ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ ადამიანებმა არ მოწიონ სიგარეტი, არის ადამიანების დასაქმება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
ბობოხიძემ თამბაქოზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით აკაკი ზოიძის ნათქვამი დაიწუნა და აღნიშნა, რომ თუ ადამიანი მუშაობს ბანკში, ის ვერ ეწევა იქამდე, სანამ შესვენება არ ექნება. მისივე თქმით, უმუშევარ ადამიანს კი, პრაქტიკულად, ჩვევად ექცა ხელში მუდმივად ეჭიროს სიგარეტი.
„ბატონმა აკაკი ზოიძემ საოცარი რამე თქვა, რომ თურმე კარგია თამბაქოზე აქციზისის გაზრდა იმიტომ, რომ ამით ვინმეს სიცოცხლეს გადავარჩენთ. შორიდან შესაძლოა ასე ჩანს. მე უფრო მარტივ მაგალითს გეტყვით: თუ ადამიანი მუშაობს ბანკში, ის ვერ ეწევა იქამდე, სანამ შესვენება არ ექნება. უმუშევარ ადამიანს კი, პრაქტიკულად, ჩვევად ექცა ხელში მუდმივად ეჭიროს სიგარეტი. ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ ადამიანებმა არ მოწიონ სიგარეტი, არის ადამიანების დასაქმება. იმ ქვეყანაში, სადაც არის სიღარიბე, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი უფრო მაღალია. თქვენ ამბობთ, რომ თურმე ადამიანის ჯანმრთელობას უფრთხილდებით, მაგრამ აქციზი გაზარდეთ ფილტრიან სიგარეტზე და ის ადამიანები, ვინც ვერ წვდებიან ფილტრიანი სიგარეტის ფასს, გადავიდნენ უფილტრო სიგარეტებზე ანუ უფრო მავნებელ სიგარეტებზე. რაც არ უნდა ფასი დაადოთ, გაზეთის ფურცელში გაახვევენ თამბაქოს და ისე მოწევენ. სინამდვილეში, ფასების მატების მიზანი არის, რომ უფრო მეტი ფული გინდათ ბიუჯეტში იმ დიდი მადის დასაკმაყოფილებლად, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოამჟღავნა. ბატონმა მამუკამ საერთოდ საოცარი რამ თქვა, რომ თურმე ეფექტი ბენზინზე ფასის მომატებით უკვე მივიღეთ, ადამიანები გადავიდნენ ელექტრომობილებზე. ამის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლებოდა“, - განაცხადა ბობოხიძემ.