თარიღი    დრო

რა დრო გვაშორებს პირველ ატომურ ომს?

საქართველო, თბილისი - 13:50 08.31.2017 3819

იქნებ ვინმეს ჰგონია, არანაირი კავშირი არ არსებობს ან რა კორელაცია შეიძლება იყოს  შორეულ  კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებულ მოვლენებსა და აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, თბილისში გამოქცევისას ადგილობრივი ტაქსის „გამატყავებელ“ ფასებს შორის? ნუ ავჩქარდებით

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

29 აგვისტოს, ე.წ. „კორეის სახალხო რესპუბლიკის“ არმიამ მორიგი სარაკეტო წვრთნა ჩაატარა. არც პირველი და არც უკანასკნელი; მაგრამ მას ორი განსაკუთრებული დამახასიათებელი ჰქონდა:

ა) საშუალო სიშორის რაკეტა გაუშვეს არა შახტიდან, არამედ დედაქალაქ ფხენიანის სამხედრო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ გენიალური ჯორჯ ორუელის რომანიდან ამოსული „კიმების“ შემაძრწუნებელი რეჟიმი უკვე ფლობს არა მხოლოდ საშახტო ბაზირების ბალისტიკურ რაკეტებს, არამედ მობილურ საშუალებებსაც; მაშასადამე, ერთი გამანადგურებელი დარტყმით და „სიღრმითი ბომბების“ გამოყენებით მისი სარაკეტო დანადგარების მწყობრიდან გამოყვანა ვერაფრით მოხერხდება: ჯერ კიდევ რუსებმა მოიფიქრეს გასული საუკუნის 1960-იან წლებში: ....... მიდის „ჩვეულებრივი მატარებელი“, ან „ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა“ და მოულოდნელად ბალისტიკური რაკეტის მზიდი აღმოჩნდება.......აი, ცნობილი და სისხლხორცეულად „საბჭოთა“ ანეკდოტის შესაბამისად, „მშვიდობიანი ტრაქტორი“ რომ ბომბდამშენად გადაიქცევა მოულოდნელად - ზუსტად ისე....... ვის შეუძლია თუნდაც ყველაზე თანამედროვე სადაზვერვო საშუალებებით განსაზღვროს კოსმოსიდან, რომელი „ტრაქტორი“ გადაიქცევა ბალისტიკურ რაკეტად? ანუ, „ერთი დარტყმის“ სცენარი გამოირიცხა - ჩრდ. კორეულ რეჟიმს ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება საშუალება, მობილური საშუალებებით უპასუხოს ამერიკას და მის მოკავშირე სამხრეთ კორეას.

ბ) პირველად, ამგვარი ცდების ისტორიაში, „კიმებმა“ ბალისტიკური რაკეტა „გადააფრინეს“  იაპონიის ტერიტორიას. ისე, რომ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე (მთავარი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია), პირველად გასული საუკუნის დიდი ომის შემდეგ (რომელიც ხიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული დაბომბვით დასრულდა), გაისმა საყოველთაო განგაშის სიგნალი“ და მობილური ტელეფონის მფლობელმა იაპონელებმა, ანუ უკლებლივ ყველა სრულწლოვანმა იაპონელმა, მიიღო შეტყობინება: „ჩრდილო კორეამ ჩვენი მიმართულებით გაუშვა რაკეტა!!!“

ოღონდ აქვე აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ: ჩრდ. კორეას ფორმალურად საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია იმით, რომ მისმა რაკეტამ ჰოკაიდოს გადაუფრინა -  საერთაშორისო კონვენციებით, „საჰაერო სივრცე“ სიმაღლეში 50 კილომეტრია. ჩრდ.კორეულმა რაკეტამ კი იაპონიას 550 კილომეტრის სიმაღლეზე გადაუფრინა. 550 კილომეტრი - უკვე კოსმოსია და არა „საჰაერო სივრცე“. ასე რომ არ იყოს, მაშინ  ამერიკული კოსმოსური თანამგზავრი რომ დაფრინავს რუსეთის თავზე და რუსული - ამერიკის თავზე, ესეც დარღვევა იქნებოდა. თუმცა ასე არ არის.

მაგრამ შინაარსობრივად ფხენიანმა ნამდვილად „გამოწვევის თათმანი“ ესროლა ამერიკასაც და იაპონიასაც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსულძრავიანმა რაკეტამ „ხვასონ-12“  2700 კილომეტრი იფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. თეორიულად, მას უკვე შეუძლია „მისწვდეს“ ამერიკის სამხედრო ბაზას გუამზე. თან, ჩრდ.კორეის ხელისუფლება აღარც მალავს, რომ ეს გამოცდა იყო „შეტყობინება“ ამერიკისა და იაპონიისათვის, რომ „კორეის სახალხო მუშურ-გლეხური არმია“ ემზადება დაარტყას ამერიკელი აგრესორების მეწინავე სამხედრო ბაზას გუამზე“.  „შემდეგი სამიზნე გუამი იქნება“- ნათქვამია  ამ აროგანტულ განცხადებაში.

თავისთავად ასეთი რაკეტა რომ აქვს „სახელმწიფოდ“ წოდებული ამ „საკონცენტრაციო ბანაკის“ ადმინისტრაციას, ერთი პრობლემაა და მეორე საკითხია, შეუძლია თუ არა მისი აღჭურვა ბირთვული ბომბით. როგორც ჩანს, უკვე შეუძლია. თუმცა ზუსტად არავინ იცის, რამდენი ბომბი აქვს, რა სიმძლავრის ბომბებია, დაასრულა თუ არა მათი სრულყოფა უბრალოდ ბირთვული ბომბიდან - ბირთვულ ქობინამდე, რომელიც შეიძლება რაკეტაზეც განთავსდეს და ა.შ. არადა, მუდმივ საფრთხეში ხომ ვერ იცხოვრებს მთელი იაპონია, სამხრეთ კორეა და თვით ამერიკაც?

იაპონიის პრემიერ-მინისტრი 40 წუთი ელაპარაკა ტელეფონით დონალდ  ტრამპს. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ სარაკეტო ცდით, კიმ ჩენ ინმა (სხვათა შორის,  34 წლის „ლაწირაკია“ -ნ.ი) „მკაფიო მესიჯი გაუგზავნა მთელს მსოფლიოს, რომ არ აპირებს დაიცვას საერთაშორისო თანამეგობრობაში ქცევის ელემენტარული ნორმები“. ტრამპმა დაადასტურა (უკვე მერამდენედ?) რომ „ყველა მეთოდს განიხილავს პრობლემის გადასაჭრელად. ამათ შორის, რასაკვირველია, სამხედრო ზომებსაც“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამხედრო სპეციალისტები ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, რომ თუ ჩრდ. კორეამ მოასწრო ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტების გაშვება გუამის მიმართულებით და ამ რაკეტების უმალვე, სტარტზე ჩამოგდება ვერ მოხერხდა, ისინი კოსმოსურ ორბიტას მიაღწევენ და მერე უკვე მათი შეჩერება ასჯერ უფრო ძნელია. თითქმის შეუძლებელიც.

საპასუხო ან „დამსწრები“ სამხედრო ზომები კიმ ჩენ ინის ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ იქნება გლობალური მასშტაბის კატასტროფა: ამ პატარა და ცოფიანი „მორდორის“ არტილერია იოლად სწვდება სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს. მიწისქვეშა ბუნკერებში დამალული, ან იგივე მობილური  საარტილერიო დანადგარები, ნებისმიერ შემთხვევაში მოასწრებენ ათიათასობით ჭურვის ან რეაქტიული რაკეტის გაშვებას, ესე იგი  სეული უბრალოდ აღიგავება პირისაგან მიწისა და მილიონობით ადამიანის ევაკუაციაც ვერ მოესწრება.

თუმცა, ესეც კი არ არის მთავარი პრობლემა! დავუშვათ, მილიონობით ადამიანის მსხვერპლით სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ბოლოს და ბოლოს, მოხერხდა  ხსენებული „საკონცენტრაციო ბანაკის“ შეიარაღებულ ძალთა განადგურება საავიაციო დარტყმებითა და ფრთოსანი რაკეტებით. მერედა რა, ამით? ამ ტერიტორიის ოკუპირება ხომ ყოვლად აუცილებელი გახდება? აბა სხვა როგორ?! მაშასადამე გარდაუვალია სახმელეთო ოპერაცია. არადა, „პატარა მორდორს“ 3 მილიონიანი არმია ჰყავს და კიდევ 7 მილიონი ე.წ „აქტიური რეზერვი“, ანუ „კოლმეურნეობები“, რომლის წევრები ბრინჯის პლანტაციებზე მუშაობენ, თუმცა სახლში ან კოლმეურნეობის თავმჯდომარის კაბინეტში „კალაშნიკოვები“ და „ყუმბარმტყორცნები“ აქვთ შენახული.

ეს არის ფანატიკოსთა არმია - ბევრად უარესი, ვიდრე ISIL და კუბასაც კი ვერ შევადარებთ, რადგან სერვანტესისა და მარკესის ენა კიდევ ატარებს ცივილიზებულობისა და კულტურის რაღაც „კოდებს“ - ხოლო კორეა...... მისი „ჩუჩხეს“ იდეოლოგიით,  სულ სხვა სამყაროა, სხვა გალაქტიკაა, აი მაღალტქნოლოგიურად შეიარაღებულ უცხოპლანეტელებს რომ შეეჩეხოთ სადმე კოსმიურ გზებზე.........ბრაზილიასთან მსოფლიო ჩემპიონატზე წააგეს და საკუთარი მოსახლეობა დაარწმუნეს - „მოვუგეთო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ჩვენ რა“ თითქოსდა? „ჩვენ - ის“, რომ თუ იმ შორეულ ნახევარკუნძულზე, ანუ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ გზასაყარზე (!), დიდი ომი დაიწყო ბირთვული იარაღის გამოყენების რეალური პერსპექტივით, რუსეთი ამით აუცილებლად, აუცილებლად (!) ისარგებლებს და უეჭველად შეეცდება ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას უკრაინისა და საქართველოს აბეზარი პრობლემები.

საქართველოს პრობლემა უფრო, რადგან ევროპისგანაც შორს ვართ, სამწუხაროდ (ანუ აქ უფრო გაუიოლდებათ) და კასპია-შავი ზღვის სასიცოცხლო გეოპოლიტიკურ ხაზთანაც მეტისმეტად ახლოს.

ეს ხაზი თბილისი-გორის ავტომაგისტრალზე გადის. „ოსური ბანერები“ სულ ახლოს მოდის და იმ მომენტში შეიძლება ზედ ამ ტრასასთან დაიდგას.

აი მაშინ კი...... „ალმოდებული აბასთუმნიდან“- თბილისში გამოქცევა მხოლოდ „სამხრეთული გზის“ გამოყენებით თუ იქნება შესაძლებელი, ანუ ახალქალაქის და წალკის გავლით,.

როგორც 2008 წლის აგვისტოში.......

ნიკა იმნაიშვილი 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%