,,მწვანე ბარათის” (Green Card) გათამაშებაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 2017 წლის 3 ოქტომბერს საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, - განცხადება ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა ჯეკს ვორმენმა გააკეთა.
ვორმენი დღეს მოსახლეობას შეხვდა და მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, რეგისტრაცია ერთი თვის განმავლობაში, 3 ნოემბრის საღამოს 20 საათამდე, გაგრძელდება.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. აპლიკანტს საშუალო განათლება და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
2019 წლის მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების გამარჯვებულთა სია 2018 წლის 1 მაისს გახდება ცნობილი. შედეგები ელექტრონული გათამაშების ვებგვერდზე დაიდება. განმცხადებლები, საიმიგრაციო ვიზების მისაღებად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან .
მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებს დეტალურ ინფორმაციის მოძიება, ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, უკვე ქართულ ენაზეც შეუძლიათ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ, წარადგინა კანონპროექტი სახელწოდებით - „აღმასვლა“, რომელიც მწვანე ბარათის, ე.წ. „გრინ ქარდის“ გათამაშების სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღების უფრო მეტი შანსი ექნებათ იმ მიგრანტებს, რომლებმაც ინგლისური ენა იციან, შეუძლიათ საკუთარი თავისა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, ფლობენ ისეთ პროფესიულ უნარებს, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკას გამოადგება.
კანონპროექტის შემუშავებაში ჯორჯიისა და არკანზასის შტატების სენატორები დევიდ პერდიუ და ტომ კოტონი მონაწილეობდნენ.
მწვანე ბარათის ლატარეა აშშ-ში 1990 წლიდან მოქმედებს. ყოველწლიურად ლატარეაში ვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იღებენ.