ENG / RUS       12+

რა ხდება „რუსთავი ორში?“

ყველაზე რეიტინგულ და, იმავდროულად, ოპოზიციურ ტელევიზიაში რომ „ყველაფერი რიგზე ვერაა“, ჯერ კიდევ მაშინ გახდა ნათელი, როდესაც „რაღაც გაუგებარ რუსულენოვან საიტზე“ გამოქვეყნდა საერთაშორისო საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერი: ერთ-ერთი მონაწილე, - ნიკა გვარამიას „მსგავსი ხმით“, - ყარამანიშვილებს, რბილად თუ ვიტყვით, „არასასიამოვნოდ“ მოიხსენიებს.

აქვე: ზოგადად, ქართველმა „სელებრიტებმა“ თუ VIP-პერსონებმა ვერა და ვერ შეიგნეს, რომ საერთაშორისო საუბრებისას ფრთხილად უნდა იყონ, რადგან საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, ყველა სატელეფონო ხაზი საქართველოდან - უცხოეთისკენ გადის ნოვოროსიისკზე; იქ იწერება, შემდეგ ითარგმნება და ქვეყნდება იმის მიხედვით, რა ინტერესი აქვთ ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში სპეცსამსახურებს.

ბუნებრივია, ყარამანიშვილებს ეს საუბარი და მათი მშობლების „ხსენება“ ძალიან არ ესიამოვნებოდათ. მით უმეტეს იმსაგან, ვისაც თვეში 18 ათას დოლარს უხდიან ხელფასს. თუმცა, მაინც  სცადეს ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს „გაატარეს“. სინამდვილეში არ „გაუტარებიათ“, დაიმახსოვრეს, დაიბოღმნენ, ოღონდ შესაბამის მომენტს ელოდნენ, რაკი „მშობლებთან“ ერთად ის მილიონებიც ეცოდებოდათ, რაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩადეს ტელევიზიაში: დელისთან მდებარე კორპუსიდან - უზარმაზარ საკუთარ შენობაში გადმოიყვანეს, აპარატურა შეუძინეს და ა.შ.

არ არის გამორიცხული, ძმები ყარამანიშვილები უკვე ნანობენ კიდეც ამ ინვესტიციებს და, საერთოდ, ამ საქმეში (დიდ შარში) გახვევას, მაგრამ იმ ფულს რა უყონ, რაც ნამდვილად ჩადებულია? ამიტომაც ცდილობდნენ, თუ გახსოვთ, კეზერაშვილის „ცოლის ძმისთვის“ ტელევიზიის მიყიდვას, თუმცა არ გამოვიდა, რადგან იმ მომენტისთვის „რუსთავი-2“ უკვე დაყადაღებული იყო და კეზერაშვილიც, როგორც ჩანს „ქეშზე“ ვერ დაითანხმეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თითქოსდა, ყველაზე უცნაური ისაა, რომ აურზაური რ2-ის  შიგნით, ანუ „ციხის შიგნიდან გატეხვა“ მაშინ დაიწყო, როდესაც სტრასბურგმა შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელევიზიის კიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შესახებ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა კი, შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. არადა, საქმეც სწორედ ისაა, რომ ყარამანიშვილებს ამგვარი გაურკვევლობა (მით უმეტეს  წლობით გაჭიანურებული) უკვე ძალიან არ აწყობთ. მათთვის ეს მიუღებელია, როგორც ბიზნესმენებისათვის, რაკი გაურკვევლობა კლავს ბიზნესს: როგორი პოპულარული და რეიტინგულიც არ უნდა იყოს ტელევიზია, ასეთ არაპროგნოზირებად სიტუაციაში იგი აუცილებლად გახდება დოტაციური (თუ უკვე არ არის); შესაბამისად, დამფუძნებლებს მოუწევთ ახალი ინვესტიციების განხორციელება თუნდაც სახელფასო ფონდის შესავსებად. „ძმებს“ ეს ძალიან არ მოსწონთ. ამიტომ გადასახადების გადახდაც შეწყვიტეს და, რაც მთავარია, ხელფასების საკითხშიც შეიქმნა პრობლემები -  პირველად მრავალი წლის განმავლობაში.

„ხელფასები“ ბევრად არსებითია, რაკი ფინანსთა მინისტრი და მისი საგამოძიებო სამსახური, პოლიტიკური მოსაზრებებით, კიდევ დახუჭავენ თვალს გადასახადების არგადახდაზე, მაგრამ იმ ჟურნალისტებს როგორ „დააბავ“, ვინც, ხელფასს მონატრებული, სხვა ტელევიზიებში გადავა? უკვე გადადიან როგორც ვიცით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყარამანიშვილებს არც ის ესიამოვნებოდათ, რომ ნიკა გვარამიამ კიბარ ხალვაშს შესთავაზა რამდენიმემილიონიანი კომპენსაცია და დღემდე უცნობია, ამ თანხას ვინ იხდიდა - „რუსთავი ორის“  ჟურნალისტური კოლექტივი?

შემდეგ მოვლენები კიდევ უფრო უცნაურად განვითარდა: ყარამანიშვილებმა ჟურნალისტურ კოლექტივს ჯერ დაყადაღებული 40% შესთავაზეს, შემდეგ კი ტელევიზიის მფლობელი კომპანია „საქართველოს“ 51%. ოღონდ მათი პირობა სააქციო საზოგადოების შექმნა იყო, რასაც გვარამიამ (მას ჭკუა არ აკლია) საპასუხო წინადადება შეაგება: შეიქმნას არა სააქციო საზოგადოება, არამედ  შპს, რომელსაც გადაეცემა ხსენებული კომპანიის 51%, ანუ თვით ტელეკომპანია, რადგან სწორედ  „ტელეკომპანია საქართველო“ ფლობს „რუსთავი  ორს“.

ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ თუ ყარამანიშვილების მიზანი ნამდვილად ტელევიზიის „ჟურნალისტებისთვის გადაცემაა“, მაშინ მიზანშეწონილი ფორმა სწორედ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება იქნებოდა და არა „სააქციო საზოგადოებისა“.  გვარამია უდავოდ მართალია, რომ  „სააქციო საზოგადობის“ მძიმე იურიდიული და პრაქტიკული ბუნებიდან გამომდინარე, ამ ფორმით ტელევიზიის განკარგვა და პრობლემების გადაწყვეტა უბრალოდ, ტექნიკურად შეუძლებელი გახდებოდა, ხოლო რაკი არანაირ დივიდენდზე, დოტაციური ტელევიზიის პირობებში, ლაპარაკიც არ შეიძლება, მაშინ ცალკეული ჟურნალისტებისთვის (ფინანსური და ქონებრივი თვალსაზრისით) რა მნიშვნელობა ჰქონდა „შპს“ იქნებოდა თუ სააქციო საზოგადოება? სამაგიეროდ, ვიმეორებ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  მართვისა და განკარგვის მხრივ: შპს „რუსთავი-2 ჩემია“, რომელშიც ტელევიზია ელიტა და მენეჯმენტი გაერთიანდება, ბევრად კონსოლიდირებული და ნაკლებ „მოწყვლადი“ იქნება, ვიდრე სააქციო საზოგადოება მისი „ბორდით“.

ყარამანიშვილებმა, თუ ბოლო განცხადებით ვიმსჯელებთ, ამ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, რაც ზრდის ეჭვს, რომ „ჟურნალისტებისათვის ტელევიზიის გადაცემა“ სინამდვილეში ფიარი, ბლეფი და ცრუპენტელობაა, ხოლო ნამდვილი მიზანი იყო და არის მომავალი გარიგების „შეფუთვა“, რითაც მფლობელები ამ აქტივების თავიდან მოცილებას შეეცდებიან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არ არის გამორიცხული, გარიგების მეორე მხარე იგივე კიბარი იყოს. „კიბარს ვინ მისცემს საამისო ფულს, თუკი თავად 7 მილიონზე დავობდაო“, ნამდვილად რიტორიკული კითხვაა: ვიცით ვინც მისცემს ფულს - ვისაც ბევრი ფული აქვს.

თუ ამგვარი გარიგება შედგა, საქართველოს უზენაესი სასამართლო „ყადაღებს“ გააუქმებს, ხოლო სტრასბურგის საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნება.

რჩება თვით ნიკა გვარამიას „პრობლემა“, რაკი მასთან გაფორმებული ძალიან უცნაური ხელშეკრულებით, ყარამანიშვილებმა იკისრეს პასუხისმგებლობა, გენერალური მენეჯერისთვის 5 მილიონი გადაეხადათ მისი  სამსახურიდან „გაშვების“ შემთხვევაში და (რაც საერთოდ გამაოგნებელია) 2,5 მილიონი, თუ ნიკა გვარამია საკუთარი ნებით დატოვებს პოსტს!

ბუნებრივია, ამგვარ ხელშეკრულებას ბიზნესთან საერთო არაფერი აქვს. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური პროექტი და ყარამანიშვილებმა ინვესტიცია განახორციელეს არა „რუსთავი ორში“, არამედ მიშა სააკაშვილში, რომელიც სულაც არ მიაჩნდათ განწირულ პოლიტიკოსად. გარდა ამისა, ისიც იცოდნენ, რომ საააკშვილი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავდა. „გეგმავდა“ არა საქართველოში, არამედ უკრაინაში, სადაც მოღვაწეობენ ყარამანიშვილები.

მაგრამ ეს პროექტი როგორც ვხედავთ, ჩავარდა: მიშას პრეზიდენტ პოროშენკოსთან ურთიერთობა გაუფუჭდა. თანაც იმდენად, რომ დანასისხლად გადაეკიდა, რაც გამორიცხულია უკრაინელ (!) ბიზნესმენ ყარამანიშვილებს არ აშფოთებდეთ და მაინცდამაინც სურდეთ „აუტკივარი თავი“ უკვე უკრაინაშიც  აიტკივონ.

შესაბამისად, ისინი ახლა ყველანაირად ცდილობენ ამ საქმიდან „გასვლას“. მაგრამ ასე იოლი არ იქნება: პოლიტიკური ინვესტიციები ბიზნეს-ინვესტიციებზე ბევრად მომგებიანი, თუმცა, ხშირად, ბევრად სარისკოცაა, რადგან მათი „მოშორება“ წარმოუდგენლად ძნელია.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ნიკა გვარამია ძალიან ოსტატურად და ჭკვიანურად თამაშობს საკუთარ თამაშს: მეპატრონეებთან გამიჯვნა სასარგებლოც კი შეიძლება აღმოჩნდეს: რაც არ უნდა გააკეთონ ყარამანიშვილებმა, თუნდაც გაურიგდნენ კიბარს, ტელევიზიის გენერალურ მენეჯერს ისინი ვერ შეცვლიან, ხოლო მთავარ სუბიექტად ტელევიზიის ჟურნალისტური კოლექტივი დარჩება როგორც სტრასბურგისთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის. ანუ ლოზუნგი, „ძირს ბიძინა, ძირს კიბარი, ძირს გამყიდველი ძმები“ სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელია.

„სახელფასო ფონდის“ შესავსებად აუცილებელი სახსრები კი მოიძებნება: ჯერ მთლად ასე არ გაღარიბებულან ის პოლიტიკური ძალები, ვინც თავის მომავალს სწორედ ამ ტელევიზიას უკავშირებს.

 

კახა კირვალიძე 

ავტორი: . .