თარიღი    დრო

პატრიარქმა მითხრა, მამა გიორგი არ გამიბრაზოთ, მე ის ძალიან მიყვარსო - დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა

საქართველო, თბილისი - 15:50 10.31.2017 4394

„ვერ ვესაუბრები, ტირილის მეტს ვერაფერს ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ ქალს მეძახიან, თავს ვერ ვიკავებ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ, ქეთინო მაღლაკელიძემ.

როგორც დეკანოზის დედა აცხადებს, მისი შვილი მის პრინციპულ ხასიათს, მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის სიყვარულს შეეწირა.

__ ქალბატონო ქეთინო,  რას იტყვით მეუფე დიმიტრისა და თქვენი შვილის შეხვედრაზე?

_ ამ შეხვედრამ ძალიან გაგვახარა, რადგან მამაოსთვის მეუფე დიმიტრი უძვირფასესი ადამიანია. ის დაახლოებით, 20 წლის წინ, როცა მეუფე ქობულეთში, ტაძრის დღესასწაულებზე მობრძანდებოდა, მაშინ გაიცნო. სემინარიაში ჩაბარების შემდეგ კი, უკვე მეუფეს ძალიან დაუახლოვდა.  როცა მამაო სახლში იყო და მეუფე ურეკავდა, იცით რა ხდებოდა? წამოწოლილიც რომ ყოფილიყო, მაშინვე წამოხტებოდა. სულ ვეუბნებოდი, ხომ ვერ გხედავს, წევხარ თუ ზიხარ, რატომ დგები-მეთქი და გაბრაზებული შემომხედავდა ხოლმე.

__ მეუფის და მამაოს ასეთი ახლო ურთიერთობის ფონზე, ხომ არ გიკვირდათ ან გწყინდათ, რომ მთელი 9 თვის განმავლობაში, ის თქვენს შვილს არ ნახულობდა?

_  დედის პოზიციიდან გამომდინარე, ეს ფაქტი ჩემთვის ცოტა გაუგებარი კი იყო, თუმცა, ცივი გონებით რომ დავუფიქრდი, მეუფე მართალია. ის ძალიან ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი ადამიანია, ალბათ, ასე იყო საჭირო და ამიტომაც ნახა ჩემი შვილი ამდენი თვის შემდეგ. დედა ვარ და რა თქმა უნდა, ჩემი შვილის ამ მდგომარეობაში აღმოჩენა ჩემთვის სამყაროს დაქცევაა, მაგრამ მეუფე დიმიტრისთვისაც არ ყოფილა ეს ადვილი. ის მამაოსთან იმდენად ახლოს იყო, მისთვისაც ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი.

__ თქვენი აზრით, რას მოუტანს თქვენს შვილს მეუფე დიმიტრისთან შეხვედრა, იქონიებს თუ არა ეს ფაქტი საპატრიარქოზე, ან შემდეგ სასამართლო პროცესებზე გავლენას?

_ ეს შეხვედრა პირველ რიგში, ჩემი შვილის სულიერ მდგომარეობაზე იმოქმედებს დადებითად. მეუფე რომც არ დალაპარაკებოდა მამაოს და ისინი ერთმანეთს უბრალოდ შეხვედროდნენ, ჩემი შვილისთვის ესეც დიდი შვება იქნებოდა. მამაო 13 წლის იყო, როცა მოვნათლეთ. ეკლესია იმდენად მოეწონა, მაშინვე სტიქაროსნობა დაიწყო. მამაო თავისი ცხოვრებით, თავისი ბუნებით ყოველთვის გამორჩეული, პრინციპული და მართალი იყო. 

სკოლაში სწავლის პერიოდში მონასტერში წასვლაც კი უნდოდა, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ამასთან დაკავშირებით გვიკამათია კიდეც. ალბათ, მაშინდელმა მისმა გულისტკივილმა ახლა მიწია, ახლა დამსაჯა ალბათ ღმერთმა, რომ მაშინ მამაოს მონასტერში წასვლაში ხელი შევუშალე.

