თარიღი    დრო

რაზე მეტყველებს პოროშენკოს „პატაკი?“

საქართველო, თბილისი - 10:46 01.15.2018 1913

უკრაინაში დიდი აურზაური გამოიწვია „რუსთავი-2-ის“ „ინსაიდმა“ ამჟამინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სამარცხვინო წერილის თაობაზე, რომელიც 2007 წლით თარიღდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოპერატიულად (თუმცა ძალზე არადამაჯერებლად) უარყო და „პროვოკაციული ფეიკი“ უწოდა; აგრეთვე, მედია-რესურსებს მოუწოდა: ამგვარი „ფეიკ-ნიუსის“ გავრცელებით თავს ნუ შეირცხვენთო.

„რუსთავის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი (დედნის ფოტოასლი) ტელეკომპანიას „კონფიდენციალურმა სარწმუნო წყარომ“ მიაწოდა.

 ბუნებრივია, გაჩნდა ვერსია, რომ ქართველ ჟურნალისტებს შესაძლოა არც სცოდნოდათ, კონკრეტულად ვინ „გამოუგზავნათ“ სენსაციური „კომპრომატი“, მაგრამ ტელეკომპანიის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ, ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი დაზუსტება გააჟღერა კვირას, საღამოს ეთერში: რომ ეს არა მხოლოდ კონფიდენციალური, არამედ „იდენტიფიცირებული“ წყაროა. მაშასადამე, ტელეკომპანიამ იცის, ვინ არის  „ინსაიდერი“, რომელმაც „ექსკლუზივი“ მიაწოდათ.

რაც შეეხება უარყოფას, ჯერ-ჯერობით ერთადერთი „არგუმენტი“ ისაა, რომ პოროშენკოს უფროსი ვაჟი მხოლოდ 2013 წელს დაქორწინდა ამჟამინდელ მეუღლეზე, ამიტომ, 2007 წელს, პოროშენკო, თითქოს, ვერანაირად ვერ დაწერდა პატაკში „მოყვრების მოსანახულებლად ჩამოვედიო“. მაგრამ ამ „კონტრარგუმენტის“ ავტორები „რატომღაც“ უგულებელყოფენ, რომ პოროშენკო-უმცროსი უკვე იმყოფებოდა იმ დროს არაოფიციალურ ქორწინებაში მომავალ მეუღლესთან, ვინც სწორედ სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა მშობლებთან (ინციდენტი „პიტერ“-ის აეროპორტში მოხდა), ხოლო აეროპორტში „დაყოვნებულ“ პოროშენკოს სულაც შეიძლებოდა ეცრუა, რათა შეეშვათ რუსეთში - „სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე“ დასასწრებად, სადაც ინვესტორები ელოდნენ.

შეგახსენებთ:  ეს ის დროა (2007წ), როდესაც პეტრო პოროშენკო ჯერ კიდევ მხოლოდ „აშენებდა“ თავის ბიზნეს-იმპერიას; რუსული ბაზრის, აგრეთვე რუსეთში მდებარე საწარმოების გარეშე, მისი მცდელობა სრულებით წარუმატებელი იქნებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ქორწინების თარიღი“ აშკარად „ფეიკური“ და „თითიდან გამოწოვილი“ მტკიცებულებაა გაყალბებისა, როცა არსებობს ბევრად უფრო სარწმუნო მეთოდი: გრაფოლოგიური ექსპერტიზა. თვით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რომ ასეთ ექსპერტიზას არ ჩაატარებს - ცხადია.  იმ შემთხვევაშიც კი არ ჩაატარებდა, თუ დოკუმენტი მართლა გაყალბებულია, რადგან „თავის გაყადრებად“ აღიქმებოდა. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ხომ უმარავი მომხრე თუ „ფოლოუერი“ ჰყავს იმავე უკრაინულ მედია-თანამეგობრობაში და პოლიტიკურ წრეებში? ამაზე იოლი რა არის - დაიქირავონ რომელიმე შვეიცარიული, სანდო,  რესპექტაბელური საექსპერტო სააგენტო (შვეიცარია ასეთი „ლაბორატორიების“ ნავსაყუდელია) და  ჩაატარონ გრაფოლოგიური ექსპერტიზა, რომლის ცდომილება დაახლოებით ისეთივე ალბათობისაა, როგორც „დნმ“ ანალიზის, ანუ თითქმის ნულის ტოლი - 99,999999999% ალბათობით!

