ENG / RUS       12+

ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, დავით როსტომაშვილს თავად შეექმნება პრობლემა - ადვოკატი

რესპოდენტის შესახებ

გუშინ, გვიან ღამით დასრულდა იუმორისტ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურა ქუთელიას სასამართლო პროცესი. სასამართლო მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდა. მოსამართლემ ქუთელია წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ დავით როსტომაშვილს მიმდინარე წლის 14 ივლისს დაესხნენ თავს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავეს ზურა ქუთელია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პიროვნება დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა ამოიცნეს.

იუმორისტის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცავები კიდევ ერთ პიროვნებას,  ბ.კ.-ს ეძებენ. მან თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირებისას გაქცევა და მიმალვა შეძლო. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით იძებნება.  

”ჯი-ეიჩ-ენს” ზურა ქუთელიას ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ესაუბრა. მისი განცხადებით, ქუთელია სრულიად უდანაშაულოა და ის პროკურატურის მძევალია.

”სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო  -  ზურა ქუთელია 15 აგვისტომდე პატიმრობაში დარჩება.  დაცვის მხარემ სასამართლოს კონკრეტული მტკიცებულები წარვუდგინეთ, მათ შორის, ამოცნობის ოქმი. ბრალდება გვედავება, რომ თავმდამსხმელები ვინმე აგაჯანოვის მანქანით გადაადგილდებოდნენ. აღნიშნულ მოწმეს წარედგინა ფოტოსურათები, მათ შორის, ზურა ქეუთელიას ფოტოც. აგაჯანოვმა განაცხადა, რომ არც ქუთელია და არც სხვა პირები, რომელთა ფოტოც მას აჩვენეს, მის მანქანაში არ მსხდარან.

სასამართლომ ეს ფაქტი არ გაითვალისწინა, ასევე არ გაითვალისწინა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ქალბატონის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ იმ მომენტში, როცა ზურა ქუთელიას ავტმობილი დანაშაულის ადგილზე გადაადგილდებოდა, მასთან ერთად იმყოფებოდა.

_ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, ერთ-ერთი ბრალდებულია, თუ მხოლოდ მას ედავებიან დანაშაულს?

_  საქმეში ორი ბრალდებულია, ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია, მეორე საერთოდ არ ჩანს, გამოძიებამ არც კი იცის ვინ არის ის და ჩვენ გვაბრალებს, თქვენ იყავითო. უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში. ქუთელია მომხდარი ფაქტიდან 9 საათის შემდეგ, სახლში დააკავეს. წარმოიდგინეთ, ის როსტომაშვილს, მის შვილებს იცნობდა, მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და ის სახლში ავიდა, არხეინად დაიძინა?

_ როგორ აღმოჩნდა დანაშაულთან ზურა ქუთელიას დაკავშირება?

_ იმ ადგილზე, ორჯერ, ფაქტამდე და ფაქტის შემდეგ გაიარა. ალბათ, ბრალდების მხარე ფიქრობს, რადგან ქუთელია იმ ტეროტორიაზე მოძრაობდა, რაღაც კუთხით ის დამნაშავეა. ბრალდება, რომ ეს დანაშაული ამ ადამიანმა ჩაიდინა, აბსურდულია! მას როსტომაშვილისთვის არც ხელი დაურტყამს და არც ბეისბოლის ბიტა. იმ მომენტში ქუთელიას მეგობარი გოგონა მიჰყავდა სახლში.

_ ქუთელია იცნობს იმ ადამიანს ვინც მიმალვაშია?

_ კი, როგორ არ იცნობს, ყველანი ერთი უბნელები არიან. თუმცა, ის იმ დღეს არ უნახავს. 

_ რაიმე სახის უთანხმოება ხომ არ ჰქონდათ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფსა და როსტომაშვილს?

_არა, გამოძიება მხოლოდ დათო როსტომაშვილის და მისი გოგოს ჩვენებას ეჭიდება, სხვა ვერაფერს. დამნაშავეები ნიღბებით არ ყოფილან.

_ რატომ ადებს როსტომაშვლი ქუთელიას ხელს?

_ შესაძლებელია, როსტომაშვილი ბრალდების მხარესთან შეთანხმდა. ალბათ, მას უთხრეს, ეს რომ გავუშვათ სხვა არავინ დაგვრჩება, მძევლად დავიტოვოთ, რომ სხვები დავაკავოთო. სხვა მოტივი არ არსებობს. იმედი მაქვს, აღნიშნულს ბატონი როსტომაშვილი ძალიან ლამაზად გადათქვამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეექმნება პრობლემა, რადგან მალე ექსპერტიზის პასუხიც ცნობილი გახდება. ამით დადასტურდება, რომ ის ადამიანი, რომელმაც როსტომაშვილს დაარტყა, ყელსაბამი ჩამოგლიჯა, ზურა ქუთელია არ არის.

დიდი ალბათობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა დადასტურდება, ამაში დარწმუნებული ვარ. ქუთელიას თავის ცხოვრების განმავლობაში ერთი ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არ მიუღია.

ესაუბრა ეკა ლემონჯავა, ”ჯი-ეიჩ-ენი”

ავტორი: . .