ENG / RUS       12+

„ოცნების კონსტიტუცია“ და ეროვნული ძილქუში

საქართველოს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ ეული და მარტოსული მონაწილეობით, პირველი და მეორე მოსმენით მიიღო ქვეყნის ახალი კონსტიტუცია. მესამე მოსმენა მხოლოდ კორექტურას, ესე იგი სასვენ ნიშნებს დაეთმობა.

დაუსრულებლად შეიძლება ვიდავოთ იმაზე, არის თუ არა იგი „ახალი“ - იქნებ „გადაკეთებული ძველი“ სჯობს? მაგრამ ჯერ ერთი, ამ აზრით ყველა შემდგომი „რესპუბლიკური“ კონსტიტუცია (გარდა მონარქის დამხობით და ეშაფოტზე თავის კვეთით მიღებულისა) სწორედაც „გადაკეთებული ძველია“. გარდა ამისა, დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღო „ოცნებამ“, ბევრად უფრო შეცვლის პოლიტიკურ რეალობასა და პერსპექტივას  ქვეყანაში, ვიდრე 1995, 2004 ან 2010 წლის „ჩასწორებები“.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობის ძალიან ზუსტი ილუსტრაციაა „ოცნების“ ეს „მარტოსულ-ეულობა“ პლენარულ სხდომათა დარბაზში. ოღონდ, პირველ რიგში  იმ აზრით, რომ ვერც სააკაშვილი, ვერც შევარდნაძე, ვერც გამსახურდია ამას, უბრალოდ, ვერ გაბედავდნენ და ასეთი წესით მიღებული კონსტიტუცია, - როდესაც უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია წინააღმდეგია, - მათ ძალიან სერიოზულ საერთაშორისო პრობლემებს შეუქმნიდათ. „ოცნებას“ კი......არც არაფერი: მიიღეს  ფაქტიურად „პარტიული კონსტიტუცია“ ოპოზიციის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე და (მიაქციეთ ყურადღება) რაიმე გაკიცხვა, დაგმობა, უარყოფა, ნეგატიური პოლიტიკური შეფასება დასავლეთიდან  არ ისმის.

რატომ? აი ეს თავისთავად საინტერესო კითხვაა, რომელიც პირდაპირ კორელირებს განსახილველ თემასთან. პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ დასავლეთისთვის, როგორც ჩანს,  მისაღებია ის პერსპექტივა და „ფილოსოფია“, რაც ჩაიდო ამ ე.წ. „ახალ კონსტიტუციაში“:  მისი დედააზრი  ქვეყნის ხანგრძლივ მოსვენებაში, ანუ პოლიტიკურ ძილში შეყვანაა.

. . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავაკვირდეთ მიღებული კონსტიტუციის ძირითად, „საყრდენ“ დებულებებს: მიუხედავად ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნისა, მმართველმა პარტიამ მაინც გააუქმა პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევითობა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ ძნელად წარმოსადგენს, რომ 2018 წლის „გამონაკლის-უკანასკნელ“ საყოველთაო  არჩევნებზე ისევ გიორგი მარგველაშვილი ან ასეთივე „უმართავი“ ფიგურა გაიმარჯვებს, პრეზიდენტის უფლებამოსილებები საბოლოოდ დავიდა „ხელის ჩამორთმევის“ ცერემონიამდე.

უკანასკნელი სერიოზული ინსტიტუტი და ბერკეტი „ეროვნული უშიშროების საბჭო“ იყო. ეს ბერკეტიც გამოაცალეს. დარჩა ასე - „მარჯვენა ხელის“ ამარა.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება იყო. მართლაც ისტორიული შესწორებაა, რადგან ეს ე.წ. „შერეული“ სისტემა 1990 წლის ზაფხულის დაუვიწყარი, ბობოქარი დებატებიდან შემორჩა  ქართულ პოლიტსივრცეს. ოღონდ „ოცნებამ“ აქაც  იეშმაკა: ახალი სისტემა  მხოლოდ და მხოლოდ 2024 წელს შევა ძალაში, ანუ 2020 წლის არჩევნები ისევ ძველი,  შერეული, „მაჟორიტარულ-პროპორციული“ წესით ჩატარდება.

„მორცხვად ხელში დაჭერილი სანთლის“ ფუნქციას ასრულებენ ჩანაწერები „ქორწინების“, ესე იგი ,ფაქტიურად, ერთსქესიანი ოჯახის აკრძალვისა და მიწის უცხოელებზე ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

ისევ მივაქციოთ ყურადღება იმავე უცნაურობას: ორივე ამ შესწორებას აშკარად გამოხატული ანტიევროპული  „არაპოლიტკორექტული“ შინაარსი აქვს, ესე იგი თანამედროვე „ევროპეიზმის“ საფუძვლებს ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, კვლავ და კვლავ, დასავლეთი, იგივე „ვენეციის კომისია“ „უცნაურად“ სდუმს, არანაირი არსებითი და „მკაფიო“ კრიტიკა არ ისმის.

რატომ?!

. . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ მრავალგზის დასმულ კითხვაზე საბოლოო პასუხის გასაცემად, იმასაც დავაკვირდეთ, რა პოლიტიკურ რეალობას მოასწავებს ეს „ახალი“ კონსტიტუცია მისი უმთავრესი შემადგენლით, ანუ ელექტორალური სისტემით. ფაქტიურად იგი  იმას ნიშნავს, რომ ძალთა  განლაგება არათუ არ (ვერ) შეიცვლება 2024 წლამდე, არამედ დიდი შანსია, ლამის მარადიულად იქცეს!

