ENG / RUS       12+

„ფოტოგრაფების საქმე“: მიზღვა 6 წლის შემდეგ

ისტორიაში ხშირად მომხდარა, როდესაც ერთი კონკრეტული საქმე ამჟღავნებს რეჟიმის არსს.

როდესაც 2011 წელს ფოტოგრაფები (მათ შორის პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე)  დააპატიმრეს, მიხეილ სააკაშვილს უკვე ნათქვამი ჰქონდა ფრაზა, რომელიც მისი მმართველობისა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახელისუფლებო-პოლიტიკური მენტალობის გასაღებია: „ყოველთვის მინანია, როცა უკან დამიხევია და   არასდროს   მინანია, როცა კომპრომისზე უარი მითქვამს!“.

პოლიტიკოსებს, ზოგადად, არ ჩვევიათ გულწრფელობა, საჯარო ნარცისიზმი და საკუთარ ემოციებზე ღიად საუბარი. თუ ილაპარაკებენ, მხოლოდ თვალთმაქცურად და PR-ისთვის, მაგრამ სააკაშვილის ერთ-ერთი თავისებურება ძალაუფლებით ღია ტკბობაა, ანუ  დაუძლეველი ექსჰიბიციონიზმი. და ეს „ქამინგ-აუთიც“უეჭველად ამის შედეგია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ სხვა გახმაურებულ საქმეს, სინამდვილეში, სააკაშვილის რეჟიმისთვის ისეთი ზიანი არ მიუყენებია, როგორც „ფოტოგრაფების საქმემ“ მიაყენა. თქვენ წარმოიდგინეთ, რობაქიძისა და გირგვლიანის კი, რადგან სწორედ „ფოტოგრაფების საქმემ“ წარმოაჩინა, თუ დიდი „ბაქი-ბუქისა“ და გნიასის მიუხედავად, რამდენად სუსტია, სინამდვილეში, სააკაშვილის  რეჟიმი!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პოლიტიკის ანა-ბანაა: ან არ უნდა დაიჭირო, ან, თუ დაიჭერ, აღარ უნდა გაუშვა!  წარმოუდგენელია საშუალო დონის „სოფლის პოლიტიკოსსაც“ კი არ ესმოდეს.  ოღონდ სააკაშვილი  იმ დროს, - 2011 წელს - საკუთარ ემოციებს უკვე ვეღარ მართავდა.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის შემდეგ, „ფოტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთმა იდეოლოგმა, შოთა უტიაშვილმა ძალიან საინტერესო რამ თქვა: „პრინციპულ საქმეებში ყველა უკან დახევა ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ძვირი დაუჯდაო“.

როგორც ჩანს, უტიაშვილი, ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ „ფოტოგრაფების საქმეს“ გულისხმობდა და არც ის გეგონოთ შემთხვევითი, რომ იგივე უტიაშვილი (და არა თამარ ჩერგოლეიშვილი) გახდა პირველი, ვინც 2016 წლის 8 ოქტომბრის კატასტროფულად წაგებული არჩევნების შემდეგ საწყისი „ფეისბუკ-გუნდა“ ესროლა სააკაშვილს, რითაც „ძალოვანთა“ უწინდელი წყენა გამოხატა: „ან რას გვაჭერინებდი და თუ დაგვაჭერინე, მერე რაღას უშვებდიო“. დიდხანს აგროვა ეს წყენა და ბოლოს გამოხატა კიდეც, როცა მომენტი დადგა.

შეგახსენებთ აგრეთვე მერაბიშვილ - ადეიშვილის სატელეფონო  საუბარს  (იმავე უტიაშვილის მონაწილეობით), რომელიც, რასაკვირველია, რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს სიტუაციის კიდევ უფრო გასართულებლად: ვანო მაშინ საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ხოლო საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა ხაზი ნოვოროსიისკზე გადის.

ზოგადად, ეს „ჭკუისკოლოფები“, ვითომ ძალიან ჭკვიანები იყვნენ, თუმცა ამ გარემოებას რატომღაც არ ითვალისწინებდნენ.

მერაბიშვილი კი ბევრს ხითხითებს („ა . . .  კანფეტი . . .  კანფეტი . . . .“) იმ საუბარში და ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცოლსაც „აღადავებს“, თუმცა ახლა ნანობს ალბათ იმ საუბარს, რადგან საეჭვოა დღეს სახითხითოდ ან სხვისი ცოლის „საღადაოდ“ ჰქონდეს საქმე. 