სკოლა, რომ დაამთავრა და მითხრა სასულიერო სემინარიაში ვაბარებო, ეს ჩემთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. ოღონდ მონასტერში წასვლა გადაეფიქრებინა და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. სულ ვეუბნებოდი, შენ ცოლი, შვილები უნდა გყავდეს-მეთქი.

__ რატომ მოინათლა მამაო საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკში?

_ ჯერ ნათლიას ვეძებდით, მერე მეორე შვილი მეყოლა, ვიფიქრეთ, ორივეს ერთად მოვნათლავდით, მერე მესამე გამიჩნდა, მერე მეოთხე და ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე, მიეწყო ყველაფერი ერთმანეთს და მოხდა ისე, რომ 13 წლის ასაკში მოვნათლეთ. მონათვლის დღიდან ეკლესიიდან  ვეღარ გამოვიყვანეთ.

__ დეკანოზი პატრიარქს როდის დაუახლოვდა?

_ დაახლოებით, 10 წელი იქნება, რაც პატრიარქთან ახლო ურთიერთობა აქვს. თუმცა, სტიქაროსნობის პერიოდში პატრიაქრთან გადაღებული ბევრი ფოტო ვნახეთ სახლში. მამაო ეკლესიაში ძალიან აქტიური, თვალშისაცემი იყო.  თუ რამეს ხელს მოჰკიდებდა, თავს შეაკლავდა, პირნათლად ასრულებდა ყველაფერს. შეიძლება ის ამითაც იყო გამორჩეული. როცა მამაო დიაკვნად აკურთხეს, მისი უკრაინაში გაგზავნის საკითხზე პატრიარქთან მეუფემ დიმიტრიმ უშუამდგომლა.

მამაოს უმცროსი შვილი საპატრიაქროში მოვნათლეთ. როცა მამაომ პატრიარქს ჩემი თავი გააცნო, პატრიარქი მომიბრუნდა და მკითხა, მამა გიორგის ხომ არ მიბრაზებთო. დავაპირე მეთქვა, კი, გვაბრაზებს ხოლმე, მაგრამ მამაომ დამასწრო, არა, თქვენო უწმინდესობავ, მე არ ვაბრაზებ, ისინი მაბრაზებენო. პატრიარქი მომიბრუნდა და მითხრა, მამა გიორგი, არ გამიბრაზოთ, მე ის ძალიან მიყვარს, ის ისეთი კარგი ადამიანია, მისი გაბრაზება არ შეიძლებაო.

მამაო პატრიარქს ძალიან უფრთხილდებოდა. პატრიარქი დასასვენებლად ქობულეთში რომ ჩამოდიოდა, მამაოს ვეუბნებოდი, ამდენი ადამიანი მიდის მასთან დასალოცად, წაიყვანე შენი შვილებიც-მეთქი. არა, პატრაიარქის ასე წამდაუწუმ შეწუხება არ შეიძლებაო, მეუბნებოდა.  მასზე გიჟდებოდა, ერთი სული ჰქონდა ხოლმე, მასთან როდის გაქანდებოდა.

__ იცოდით, რომ თქვენი შვილი პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირი იყო?

_ ამ დოზით თუ იყო, არ ვიცოდი.  3 წლის წინ, ქონების მართვის ხელმძღვანელად რომ დაინიშნა, აქედან გამომდინარე, ვხვდებოდი, რომ ის პატრიარქის მხრიდან ნდობით სარგებლობდა. პატრიარქი ქობულეთში რომ ჩამოდიოდა, დაცვის ბიჭები ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ, ხშირად მომისმენია როგორ ეკითხებოდნენ, ყველა აქ რომ ხართ, პატრიარქის დატოვება შეიძლებაო? მამალაძე იქ არის და რა გვაშინებსო, იტყოდნენ ხოლმე.

__ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი შვილი პატრიარქის მკვლელობას ამზადებდა და სწორედ ამის გამო დააკავეს ის. როგორი იყო ამ დროს თქვენი რეაქცია?

