თარიღი    დრო

რა შეეძლო გაეკეთებინა მიშას „ცხინვალის ომის“ თავიდან ასაცილებლად?

საქართველო, თბილისი - 11:43 08.10.2017 3428

რუსული მედია, განსაკუთრებით ტელე-მედია კვლავ შხამად იღვრება 2008 წლის ომის მორიგ წლისთავზე. უსასრულოდ ატრიალებენ სააკაშვილის „ჰალსტუხის ღეჭვისა“ და „გორში რბოლის“ კადრებს. ორივე შემთხვევა პრეზიდენტის ძალიან სერიოზული მარცხი იყო, რადგან თანამედროვე მსოფლიოში „ტელეხატი“, „პიარი“ და „PR - ტექნოლოგიებით“ შექმნილი შთაბეჭდილება, შესაბამისად განწყობა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებეზეც კი ახდენს სერიოზულ გავლენას.

აქვე უნდა ითქვას, რომ პირველ შემთხვევაში BBC-მ უხეშად დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, როდესაც პირდაპირი ჩართვის დაწყებამდე გაუშვა ეთერში „ტექნიკური კადრები“ (არადა ეს სამაწუყებლო კომპანია, რატომღაც, „ჟურნალისტიკის ეტალონად“ ითვლება), ხოლო „გორის“ ეპიზოდში პრეზიდენტის დაცვის საზარელი არაპროფესიონალიზმი გამოვლინდა. როგორც ჩანს, „პროფესიონალიზმი“ მხოლოდ დასაცავი ობიექტის ფიზიკური დაცვა ეგონათ.

მაგრამ ამჯერად სხვაა საინტერესო: „მრგვალი თარიღი“ (ვთქვათ 10 წლისთავი) არ ყოფილა და რატომ აქცევდა ასეთ ყურადღებას რუსული ოფიციოზი? ეს ადვილი კითხვაა: იმიტომ, რომ უკრაინაში ესოდენ ერთმნიშვნელოვანი გამარჯვება ვერ მოიპოვეს და ისე ვერ „გააპიარეს“, - პუტინს მეორე საპრეზიდენტო ვადის წინ „წაეხმარონ“.

თუმცა, ესეც მეორეხარისხოვანია ბოლოს და ბოლოს. მთავარი ისაა, რომ საქართველოში არა და არ წყდება უილაჯო დისკუსია, თუ რამდენად შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება და/ან რა უნდა ეღონა პრეზიდენტ საააკშვილს, რათა კატასტროფა არ დაეშვა. რუსეთთან „პირდაპირი ჯახი“ რომ ყველა შემთხვევაში კატასტროფა იქნებოდა, ეს ყველასთვის, მათ შორის მისთვისაც სრულიად ნათელი უნდა ყოფილიყო. 

საკუთარ მოტივებზე მიშამ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება  გააკეთა რამდენიმე კვირის წინ „რ2“-თან ინტერვიუში. მაგრამ ბევრად საინტერესო მაინც საწინააღმდეგო მოსაზრებებია

მაგალითად, მივყვეთ სააკაშვილის ოპონენტთა არგუმენტაციას და გავაანალიზოთ ეს «ლოგიკური ჯაჭვი»: 

პრეზიდენტ სააკაშვილის შეცდომა ის ყოფილა (თურმე), რომ ცხინვალის ომში «თავი ჩაათრევინა» რუსეთს. 

მერედა, მოდით ვიკითხოთ: რა გზით შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება?  მხოლოდ ერთი გზით: თუ საქართველო შეურიგდებოდა «სამხრეთ ოსეთში» 2004 წლისათვის ჩამოყალიბებულ სტატუს-ქვოს, არ გააუქმებდა ერგნეთის ბაზრობას, არ შეწყვეტდა მუშაობას .. «შერეული საკონტროლო კომისიის» ფარგლებში, არ შეეცდებოდა სარაბუკისა და სხვა სიმაღლეებზე კონტროლის დამყარებას ანუ სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, არ შექმნიდა სანაკოევის ადმინისტრაციას, არ გაიყვანდა შემოვლით გზებს და .. და ..

