვლილა. პირიქით, სირიის ომმა იგი მხოლოდ გააძლიერა.

და რაკი ასეა, ამერიკას აუცილებლად დასჭირდება „საპირწონე“ ამავე რეგიონში და სულაც არ არის გამორიცხული, ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობათა შემდგომი სისტემური დაძაბვის შედეგად ეს საპირწონე საქართველო გახდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვისთვისაც ეს ჰიპოთეზა მხოლოდ „ფანტასტიკაა“ და ვინც  კვლავ მისდევს ინტელექტუალურად „დაჟანგულ“ დისკურსს, რომ „მოსკოვი ამას არ დაუშვებს ყველაფერზე წავა“, გაითვალისწინოს კარდინალური სხვაობა სამხედრო-სტრატეგიულ ძალთა განლაგებაში 2008 წლამდე და 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ:

2008 წლის 12 აგვისტოს ჩამოყალიბდა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რაც აისახა „სარკოზი მედვედევის“ შეთანხმებაში. დავაკვირდეთ ნიშანდობლივ ფაქტს: გასულ წელს, როდესაც ამერიკამ საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური სამხედრო წვრთნა მოაწყო, ფოთიდან - თბილისამდე სამხედრო ტექნიკა დემონსტრაციულად გამოატარა სრული სამხედრო აღჭურვილობით და შესაბამისად ეკიპირებული სამხედრო მოსამსახურეების თანხლებით, მოსკოვმა პროტესტი კი განაცხადა მაგრამ..... „სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევა (!) არ უხსენებია“. იმიტომ, რომ ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ ეწინააღმდეგება ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების განლაგებას, ვთქვათ, ვაზიანში,  გორში ან ზუგდიდში.

ვიცე-პრეზიდენტ პენსის იმავე ვიზიტის დროს, დავუშვათ, ამ სამხედრო კოლონების მოძრაობისა და თბილისში (ან გორში) შეჩერებისას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან თუ პრეზიდენტ მარგველაშვილთან ხელი რომ მოეწერა შეთანხმებისთვის „ბაზების“ თაობაზე, რას მოიმოქმედებდა მოსკოვი ან მისი საოკუპაციო კონტინგენტი? ვერაფერს!

„ნახავ რასაც იზამსო“......... ვერაფერსაც ვერ იზამს, თუ ამერიკამ მართლა გადაწყვიტა, თურქეთის ნაცვლად საქართველო აქციოს რეგიონში თავის დასაყრდენად. ვერც საქართველოს ქალაქების დაბომბვას გაბედავს, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდება და ვერც თბილისი-ფოთის ავტომაგისტრალის გადაკეტვას, როგორც შარშან ვერ გადაკეტა - ამერიკული სამხედრო კოლონის მოძრაობისას

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველო ამით აღიარებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ან აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ამას არავინ გვაძალებს რუსეთის გარდა. რუსეთმა ისედაც აღიარა, ხოლო ამერიკა არ აპირებს.

ესე იგი „არაღიარების“ პოლიტიკას ეს არათუ დააზიანებს, არამედ განამტკიცებს. „დე-ფაქტო“ კი ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთი ისედაც  აკონტროლებს.

„ ოსეთს“ დე იურე შემოიერთებს და ჩრდილო ოსეთს მიუერთებს?. და დღეს დე-ფაქტო ისედაც მიერთებული არა აქვს?

დაეთანხმება თუ არა „პრორუსი მილიარდერი“ ამერიკის წინადადებას, თუ წარმოვიდგენთ საოცნებოს, რომ ეს წინადადება მართლა მოვა თბილისში? დიახაც, დაეთახმება მეორე წამსვე (თუკი ექნება გარანტია, რომ რუსეთი ვერაფერს გაბედავს), რადგან ბიძინა, მასზე გავრცელებული ბრიყვული სტერეოტიპებისა და პოლიტიკური ინვექტივების მიუხედავად, სინამდვილეში ამერიკაზე ბევრად მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე რუსეთზე და „შვეიცარიულმა“ სკანდალმა ეს მხოლოდ დაადასტურა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოვლენათა ამგვარი განვითარება მთლად „ზღაპარი“ და „სიზმარიც“ რომ აღარ არის, ამას ადასტურებს  ამერიკული „ჯაველინების“ გადმოცემა ისევე, რაც ფრანგული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები.

აქვე, ძალიან „ფრთხილად“ შევნიშნავ, რომ პირველიც და მეორეც სწორედ „სარკოზი-მედევდევის“ შეთანხმებამ აქცია რეალურად. 2008 წლამდე აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა. კიდევ უმეტეს: სწორედ 2008 წლის რუსულმა აგრესიამ მისდაუნებურად „ჩახსნა“ ის ჯაჭვები, რაც საქართველოს „რუსულ სამყაროსთან“ აკავშირებდა.

„ამერიკულ ფარს მიღმა“ კი, საქართველოს  ექნება გარანტია, რომ აგრესიული ოსური ნაციონალიზმი ვერ გაბედავს „კოკოითის პროექტის“ განხორციელებას და თრუსოს ხეობის, ასევე ყაზბეგის რაიონის დაპყრობას, რის შესახებაც ამ ცოფიანმა ანტიქართველმა  არაერთგზის განაცხადა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს ყოველივე , რასაკვირველია „მოდელირებაა“, მაგრამ არც ისე ფანტასტიური და უსაგნო, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო. ბისმარკი ამბობდა: პოლიტიკაში „მთავარი არა განზრახვა, არამედ პოტენციალია“.

გერმანიის მეორე დიდმა კანცლერმა, კონრად ადენაუერმა კი ასე უპასუხა ლავრენტი ბერიას წინადადებას (1953წლის აპრილში): „გერმანიას გაგიერთიანებთ, ოღონდ სსრკ  სატელიტი თუ იქნებითო“: სჯობს ნახევარი გერმანია მთლიანად, ვიდრე მთელი გერმანია სანახევროდ“!

ეს გენიალური სიტყვები გერმანიის გაერთიანებამდე 36 წლით ადრე ითქვა.

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sporti

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.8%