დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ მეუფე იაკობისთვის დღის ბოლომდე მიცემული ვადა, ბოდიშის მოხდის გარეშე ამოიწურა.
,,ამას რომ იტყოდა, ასეთ დონემდე რომ დავიდოდა, არ ველოდი და ბოდიშის მოხდის მოლოდინი როგორ მექნებოდა? ეს რომ იქადაგებს რა! ამის საუბარს რომ ვუსმენდი, მხედრიონელების ,,სხადნიაკზე" მეგონა თავი. ეს განცხადება არის ცილისწამება, ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. მას ,,ფეისბუქის" საშუალებით რჩევა მივეცი, რომ დღესვე წაბრძანებულიყო იმ ტელევიზიაში, რომელშიც ეს ყველაფერი განცხადა და ბოდიში მოეხადა. როგორც ჩანს, მას ეს ვაჟკაცობა არ გააჩნია. შესაბამისად, სასამართლოში მოვითხოვ ბოდიშის მოხდასთან ერთად მორალური ზიანის ანაზღაურებას", - განუცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენ-ს" მიხეილ რამიშვილმა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მეუფე იაკობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს მომდევნო კვირაში შეიტანს.
,,ფული არ უჭირს, იმდენს მოვითხოვ, ხალხისთვის მიცემა რომ შევძლო, ხალხს უჭირს, ამათ კიდევ, ულხინთ. მოუწევს სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენა და მისი ნათქვამის დადასტურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცილისწამებაა. მას მეუფე იაკობს ხომ ეძახიან, მისთვის სახელიც არ მემეტება და ახალი სახელი დავარქვი - უსახელო ჰქვია",- აცხადებს რამიშვილი.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ის გირგვლიანების ოჯახის მეგობარია და მეუფე იაკობის განცხადება არა მხოლოდ მისთვისაა შეურაცხმყოველი, არამედ, გირგვლიანებისთვისაც.
,,სანდროს მეგობრები, ჩემი მეგობრები იყვნენ, მამამისი მამაჩემთან მეგობრობდა. უსახელომ რაც ჩემი მისამართით განაცხადა, ცხონებულ ირინა ენუქიძის და გირგვლიანების ოჯახის შეურაცხყოფაა. უსახელოს დაავიწყდა, სტრასბურგიდან ის გადაწყვეტილება ვისი შრომის ფასად მივიღეთ? როგორც ჩანს, მას ყველაფერი დავიწყებული აქვს, მათ შორის ისიც, თვითონ ვინ არის. უსახელომ რაც ილაპარაკა, იმას ბჟუტური ჰქვია და ამით მან უფრო მეტად შეულახა საპატრიარქოს პრესტიჟი. ადამიანი, რომელიც აღსარებას იბარებს, ადამიანებს აზიარებს, ტელევიზიის საშუალებით აცხადებს, იმდენ რაღაცას ვიტყვი, მე თვითონ გამოვიძიებ ყველაფერსო. გაიხადოს მაშინ ანაფორა, წვერი გაიპარსოს და პროკურატურაში წავიდეს, საქმეები გამოიძიოს. მოძღვარია თუ გამომძიებელია? ამას აღსარება როგორ უნდა ჩააბარაო? როცა მოუნდება, გასცემს აღსარებას!", - განუცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენ-ს" მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა, მიხეილ რამიშვილს გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი აგენტი უწოდა.