ნიშანდობლივია, რომ ამგვარი ექსპერტიზის ჩატარებას უკრაინული ოპოზიციაც არ მოითხოვს. როგორც ჩანს, ეს „პატაკიც“ და მთელი ისტორიაც, უკრაინული პოლიტ-კულტურის იმდენად დელიკატურ თემებს ეხება, მათი გამომზეურება არავის „აწყობს“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა თქმა უნდა,  სრულიად ლეგიტიმური საკითხია, რომ ასეთი „პატაკები“ თუ „ახსნა-განმარტებითი წერილები“ ФСБ-ს ძალიან „ღრმა არქივებში“ ინახება და მათი ფოტო-კოპიო, ქართული მედიარესურსის ხელში, მხოლოდ იმავე სპეცსამსახურის ინიციატივით შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. და რომ პუტინის სპეცსამსახურები  ცდილობენ, ერთის მხრივ, პოროშენკოს შემდგომ დასუსტებას მისი დისკრედიტაციის მეთოდით და, იმავდროულად, ზუსტად იმ მედია-რესურსით აწყობთ კომპრომატის ტირაჟირება, რომელიც მიხეილ სააკაშვილთანაა ახლოს.

ამით „ლუბიანკაზე“ ერთდროულად რამდენიმე „კურდღლის“ დაჭერას აპირებენ. მაგრამ რა მოტივიც არ უნდა ჰქონოდა ФСБ-ს, ეს აბსოლუტურად არ ეხება დისკურსს, რომლის არსი რუსული სპეცსამსახურის მოტივაცია კი არა, გამოქვეყნებული დოკუმენტის ნამდვილობაა! თუ დოკუმენტი აუთენტურია და არა გაყალბებული, მაშინ მედია ყველგან, ყოველთვის მოქმედებს პრინციპით: სიმართლე არ შეიძლება იყოს შეურაცხყოფა, ხოლო ფაქტი (თავისთავად) არ შეიძლება იყოს პროვოკაცია. მით უმეტეს, რაიმე ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა.

ლეგიტიმურია კითხვა: ამავე ტელეკომპანიას ხელში რომ ჩავარდნოდა (თეორიულად დავუშვათ) რაიმე დოკუმენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, მაინც თუ გამოაქვეყნებდა? შესაძლოა არც გამოექვეყნებინა, მაგრამ ეს მხოლოდ მის ტენდენციურობაზე „იმეტყველებდა“. ტენდენციურობა კი სრულიად თავსდება „ჟურნალისტურ სტანდარტში“, თუკი საუბარია არა ფაქტის გაყალბებაზე, არამედ მის გაშუქება-არგაშუქებაზე. და ესეც ვერაფერს ცვლის პოროშენკოს „რაპორტის“ თემაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი შეხედვით, პოროშენკოს......„განცხადებაში“ განსაკუთრებით საგანგაშო არც არაფერია: ეს ჯერ კიდევ არ არის „დავერბოვკების“ წერილი;  ავტორი ნამდვილად არ კისრულობს არანაირ „ვალდებულებას“, რომ ან ინფორმაციას მიაწვდის რუსულ ФСБ-ს, ან იმოქმედებს მომავალში მისი დავალებებით და ა.შ. მაგრამ რეალურად, გამოქვეყნებული  წერილი აბსოლუტური სიზუსტით აღწერს, რას წარმოადგენს პეტრო პოროშენკო არა მხოლოდ პიროვნულად და ადამიანურად, არამედ როგორც პოლიტიკური ფენომენი და თანამედროვე უკრაინული პოლიტ-ისტებლიშმენტის განსახიერება: სრული უპრინციპობა და უიდეობა!