_ ჩემთვის ყველაზე დიდი ტრავმა მისი დაკავება იყო, ეს მეხის გავარდნას ჰგავდა, მაგრამ პატრიარქის მკვლელობის მომზადებისთვის მისი დაკავება ჩემთვის იმ წამიდანვე დაუჯერებელი იყო. მას შეიძლებოდა მთელი ოჯახი გავემეტებინეთ, მაგრამ მეუფის ან პატრიარქის ბეწვის ჩამოვარდნასაც კი არ დაუშვებდა. ვერასდროს დავიჯერებ რომ მამაომ ეს არათუ დაგეგმა, გაიფიქრა კიდეც!

__ მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დასდო. ამაზე რას იტყვით?

_ რა სისულელეა! მამაო ვინმეს მოკვლას ამზადებდა კი არა, 34 წლის არის და კიტრის გასათლელად დანას ვერ იკავებს ხელში. რაღაც ხომ უნდა მოიგონონ?

__ თქვენი აზრით, რას ან ვის შეეწირა თქვენი შვილი?

_ ეს რომ ვიცოდე! პრინციპული, მართალი ადამიანი იყო და უკან არაფერზე იხევდა. მას მთელი სულით და გულით უყვარდა მეუფე და პატრიარქი.

__ თქვენი აზრით, ვის აწყობდა ეს ყველაფერი?

_ არ ვიცი და არც ღრმად ვარ ჩახედული ვინ ვის ებრძვის, ვინ ვის უპირისპირდება. ჩემი შვილი ბოროტ, ცუდ ადამიანებს, ვისაც ეკლესიის წინსვლა არ აწყობს,  მათ შეეწირა. მეუფის თქმის არ იყოს, „არა არს დამალული, რაც არ გაცხადდეს“, თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ალბათ, ყველაფერი გაცხადდება და ჩემი შვილი ასე არ დაიღუპება.

__ რა იცით შორენა თეთრუაშვილის და თქვენი შვილის ურთიერთობის შესახებ?

_მის თავს გეფიცებით, მათი ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცი. საერთოდ, მამაო მისი საქმეების შესახებ სახლში არასდროს საუბრობდა. მე კი არა, მე მგონი, ბევრმა არ იცოდა საპატრიაქროში თუ ასეთი რაღაცები ხდებოდა. ერთი ფაქტი  შემიძლია გავიხსენო. თუ არ ვცდები, შარშან, მამაომ დამირეკა და ქობულეთში ერთ-ერთი ექიმბაშის ნომერი მთხოვა, საპტარიარქოს მდივანს ფეხები სტკივა და ექიმთან უნდა წავიყვანოო.  იმ ექიმბაშთან დავაკავშირე და წაიყვანა თუ არა, არ ვიცი.

 __ როგორ ფიქრობთ, პატრიარქი დეკანოზს სათანადოდ დაუდგა გვერდით? მათი ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, ხომ არ ელოდით, რომ თქვენს შვილს უფრო მეტ მხარდაჭერას გამოუცხადებდა?

_ ამ ყველაფერზე ცოტა სხვანაირი შეხედულება მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ საპატრიაქროში ვიყავი და დავინახე ვინ როგორი სახით იყურებოდა, მაგრამ ამის საუბრისგან თავს შევიკავებ. პატრიარქმა დეკანოზთან დაკავშირებით გერამანიიდან რაც თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეუფე დიმიტრიმაც ბრძანა, რომ პატრიარქს ამ ყველაფრის არ სჯერა. ვიღაც-ვიღაცეების ინტერვიუებიდან ჩანს, რომ პატრიარქს ალბათ, ხელი შეუშალეს რომ მამაოს შეხვედროდა.

__ რამდენად უსიამოვნო იყო თქვენთვის იმ ჩანაწერის მოსმენა, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა?

_ იმ დღეს წნევამ 200-ზე ამიწია, „მარილზე გაშვებამ“ და ა.შ. იმ დღის შემდეგ ბევრს ვფიქრობ, მამაოსთვის შეუფერებელი უწმაწური სიტყვები რა თქვა დეკანოზმა? ერთხელ ახსენა შობელძაღლო. 