„მაჟორიტარულ-პროპორციული“ სისტემით, „ქართული ოცნება“ აუცილებლად ისევ მოიგებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ „ვენეციის კომისიის“ მოსათაფლად, პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 3%-მდე შემცირდა, მაჟორიტარები კვლავ თითქმის ასი პროცენტით „ოცნების“ იქნება:  „პარტიული სიებით“ გაყვანილი 50-60 დეპუტატი კი მაინც უზრუნველჰყოფს მყარ უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში. შესაძლოა არა კონსტიტუციურ უმრავლესობას, მაგრამ ამ ცვლილებების შემდეგ „ოცნებას“ დიდი უმრავლესობა აღარც არაფერში სჭირდება.

ხოლო რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგადაც პირველად აირჩევს პარლამენტი („ხმოსნებთან“ ერთად) სახელმწიფოს მეთაურს, ის არჩევნები შესაძლოა (!) მართლაც მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს, მაგრამ ყველა, ვისაც ჰქონია, თითქოს ამით „ოცნება“ რაიმე რისკზე წავიდა, მწარედ ცდება. ეს „ოპტიმისტები“ (ან პესიმისტები - გააჩნია ვინ, როგორ და „საიდან“ უყურებს) არ ითვალისწინებენ ქართული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან თვისებას:  2017 და 2024 წლებს შორის მთელი ეპოქაა!

ცოტაა თუ ბევრი 7 წელი ქართული პოლიტიკისთვის? საქართველოს უახლესი ისტორია გვასწავლის:  ძალიან ბევრია! აბა შევადაროთ საზოგადოებრივი განწყობა და სულისკვეთება, რომელიც 1988 და 1992 წლებში სუფევდა საქართველოში? სულ რაღაც ოთხი წელია ხომ? მაგრამ შედარებაც კი შეუძლებელია! „ომი იყოო“. მაშინ ავიღოთ 1995  და 2002 წელი - ორი ლამის თვისებრივად განსხვავებული საზოგადოებრივი ატმოსფეროა ქვეყანაში.

მაშასადამე, „ოცნების“ იმ ლიდერებმა, ვინც ეს ძალიან ეშმაკური გადაწყვეტილება მიიღო და საკვანძო ცვლილება  7 წლით გადადო, ამით, ერთის მხრივ, იგივე „ვენეციის კომისია“ (ანუ დასავლეთი) მოთაფლა, რაკი თვით ცვლილებაზე საერთოდ უარი არ თქვა, მაგრამ  მეორეს მხრივ ზუსტად და უცთომელად გათვალა, რომ  მმართველი ისტებლიშმენტის მთავარი საფრთხე და მისი მთავარი მტერი - მიხეილ სააკაშვილი - 2024 წლისთვის უკვეღრმა ისტორიაიქნება! იმდენად ღრმა და „მოუბრუნებადი“ ისტორია, რომ საეჭვო იმ დროისათვის ქვეყანაში დაბრუნება და რაიმე მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეძლოს შეცვლილ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.

დრო „აბერებს“ პოლიტიკოსს. მით უმეტეს, როდესაც უცხოეთში იმყოფება. ასევე „დაბერდება“ და სულ უფრო მარგინალიზებად „ქრონიკულ ოპოზიციად“ თუ ნელ-თბილ ნოსტალგიად იქცევა მისი „მოდერნიზაციული პროექტიც“.

მაშასადამე, „ოცნებას“ და მის რეალურ ლიდერს აქვთ იმედი, 2024 წელსაც ისევე მოიგებენ საპარლამენტო არჩევნებს, როგორც 2020 წელს. ყოველ შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად საკმარისი უმრავლესობა მაინც ეყოლებათ. პრეზიდენტი კი ცერემონიული ფიგურა იქნება - „სანთლის დასაჭერად“

. . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ქვეყნისთვის ეს ყოველივე ნიშნავს ხანგრძლივი ისტორიული „თვლემის“ პერიოდში შესვლას; ანუ როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში დღევანდელი, შინაარსით და ტექნოლოგიით შევარდნაძისეული „ბალანსირების“ პოლიტიკის უსასრულოდ გახანგრძლივებასა და ლამის უკვდაყოფას. არანაირი „პრორუსული“ პოლიტიკა ეს არ იქნება. ისევე, როგორც შევარდნაძის პოოლიტიკა არ იყო „პრორუსული“. მაგრამ არც ერთმნშვნელოვნად პროდასავლური: „ოღონდ არ იყოს ომი!“. და ნურავინ მოიტყუებს თავს ან ნუ შეეცედება სხვის მოტყუებას, რომ ეს სლოგანი „ისტორიით დაღლილი“ ქართველი ერის კატეგორიული უმრავლესობის განწყობას არ გამოხატავს. 

რაც ყველაზე მთავარია, რაკი „მარტოსულად მიღებულ“, თანაც „არაპოლიტკორექტულ“ („ქორწინება“, უცხოელებზე მიწის ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა) კონსტიტუციას, შეიძლება  ითქვას,  არანაირი კრიტიკა დასავლეთიდან არ მოჰყოლია, ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ხსენებული „ფილოსოფია“ - ქვეყნის ხანგრძლივ ძილქუშში და თვლემაში შეყვანისა - ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის სრულიად მისაღებია, რადგან მათ კარგად ახსოვთ: როდესაც საქართველოში მჩქეფარე და ბობოქარ ცვლილება-ტრანსფორმაციას დაუჭირეს მხარი 2003 წლიდან, შედეგად არასასურველი თავის ტკივილები (თუნდაც 2008 წლის ომი) და აბეზარი პრობლემები მიიღეს მაშინ, როდესაც მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, რთული, ხანგრძლივვადიანი, სისტემური და არსებითი პრობლემები აქვთ გადასაჭრელი ევროპაშიც, უკრაინაშიც  და ახლო აღმოსავლეთშიც.

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .