ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი ჯოუელი საკონსტიტუციო ცვლილებებს იწონებს. როგორც მან ქართულ მედიას ბერლინში განუცხადა კონსტიტუციის პროექტი კარგად პროგრესირებს.
"ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიის ამ ეტაპზე კონსტიტუციის განახლება არაჩვეულებრივი იდეაა. USAID - მა მთხოვა ექსპერტული დასკვნის შემუშავება. შედეგი უნდა იყოს ნაყოფი, კონსტიტუციური ნაყოფი, რომელიც იზრდება ქართულ ნიადაგში და შესაბამისობაშია საქართველოს ტრადიციებთან, მაგრამ ასევე, შეესაბამება საერთაშორისო, განსაკუთრებით, ევროპულ სტანდარტებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით. როგორც ჩანს, ეს პროექტი სწორედ ამ მიმართულებით მიდის", - განაცხადა ევროპელმა ექსპერტმა.
ბერლინში საქართველოს კონსტიტუციის ირგვლივ მსჯელობა გრძელდება. ბერლინში ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრები გუშინ დაიწყო. შეხვედრებს გერმანელი და ბრიტანელი სპეციალისტებიც ესწრებიან. ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის პროექტს ევროპელ ექსპერტებს მუხლობრივად გააცნობს. ბერლინში იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.