ერთი სიტყვით, ყველაფერს დატოვებდა ისევე, როგორც იყო 90-იან წლებში, როცა კონფლიქტის ზონაში იდილიური მშვიდობა სუფევდა, ოსი და ქართველი კონტრაბანდისტები ტკბილად ეხვეოდნენ ერთმანეთს და საქართველოს ეკონომიკის ნგრევით გემრიელად იკვებებოდნენ. 

ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ომი არ იქნებოდა, მაგრამ რეალურად ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველო უნდა შერიგებოდა «ოსური დესტაბილიზატორის» დატოვებას «გაყინული კონფლიქტის» მდგომარეობაში. 

        «მერედა შერიგებოდარა მოხდებოდაო»!!! 

კი მაგრამ აბა დასავლური ორიენტაცია, აბა ნატო, აბა ევროკავშირი? ვინ მიიღებდა ნატოში ქვეყანას, რომელსაც «გაყინული კონფლიქტი» აქვს ქვეყნის შუაგულში? ხომ გვითხრეს ბუქარესტის სამიტზე, რომ სანამ კონფლიქტები არ გადაწყდება, მანამ «გზამკვლევსაც» კი ვერ მივიღებდით?! აბა «არშემდგარი სახელმწიფოს» იმიჯი, რომელიც საკუთარი ტერიტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილებს ვერ აკონტროლებს? და რომელსაც საზღვარი (სახელმწიფოებრიობის უპირველესი ნიშან-თვისება) არ გააჩნია?! 

სინამდვილეში, პატიოსანი პასუხი კითხვაზე: «შეეძლო თუ არა საქართველოს ამ ომის თავიდან აცილება არის შემდეგი: რა თქმა უნდა შეეძლო! მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოითხოვდა ქვეყნიდან რუსეთის ბაზებისა და სამშვიდობო ძალების გაყვანას; არ შექმნიდა სანაკოევის «ალტერნატიულ ადმინისტრაციას» და არ შეეცდებოდა 1992 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული სტატუს-კვოს დარღვევას; დემონსტრაციულად არ გამოვიდოდა «დსთ»-ს თავდაცვითი სტრუქტურებიდან; არ მიმართავდა ნატო-ს ოფიციალური(!) წერილით «მაპ»-ის თაობაზე (სხვათა შორის, ეს წერილი მხოლოდ 2007-2008 წლით თარიღდება, რაც ცოტამ თუ იცის); არ იბრძოლებდა ნატოში საქართველოს წევრობის მომხრეთა რიცხვის გასაზრდელად; ხელს მოუწერდა რუსეთს ყველა იმ შეთანხმებაზე («ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი», თავდაუსხმელობა, მესამე ქვეყნის ჯართა განლაგების კონსტიტუციური აკრძალვა), რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო-სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვის პრეროგატივებს დაადასტურებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 

ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მოსკოვს არანაირი «რეზონი» არ ექნებოდა საქართველო ომში ჩაეთრია, რაც მისთვის (მოტივის არსებობის პირობებში) მხოლოდ «ტექნიკის საქმე» იყო. ოღონდ მოსკოვი არაფერის „დაბრუნებას“ საქართველოსთის არ აპირებდა. ამ ყოველივეს სანაცვლოდ იგი, უბრალოდ „ოსურ დესტაბილიზატორს“ არ ააფეთქებდა.  ანუ 2003 წლის სტატუს-ქვოს თავის მხრივაც შეინარჩუნებდა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ რაკი რუსეთს საქართველოში ომის პროვოცირება სჭირდებოდა, ჩვენს ხელისუფლებას  7-8 აგვისტოს შეტევის ბრძანება რომც არ გაეცა, ოსი სეპარატისტები და მათი მხარდამჭერი რუსული სპეცდანიშნულების რაზმები, მშვიდობიანი მოსახლეობისაგან წინასწარ სპეციალურად დაცლილი(!) ცხინვალიდან, დღეების, კვირეების განმავლობაში გააგრძელებდნენ ავნევის, თამარაშენის, კეხვის, ტყვიავის, ნიქოზის და სხვა ქართული სოფლების მიზანმიმართულ, მონოტონურ, განუწყვეტელ დაბომბვას მანამ, სანამ ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას არ მიაღწევდნენ ანუ ქართული მხარეს არ აიძულებდნენ განეხორციელებინა შეტევა (ან თუნდაც მხოლოდ მასირებული დაბომბვა) ცხინვალში საცეცხლე წერტილების ჩასახშობად. 

სხვაგვარად თუ ვიტყვით, თუ რუსეთს ექნებოდა მოტივი და მიზეზი (რეზონი), საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო მისთვის ხელსაყრელ (და ჩვენთვის არახელსაყრელ) დროს, მისთვის ხელსაყრელ (და ჩვენთვის არახელსაყრელ) პირობებზე ომში ჩაეთრია, იგი ამას უეჭველად მაინც მოახერხებდა და მიაღწევდა. 

მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთი ერთის მხრივ ნატოს წევრობას გვპირდებოდა და ამით «დათვს» აცოფებდა, ხოლო მეორეს მხრივ თითს - თითზე არ აკარებდა, რათა ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პროვოკაციის გამოსარიცხად რეალური მექანიზმები შეექმნა – ეუთოს სიმბოლური მონაწილეობის მაგიერ.

ხოლო მიზეზების ნაცვლად შედეგებზე «კითხვების» დასმა უბრალოდ დემაგოგიაა და სხვა არაფერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაშასადამე, ამ ლოგიკური ჯაჭვიდან «შუა რგოლების» ამოგდება არ გამოვა: 8 აგვისტოს, ხელისუფლება უდიდესი ოსტატობით მოწყობილ პროვოკაციას რომც არ წამოგებოდა, - საქართველოს რადიკალური, გამომწვევი, აშკარა, დემონსტრაციული კურსი (1988 წლიდან აღებული) - დასავლურ სტრუქტურებში, ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთის სივრციდან მოწყვეტისკენ, მოსკოვთან ღია და საჯარო(!) დაპირისპირებისკენ აუცილებლად გამოიწვევდა იმას, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან ამ «ნაღმს» მაინც აგვიფეთქებდა და კონფლიქტს «გაყინული სტადიიდან» - «სრულმაშტაბურ ომში» გადაზრდიდა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ ამ დილემის აღიარება არ სურთ. ჯიუტად მისდევენ ისევ იმ ცრუ პარადიგმას, რომ საქართველოს (მათი აზრით) შეეძლო ერთდროულად დამოუკიდებლობაც მოეპოვებინა და, თანაც, ტერიტორიის მისხალი არ უნდა დაეკარგა

ყველაფერს ამქვეყნად აქვს თავისი ფასი. მათ შორის დამოუკიდებლობასაც!

კონფლიქტის თავიდან აცილება, მისი გადავადება, შესაძლებელი იყო 90-იანი წლების ტაქტიკით და შევარდნაძისეული ოსტატური «ბალანსირებით», რაც, საბოლოო მიზნის მიღწევის თვალსაზრისით ქვეყანას არანაირ პერსპექტივას არ უქადდა სინამდვილეში;

მაგრამ შევარდნაძე ომს თავიდან იცილებდა რაღაცნაირად ისე, რომ იმავდროულად დასავლურ ორიენტაციაზე დეკლარირებულად მაინც(!) უარს არ ამბობდა. 

ოღონდ ამისთვის შევარდნაძის ეშმაკობა, მოხერხება და ოსტატობა იყო საჭირო – ახლა მაინც ხომ ცხადია. 
        - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - -

1992 წლის 24 ივნისს, სოჭთან - დაგომისში, შევარდნაძემ და ელცინმა ხელი მოაწერეს უვადო ხელშეკრულებას «სამხრეთ ოსეთის» შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის თაობაზე. 

ამით კრემლმა ეს პრობლემა «გაყინული კონფლიქტის» მდგომარეობაში გადაიყვანა, ანუ საქართველოს ახლადშობილი «დამოუკიდებელი სახელმწიფოს» სხეულში ჩადო მართვადი ბომბი – იგივე «დესტაბილიზატორი», რომელსაც მდგომარეობის სამი სტადია ჰქონდა: «გაყინული კონფლიქტი» «მცირე ინტენსივობის ომი» და «სრულმაშტაბური ომი». ანუ, ბოლო სტადიაზე, ნაღმის სრული აფეთქება. 

ამასთანავე, ხსენებული «დესტაბილიზატორი» რუსეთისათვის იმ ერთობ საჭირო და სასარგებლო საქმესაც აკეთებდა, რომ «ერგნეთის» ხვრელიდან წამოსული კონტრაბანდის ნიაღვარი მთელი ათწლეულის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს კონსოლიდაციისა და ფეხზე დადგომის საშუალებას არ აძლევდა.

ეს მრისხანე ბომბი  16 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ წიკწიკებდა – მშვიდად, მეთოდურად, ყურადღების მომადუნებლად, მიმაჩვევად . . . იმავდროულად განუხრელად და უწყვეტად. 

ქართული საზოგადოებაც და ე.წ. «პოლიტიკური კლასიც» ამ მშვიდ წიკწიკს მიეჩვია – ყურადღებასაც აღარ აქცევდა – 16 წლის განმავლობაში იყო ეპოქები, როდესაც ეს პრობლემა საერთოდ აღარავის ახსოვდა – აღარც ვინმე საუბრობდა ამაზე და პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების «დღის წესრიგში» ხომ საერთოდ აღარ იდგა. 

აი
, წარმოიდგინეთ, სახლში რომ დიდი საათი გაქვთ და უწყვეტად წიკწიკებს, მაგრამ ყური ეჩვევა და აღარც გესმითსწორედ ისე წიკწიკებდა. . . . და ისევე, როგორც კედლის საათის შემთხვევაშისპეციალურად უნდა მიაყურადო, - მოინდომო გაგონება და მაშინვე გაიგონებ მიჩვეულსა და დავიწყებულ, მომაბეზრებელ წიკწიკს.

«სამხრეთ ოსეთის» ბომბი წიკწიკებდა აფხაზეთის ომის დროს, ომისშემდგომ პერიოდებშიც; 1995 წლის საარჩევნო კამპანიისას, 1995-1998 წლების მშვიდ ეპოქაშიც, 1999-2000 წლების ბობოქარი საარჩევნო ციკლის დროს, შემდეგ ე.წ. «ვარდების რევოლუციის» მომწიფებისას, «რუსთავი ორის» ზეობისას, რევოლუციის დროსაც, შემდგომაც . . . . . 

მაგრამ როგორც კი ახალმა, რევოლუციურმა ხელისუფლებამ, 2004 წელს, მას ხელი შეახო (მაშინ დიდწილად მხოლოდ გამანადგურებელი კონტრაბანდის შეჩერების მოტივით) რუსეთმა მშვიდად «მოწიკწიკე» ბომბი უმალვე გადაიყვანა გამაფრთხილებელ, ანუ «მცირე ინტენსივობის ომის» სტადიაში. 

ხოლო 2008 წლის აგვისტოში, კარგად დაგეგმილი პროვოკაციის პასუხად, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ქვეყნის სახელმწიფოებრივი სხეულიდან ამ ბომბის სრული ამოღება გადაწყვიტა (რათა მას ნატოში შესვლა ვეღარ შეეფერხებინა), - საკუთარ შესაძლებლობათა გაუთვლელად, «მამაცურად», «რადიკალურად», «რევოლუციურად», ჩვეული რისკიანობით სტაცა ხელი და . . . . ბომბიც აფეთქდა. 

აფეთქდა გამანადგურებელი შედეგით!

ნიკა იმნაიშვილი

 



sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%