ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებელი კომპანია მალე გახდება ცნობილი. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყო და დღეს 21 ნოემბერს დასრულდა.
„რამდენიმე წუთის წინ რეგიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტის მშენებლობის ელექტრონული ტენდერი დასრულდა. ტენდერი შედგა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპი,რომლის შემდეგაც გაირკვევა ვინ არის გამარჯვებული. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დაიწყება ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი- პროექტი, რომელსაც საზოგადოება ასეთი დიდი ინტერესით ელოდება“- განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.
ტენდერის პირობების მიხედვით, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 101 700 000 ლარს შეადგენს.
ტენდერი ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
სტადიონი ბუნებრივსაფარიანი იქნება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.
სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება არქიტექტურული მემბრანით.
იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.