ENG / RUS       12+

გარუჯვის შედეგად დამწვარ მამაკაცთა რაოდენობამ იმატა - გუგა ქაშიბაძე

რესპოდენტის შესახებ

გასულ წლებთან შედარებით, წელს გარუჯვის დროს დამწვარ პაციენტებს შორის ქალბატონების რიცხვს მამაკაცები გაუთანაბრდნენ. ამის შესახებ, ”ჯი-ეიჩ-ენს”-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მიუხედავად ექიმების მკაცრი რეკომენდაციებისა, რუჯის მოყვარულები დამწვრობის ცენტრში მაინც ხშირად ხვდებიან.  ამ მხრივ სტატისტიკა საგანგაშო არ არის, თუმცა, საყურადღებოა.

ჯი-ეიჩ-ენ”- გუგა ქაშიბაძე ესაუბრა.

”წინა წლებთან შედარებით, სტატისტიკა გაზრდილია. თუმცა, ეპიდემიასთან საქმე ნამდვილად არ გვაქვს. ზაფხულის დადგომიდან დღემდე ჩვენს ცენტრს დამწვრობის პრობლემბით 70-მა პაციენტმა მომართა, აქედან ქალების და მამაკაცების თანაფარდობა 50/50-ზე იყო. შემოსული პაციენტებიდან 17 სტაციონარში მოხვდა, დანარჩენი მათგანი ამბულატორულ მკურნალობას დაექვემდებარა.

მზით დამწვრობაში მამაკაცების რიცხვი შედარებით მომატებულია. შარშან, შარშანწინ, ასეთი შეფარდება არ იყო, უფრო მანდილოსნები ჭარბობდნენ. ეს მხოლოდ დამწვრობის ცენტრის სტატისტიკაა, თორემ ისედაც ხომ დაიწვნენ ადამიანები, რომლებიც დამწვრობის ცენტრში არ მოხვდნენ, რეგიონებში არიან და ა.შ.

__ რა ასაკის პაციენტები მოხვდნენ დამწვრობის ცენტრში?

_ ყველაზე პატარა 14 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმული კი, 65 წლის ქალბატონი გახლდათ. ეს ადამიანები რუჯის მიღების მიზნით მზის გულზე ხანგრძლივად იყვნენ, ამას გარდა, არავითარი დამცავი საცხი გამოუყენებიათ. როცა ირუჯები, მაშინ დამწვრობას ვერც გრძნობ, საღამოს ატყობ რომ მზეზე ყოფნა გადაგიჭარბებია.

__  რამდენად მძიმე დამწვრობით გყავთ წელს პაციენტები?

_ საბედნიეროდ, წელს მძიმე შემთხვევები ჯერ არ გვქონია, პაციენტები რეანიმაციაში არ მოხვედრილან. თუმცა, ახლა დაიწყო სეზონი. შარშან, შარშანწინ რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევები იყო.

__ გასულ სეზონებზე რუჯის მისაღებად ლეღვის ნახარშს იყენებდნენ, წელს თუ დაფიქსირებულა მსგავსი ფაქტი?

_  არა, წელს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ლეღვის ნახარში, ან სხვა ხელოვნური საშუალება გარუჯვისას არ გამოუყენებიათ, რაც ძალიან სასიხარულოა.

__ რა რეკომენდაციებს მისცემდით რუჯის მოყვარულებს?

_ რუჯი ნელ-ნელა მიიღონ, მზისგან დამცავი სხვადასხვა საშუალებები გამოიყენონ. ამას გარდა, დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე მზის სხევებს უნდა მოერიდონ. განსაკუთრებით, ბავშვები და მოხუცები. გაითვალისწონონ, რომ ქოლგის ქვეშ და ღრუბლიან ამინდშიც კი შეიძლება საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მიიღონ. ყველას ვურჩევ, დამწვრობით დასვენების დღეები არ ჩაიშხამონ.

ესაუბრა ეკა ლემონჯავა, ”ჯი-ეიჩ-ენი”.

ავტორი: . .