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სინამდვილეში რა მოხდა, როგორ და რატომ, ძალიან იოლი ასახსნელია: სააკაშვილი მუდამ უდიდესი ყურადღებით ადევნებდა თვალს საკუთარ „დასავლურ იმიჯს“. 26 მაისს, მიტინგის დარბევისას, სპეცდანიშნულების რაზმს მისგან მიცემული ჰქონდა მკაფიო ბრძანება,  ნებისმიერი მეთოდით აღეკვეთა ფოტო გადაღება.  ამას ყველა ადასტურებს, ვინც იმ ღამით იქ იმყოფებოდა: უამრავ ფოტოკორესპონდენტს დაუმტვრიეს კამერა ან წაართვეს. მაგალითად, მოსკოვურ გაზეთ „კომერსანტის“ ფოტოკორ ლებედევს 15 ათას დოლარიანი ფოტო-კამერა წაართვეს და აღარ დაუბრუნეს.

მიშა იმ ღამესვე გადაფრინდა ბრიუსელში და შეხვდა „შეშფოთებულ ევროკომისარს“, რათა  აეხსნა, რომ ყიველივე „რუსული სპეცსამსახურების მოწყობილი პროვოკაცია“ იყო. ალბათ დაარწმუნა კიდეც, მიუხედავად მსხვერპლისა.

მაგრამ წარმოიდგინეთ მისი გაავება, როცა ბრიუსელის სასტუმროში გაიღვიძებდა მეორე დილით, „პლანშეტს“  ჩართავდა და წამყვან დასავლურ საიტებზე იხილავდა უმაღლესი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გადაღებულ საშინელ ფოტოებს. ბუნებრივია, მაშინვე გასცემდა ბრძანებას -  „როგორ და ვინ“.

გაბრაზება გაცოფებაში გადაეზრდებოდა, როცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოახსენებდნენ, რომ  კადრები  მისი პირადი ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის გადაღებული იყო!

აქვე: თითქმის ყველა ფოტო სწორედ გედენიძის გადაღებულია. სხვა ორი ფოტოგრაფი ამ კადრებს  საკუთარ სააგენტოებში ავრცელებდნენ, მაგრამ ავტორი გედენიძეა.

დავაკვირდეთ მასალებს: ჯერ ერთი, თვალში საცემია  ბრწყინვალე პროფესიონალიზმი (მიშასთან ამ დარგში დილეტანტები არ მუშაობდნენ) და მეორეც: აშკარაა, რომ ფოტოგრაფს, უმრავლეს შემთხვევაში, „ზუმ“-ის გამოყენებაც კი არ სჭირდება, -  იმდენად ახლოს და მოხერხებულად იმყოფება ობიექტთან.

როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო, თუკი ყველა „ფოტოკორს“ კამერას თავზე ამტვრევდნენ და ნეკნებსაც ულეწავდნენ გაავებული „სპეცდანელები“ - 10 აგვისტოს რომ კურდღლებივით მოკურცხლეს და იმ დღეს საკუთარ უიარაღო თანამემამულეებთან იყვნენ „შეუვალი ვაჟკაცები?“

ძნელი მისახვედრი არ იყო და არც ახლაა:  26 მაისს კადრების გადაღება შესაძლებელი  გახდა იმის წყალობით, რომ ავტორს ჰქონდა „დაშვება“, ეკეთა შესაბამისი „ბაჯი“, მას იცნობდნენ, ხელს არ უშლიდნენ მუშაობაში და იგი მოძრაობდა სპეცდანთან ერთად ან, ყოველ შემთხვევაში, მისგან ხელშეუხებლობის გარანტიით, რაკი ქვედანაყოფთა მეთაურებმა იცოდნენ, რომ ეს „ჩვენიანია“ და ფოტოები არა გასავრცელებლად, არამედ სამსახურეობრივი მოხმარებისთვისაა საჭირო. ისევე, როგორც ვიდეო-კადრები, რომლებსაც შსს-ს ასევე შტატიანი ვიდეო-ოპერატორი იღებდა იმ ღამით და არც მისთვის შეუშლიათ ხელი. ოღონდ ის კადრები არავის უნახავს, რადგან შსს-ში ჩააბარა და მორჩა.

აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რა „პიეტეტით“ ეპყრობოდა სააკაშვილი ყველა ტექნიკურ მუშაკსაც კი, საკუთარ ადმინისტრაციაში, ვისზეც მისი „იმიჯი“ იყო დამოკიდებული. მათ შორის უბრალო ტელეოპერატორებს, ფოტოგრაფებს და ა.შ.  სულ „ძმებს“ და „მეგობრებს“  ეძახდა, თავს ევლებოდა. . . . . . .  ეს გარემოება და ასეთი „უმადურობა“ მის გაცოფებას გააასმაგებდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვათა შორის, წმინდად ფორმალურად თუ მივუდგებით, როდესაც პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი საკუთარ სამსახურეობრივ მდგომარეობას იყენებს ფოტოს გადასაღებად და მერე ამ ფოტოებს ყიდის, ეს, როგორც მინიმუმ (ვიმეორებ როგორც მინიმუმ), ეთიკური კოდექსის დარღვევაა. ხოლო როგორც მაქსიმუმ, არსებობს კიდევ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი „სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება პირადი ანგარების მიზნით“.

თუმცა, როგორ წარმოგიდგენიათ გაგიჟებულ და გაცოფებულ მიშას ის დააკმაყოფილებდა, „მოღალატე გედენიძე“ უბრალოდ  სამსახურიდან გაეშვა „არაეთიკური საქციელის გამო“?!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  შეშინებული გედენიძე, თავის დასაზღვევად, პრეს-კონფერენციას ჩაატარებდა და იტყოდა:  „პრეზიდენტმა კი არ გამომაგდო, მე თვითონ წამოვედი,  რაკი ამ ბარბაროსული დარბევის ფაქტი მსოფლიოს ვამცნეო“.

ეს ნამდვილად არ აწყობდა ხელისუფლებას. მაშ რა ეღონათ და როგორ ეძიათ შური? ალბათ სწორედ მაშინ გადაწყდა „ჯაშუშობის“ საქმის შეკერვა. მაგრამ მარტო გედენიძეზე არ გამოვიდოდა - ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო „თანამზრახველების ჯგუფი“, „კავშირები“, „საიდუმლო მიმოწერა“ და ა.შ და ა.შ. ამიტომ, მიზანში ამოიღეს ის ფოტოგრაფები, ვისაც გედენიძემ 26 მაისს გადაღებული კადრები უწილადა. მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მათგანი, - გიორგი აბდალაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფად ირიცხებოდა ფორმალურად. თუმცა მისი ძირითადი სამსახური  ეს არ იყო.   მაგრამ ამის „გაპიარება“ შეიძლებოდა საქმის შეთითხვნისას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კი, მოდით ჩავხედოთ საქართველოში მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსს. სიტყვა სიტყვით ვციტირებ 314 მუხლს „ჯაშუშობა“: „უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი  წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“.

დააკვირდით: საუბარია არა მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, არამედ ნებისმიერ „სხვა ინფორმაციაზე“, რომელიც მიეწოდება უცხოეთის არა მხოლოდ სპეცსამსახურს, არამედ ნებისმიერ „უცხოურ ორგანიზაციას“ და „ზიანს აყენებს საქართველოს ინტერესებს“.

მერედა, ვინ წყვეტს, რა მასალები უნდა ჩაითვალოს „საქართველოს ინტერესების საზიანოდ“ და რა - არა? გამოდის, წყვეტს ის უწყება (ამ შემთხვევაში შსს ან პროკურატურა) ვინც სისხლის სამართლის საქმე აღძრა!

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს „დიდებული ჩანაწერი“, რომლითაც ნებისმიერი ჟურნალისტის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ხუშტურით დაპატიმრება და მრავალი წლით ციხეში განმწესება  შეიძლება, სისხლის სამართლის კოდექსში თავდაპირველად მოხვდა 1990-იანი წლების ბოლოს: „დიდი რეფორმატორებისა“ და არანაკლებ „დიდი დემოკრატების“, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელ“-ების, - ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით.

არც ერთი უცხოელი ამ კონკრეტული დებულებით გასამართლებული არ ყოფილა და სწორედ „ფოტოგრაფების საქმეზე“ მოხდა მისი აპროპირება.