__ რას გვეტყვით ირაკლი მამალაძეზე, ვინ არის ეს ადამიანი თქვენი ოჯახისთვის?

_ მოგეხსენებათ, აჭარაში ვცხოვრობთ, აქ კი მამალაძეები მხოლოდ ჩვენ ვართ. მამაო რომ წამოიზარდა, მამალაძეების ძებნა დაიწყო. ასე იპოვა ირაკლიც და აღმოჩნდა, რომ ნათესავები არიან. მისი ხსენებაც არ მინდა, საზიზღარი ადამიანია, სულით, გულით, ხორცით.

__ რატომ ჰქონდა თქვენს შვილს მასთან ახლო ურთიერთობა?

_ ვერ გეტყვით. მამაოს მეგობრები ჩვენთან ხშირად დადიან და ამბობენ კიდეც, მამაოს სულ ვეუბნებოდით, არ ჩანს ის კარგი ადამიანიო, მაგრამ სულ იცავდა, ასეთ ადამიანს ხელი კი არ უნდა ვკრათ, გვერდით უნდა დავუდგეთო.

__ რა სახის ბიზნესები ჰქონდა თქვენს შვილს? მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ის ინფორმირებული არ იყო და რაღაც ნაბიჯები დეკანოზმა მასთან შეუთანხმებლად გადადგა.                                                                                            

_ მამაოს არასდროს ჰქონია ბიზნესი. 17 წლის წინ გაკეთებული ბენზინგასამართი სადგური გვაქვს, რომლის გაკეთებაშიც მამაოს ერთი თეთრიც კი არ მიუძღვის. ყველაფერი ჩემი და მამამის აშენებულია. ეს სახლიც ბებიის აშენებულია...  დეკანოზს ორი ძმა ჰყავს, სულ ვეუბნებოდი, ამდენი ნაცნობი გყავს, მაღაზია მაინც გაუკეთე-მეთქი და უარს ამბობდა, ვერავის დავარწმუნებ რომ ამ ყველაფრის უკან მე არ ვდგავარ, საჭმელ-სასმელი გაქვთ, ამის იქით ნურაფერზე ოცნებობთო, მეუბნებოდა ხოლმე.

__ როგორ მდგომარეობაში არიან მამაოს მეუღლე და შვილები?

_ მამაოს ცოლიც და თორნიკეს ცოლიც გათიშულები არიან. ძალიან რთულია, 3 შვილით გაუგებარ ვითარებაში რომ რჩები და არანაირი შემოსავალი, მილიონები და ბიზნესები რომ არ გაქვს. ვიბრძვით, რომ ბავშვებს არც სკოლა მივატოვებინოთ და არც მასწავლებელი.

__ როცა მამაო ციხიდან რეკავს, ისევ ვერ ესაუბრებით?

_ ვერ ვესაუბრები, ტირილის მეტს ვერაფერს ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ ქალს მეძახიან, თავს ვერ ვიკავებ.

__ საპყრობილეში მის მონახულებას აპირებთ?

_  არავითარ შემთხვევაში! სანამ მამაო ციხეში იქნება, მას გისოსებს მიღმა არ ვნახახავ! რომ ვიცოდე მის გამოსვლას ვერ მოვესწრები და ვიცოდე, რომ რაღაც მემართება, მაინც არ ვნახავ.

__ დეკანოზს ხომ არ მოუთხოვია თქვენი ნახვა?

_ იცის რომ არცერთ ვარიანტში იქ არ ვნახავ და არც ითხოვდა.  სასამართლოზე კი მქონდა სურვილი, რომ მენახა, მაგრამ არცერთ პროცესს დავსწრებივარ, მამაომ ითხოვა, რომ არ მივსულიყავი.                              

__ რა მოლოდინი გაქვთ ამ საქმიდან, წინ უამრავი სასამართლო პროცესია...

_ არც იმ მისჯილ 9 წელს ველოდი, მაგრამ მოხდა ასე. საქართველოში სამართლისთვის ვის მიუღწევია, რომ მამაომ მიაღწიოს? საქართველოში ამ საქმეს არავინ მოგვაგებინებს, ამიტომ ეს საქმე აუცილებლად სტრასბურგში წავა!

 

ესაუბრა ეკა ლემონჯავა  „ჯი-ეიჩ-ენი“       




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%