„არაფერი მაქვს საერთო იუშჩენკოს ანტირუსულ პოლიტიკასთანო“,  ამის დამწერი, სინამდვილეში, იუშჩენკოს პოლიტიკას კი არ ემიჯნება, არამედ უკრაინის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეას! სხვა არაფერი განსაკუთრებით „ანტირუსული“ ვიქტორ იუშჩენკოს არ ჩაუდენია: პოროშენკოსგან განსხვავებით, უკრაინის მესამე პრეზიდენტი იდეალისტი იყო! აბსოლუტურად გამორიცხულია იუშჩენკოს რაიმე მსგავს ქაღალდზე მოეწერა ხელი ნებისმიერი მოტივით. ამიტომაც მოწამლეს.

რეალურად, როგორც სრულიად წარუმატებელი პოლიტიკოსი, იუშჩენკო ბევრად სუსტი გამოდგა არა მხოლოდ პოროშენკოზე, არამედ მის წინამორბედ კუჩმასა და თვით კრავჩუკზე, მაგრამ მათგან სწორედაც „იდეალიზმი“ განასხვავებდა: იუშჩენკო იყო ავტორი „გოლოდომორის“ ქცევისა უკრაინული პოლიტნარატივის საკვანძო თემად!

იუშჩენკო განსაკუთრებით სძულდათ კრემლში არა იმიტომ, სინამდვილეში, რომ NATO-ში გაწევრების სურვილი გამოთქვა, ან საქართველოს საზენიტო დანადგარები მიაწოდა (ძალიან კარგად იმუშავეს 2008 წლის ომის დროს), ან სტეპან ბანდერას მოუხსნა „ჰიტლერისტის“ სრულიად ყალბი იარლიყი, არამედ სწორედ „გოლოდომორის“, ესე იგი უკრაინელი ერის შიმშილით მიზანმიმართულად განადგურების თემის წამოწევისთვის.

„გოლოდომორის აღიარება და დაგმობა“ იუშჩენკოს დროს იქცა უკრაინის სამოქალაქო ერის (Nation) „შემკრებ“ ღირებულებად, რასაც თვით პრორუსული „რეგიონთა პარტიაც“ ვერ აყენებდა ეჭვქვეშ. ანუ, ის პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი (უცნაურია, თუმცა ფაქტია) პეტრო პოროშენკოც იყო.

მაშასადამე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მთელს ამ ისტორიაში სწორედ ისაა, თუ როგორ და რატომ მოხვდა უკრაინის სათავეში, „მეორე მაიდნის“ შედეგად, აბსოლუტურად უიდეო, „უღირებულებო“ კონფორმისტთა ჯგუფი. თორემ ეს ჯგუფი რომ ვერანაირ „პროდასავლურ კურსს“, სინამდვილეში, ვერ გაატარებს და ყველა სხვა რეალურ (!) ალტერნატივას შორის მოსკოვისთვის ყველაზე მეტად მისაღებია - ეჭვს საერთოდ აღარ იწვევს. ვგულისხმობ რეალურ ალტერნატივებს, თორემ მასე პუტინს უკრაინის სათავეში მთლად დონეცკელი კომბატანტი ზახარჩენკო ენდომებოდა.

„პატაკის“ გამოქვეყნებით, მოსკოვი მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის  შემდგომ დასუსტებას ისახავს მიზნად იმ გათვლით, რომ პოროშენკო კიდევ უფრო მეტად და იოლად სამართავი იქნება, ხოლო უკრაინელ „იდეალისტებს“ უბრალოდ არ ეყოფათ რესურსი „ღირებულებითი ალტერნატივა“ შექმნან.

 

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3.1%