საფუძველი კი 26 მაისის ფოტოები გახდა, რადგან,  ისევ და ისევ, თუ ფორმალურად მივუდგებით, ამ ფოტოების  გადაგზავნა „უცხოური ორგანიზაციებისათვის“ -  სისხლის სამართლის კოდექსის ზემოთმოყვანილ მუხლს არღვევდა. ყოველ შემთხვევაში, ფოტოგრაფებზე უმოწყალო შურისძიებასა და ბოღმის ნთხევას იურიდიულად „აპრავებდა“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ ამის ღიად თქმა არ აწყობდათ! აი, ეს მომენტია მთელს ამ ბინძურ ისტორიაში განმსაზღვრელი: არ აწყობდათ პირდაპირ ეთქვათ, რომ სწორედ იმ ფოტოების გადაგზავნა  ჩათვალეს ან „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად“ (გედენიძის მხრიდან) ან სსკ-ს 314 მუხლის ციტირებული, ფაშისტურ-კომუნისტური ჩანაწერის დარღვევად.

მაშინ გამოვიდოდა, რომ ეს ბიჭები ნამდვილად 26 მაისის ფოტოების გამო ისჯებოდნენ.

ამიტომ, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა შეიმუშავეს ჩვეული  გაიძვერული გეგმა: შეთითხნეს ე.წ. „შპიონაჟის საქმე“, ვითომდაც აბდალაძე რაღაც საგარეო საქმეთა სამინისტროს „ზესაიდუმლო“ პროტოკოლის მასალებს უგზავნიდა ვიღაცას და სხვა ათასი  სისულელე.

გიგა ბოკერიამაც კი აღიარა ამას წინათ: „მტკიცებულებები არ გვყოფნიდა ფოტოგრაფების წინააღმდეგო“. არადა, „მტკიცებულებები არ ყოფნიდათ“ მხოლოდ „პროტოკოლის მასალების“ ნაწილში, თორემ საქმე თუ სასამართლომდე მივიდოდა, ფოტოგრაფებს სწორედ 314 მუხლის იმ ჩანაწერით გაასამართლებდნენ, რომლითაც ფოტოს გადაღება და გადაგზავნა, იურიდიულ-ფორმალურად, მართლა  ჯაშუშობა გამოდის - თუ ხელისუფლებამ  ასე მიიჩნია

ამ არგუმენტებს იმ შავ-ბნელი საქმის მთავარი „მკერავები“ და „გამპრავებლები“ დღეს ასე პასუხობენ: „რა სისულელეა, - სასამართლოზე ხომ მაინც გაირკვეოდა, რომ მთავარი ბრალდება არა „პროტოკოლის მასალები“ და სტუმართა გადაადგილების მარშრუტები, არამედ 26 მაისი ფოტოები იყოო“.

ნუ ცრუპენტელობთ და ნუ გვატყუებთ! ჯერ ერთი, მოქმედი კანონმდებლობით, პროკურატურას უსასრულოდ შეეძლო წინასწარი პატიმრობის გაგრძელება „განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეზე“.  მაგრამ რომც მისულიყო საქმე სასამართლომდე, სხდომები  იქნებოდა დახურული!!! პროცესის  ყველა მონაწილეს, ადვოკატების ჩათვლით, ხელს მოაწერინებდნენ „განუმხილებლობაზე“, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ.

სწორედ ამიტომ გაასაიდუმლოეს საქმის მასალები და ამიტომ ემზადებოდნენ დახურული სასამართლო პროცესის გასამართად.

ასეთივე ცრუპენტელობა და გაიძვერობაა  რომ „. . . .  26 მაისს ფოტოებს სხვებიც ხომ იღებდნენ, სხვა რატომ არავინ დავიჭირეთ?. . . .“

ჯერ ერთი, ის „სხვები“ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფები არ ყოფილან; მეორეც, „დაშვება“ არ ჰქონდათ, ანუ კადრების ხარისხი შეუდარებელია; და, რაც მთავარია,  „სხვები“, თუ კიდევ ვინმე იღებდა რამეს პროფესიული კამერებით (რაც ძალიან საეჭვოა),  ნამუშევარს ევროპის უდიდეს ფოტო-სააგენტო EPA-ში არ აგზავნიდნენ, რომელიც, თავის მხრივ, შემდეგ, მსოფლიო გრანდებს აწვდიდა: WP, NYT, WSJ, USA-today, Times და ა.შ. ეს კადრები ფოტოხელოვნების იმდენად ბრწყინვალე პროფესიული ნიმუშია, რომ ყველამ დადო საიტზე ან გამოაქვეყნა ბეჭდურ ვარიანტშიც კი.

