აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ბარათელი დღეს საპყრობილეს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ გაავრცელა.
“ხვალ გიორგი ბარათელი გამოდის ციხიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიხარია?! ვწუხვარ, რომ აქამდე, მეტი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ ვპირდები მასაც და მთელ საქართველოს, რომ მხოლოდ, ტყვია გამაჩერებს. არადა, დრო ითხოვეს.
ჯანდაბას, მომიგდია სულ ცოტა ხანიც. მერე სად წამიხვალ, კოლმეურნობის თავმჯდომარევ, სად?! იმედი მაქვს, არ გგონია, რომ ყავლი გასდის, რის გამოქვეყნებასაც გიპირებ, შენ პიტალო კლდევ!”, - წერს შარაძე.
შეგახსენებთ, რომ გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. მისი მკვლელობის ბრალდებით გიორგი ბარათელს 26-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ბარათელმა თავდაპირველად დანაშაული აღიარა, მოგვიანებით კი, ჩვენება შეცვალა. შარაძის ოჯახი აცხადებს, რომ პროფესორი წინა ხელისუფლების დავალებით მოკლეს.