ამან გააცოფა სწორედ მიშა!  

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ მცირე ხნის შემდეგ,  სააკაშვილი ბოღმა-გაცოფებისგან გამოერკვა და მიხვდა, რომ საქართველოში (არა მხოლოდ საქართველოში) გაშლილი ფართო პროტესტის გამო, მისი „დასავლური იმიჯი“ მეტისმეტად ზიანდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, გირგვლიან-რობაქიძის საქმეებზე მეტადაც კი.

„ფოტოგრაფების საქმე“ ერთგვარ „მემად“-აც კი იქცა მსოფლიო მედიაში და სააკაშვილისთვის  საშიში განწყობების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს დასავლურ ელიტებში. იქ ხომ უკვე ისედაც დაღლილნი იყვნენ მისი გაუთავებელი სიგიჟეებით - „მოდელირებული ქრონიკით“ და სხვა მსგავსით.

ამიტომ, მიშამ   „ორგანიზებული უკანდახევა“ გადაწყვიტა.  თუმცა ამის ნაცვლად, 2008 წლის „გორის ეპიზოდის“ მსგავსი პანიკური გაქცევა გამოუვიდათ:  უტიაშვილი რომ ამბობს ზემოთდალინკულ საუბარში: „ფოტოგრაფებს ვევაჭრებით - 2 წელს მივცემთ აღიარების ნაცვლად თუ 3 წელსო“, ბოლოს იძულებულნი გახდნენ საერთოდ გაეთავისუფლებინათ  ისეთი „აღიარებებით“, რაც მაინც არავინ დაიჯერა და მართლა იდიოტურ მდგომარეობაშიც ჩაიგდეს თავი. აბა სად გაგონილა „ჯაშუში“ (ესე იგი სამშობლოს მოღალატე!) „საპროცესო გარიგებით“ გათავისუფლდეს - მხოლოდ აღიარების სანაცვლოდ? სასჯელის ვადის შემცირება, კი ბატონო, მაგრამ საერთოდ გამოშვება?

ეს „გამოშვება“, ესე იგი ხელისუფლების სრული კაპიტულაცია, მით უმეტეს გახდა იმის დადასტურება ყველასათვის (საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც), რომ არაფერი „ჯაშუშები“ ეს ბიჭები არ ყოფილან და მთელი საქმე თითიდან  ბოღმით გამოწოვილი პროვოკაცია იყო, მეტი არაფერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ბოლოს: „ფოტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი რიგითი „მკერავის“,  დავით დევნოზაშვილის დაპატიმრება  უეჭველად ნიშნავს იმას, რომ  ვანოს, ზურას და თვით მიშას წინააღმდეგ ახალი საქმის აღძვრა მზადდება, ვინაიდან დევნოზაშვილი საკუთარი ინიციატივით ნამდვილად არ მოქმედებდა და ვერც იმოქმედებდა. ის   ბრძანებას  ასრულებდა და აუცილებლად იტყვის, ვის ბრძანებას ასრულებდა;  ვისაც დევნოზაშვილი დაასახელებს, ისიც მისცემს „უფრო ზევით“ ჩვენებას და ა.შ.

ბოლოს მივლენ ისევ და ისევ იმ „პირველწყარომდე“, რომელმაც საკუთარი მძვინვარე ვნებები ვერ დაიოკა და წინასწარ წასაგებად განწირულ საქმეში იმოქმედა არა გონებით, არამედ იმპულსური ემოციით - ბოღმითა და გაცოფებით.

პოლიტიკური ნიჭის „ხერხემალი“ თმენის უნარია. „ფოტოგრაფების საქმე“ მკაფიო ილუსტრაციაა, რომ ამ უნარის არმქონე და „ემოციურად ფეთქებადი“  მენტალობის ადამიანი ხელისუფლების სათავეში  უბრალოდ საშიშია, რადგან  დაღუპავს ქვეყანას.

 თუ უკვე არ დაღუპა.

კახა კირვალიძე 

 

ავტორი: . .