ENG / RUS       12+

კვირიკაშვილის მთავრობა-2016: „განახლებული“ განუახლებადობის განუახლებლობა

 „ახალი“ მთავრობის პრეზენტაციაზე ოთხი მომენტი მიიპყრობდა დაკვირვებული თვალის ყურადღებას.

პირველი: ანტურაჟი;  წმინდა თეატრალური აღქმით, მთავრობის წევრები ბრბო-ჯოგად კი არ იდგნენ პრემიერ მინისტრის უკან, არამედ კოხტად, ზუსტად დაცული დისტანციით განლაგდნენ სცენაზე აშკარად წინასწარ „გაზომილი“ და მომზადებული ადგილების შესაბამისად.  გენდერული ბალანსიც კი  იყო დაცული იმით, რომ ქალბატონი წულუკიანი პრემიერისგან ერთ მხარეს იდგა, ხოლო ქალბატონი ციხელაშვილი - საპირისპირო მხარეს.

მეორე: მთავრობის თავმჯდომარემ  მინისტრები კი ჩამოთვალა, ოღონდ არასრულად: ძალოვანი მინისტრები არ უხსენებია. როგორც ჩანს, ამით უნდოდა ეთქვა, რომ მათი საკითხი არც კი განიხილებოდა.

მესამე: „წასულები“, სინამდვილეში, შორს არსად წასულან, რადგან ექს-ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც და ექს-ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილიც იქვე ისხდნენ ამაყად. უახლოეს მომავალში მაღალანაზღაურებად პოსტებსაც დაიკავებენ „სახელმწიფო სტრუქტურებში“

მეოთხე: გიორგი კვირიკაშვილმა სწორ და ზუსტ ევფემიზმს მიაგნო ამ „ძველ-ახალი“ კაბინეტის აღსანიშნავად: „განახლებული“. ანუ, „ახალი“ ნამდვილად არ ეთქმის, „ძველი“  აშკარა „ქამინგ-აუთი“ იქნებოდა; ამიტომაც. . . . . . .  „განახლებული“.

„განახლების“ სიმბოლოებად კი ყოფილი ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია და „ახალგაზრდა ენერგიული მენეჯერი“  ზურაბ ალავიძე პოზიციონირებდნენ იმ სცენაზე.

ეს ორ „დანიშვნა“ (ისევე, როგორც ორივე „მოხსნა“) ძალიან ნიშანდობლივი გადაწყვეტილებაა: იმ ვითარებაში, როდესაც ლარი მართლა „გაფრინდა“, ოღონდ მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავივით არ იციან, სად,  როგორ ან რომელ „აეროდრომზე“ დაეშვება, ფინანსთა მინისტრი გაავებული ხალხის  განწყობისთვის უნდა შეეწირათ! ბოლოს და ბოლოს ასიათასობით „იპოთეკარი“, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს, ხოლო შემოსავალი - ლარში, აუცილებლად დასვამდა კითხვას:  „როგორ შეიძლება ფინანსთა მინისტრი პოსტს ინარჩუნებდესო“. ამიტომაც „გაუშვეს“ (რა გენიალური ევფემიზმია ესეც - წმინდად ქართული სოც-აზროვნების პროდუქტი), მაგრამ მის „ადგილზე“ ყოფილი ეკონომიკის მინისტრი დაინიშნა. თითქოსდა, მხოლოდ ფინანსთა მინისტრი აგებს  პასუხს ლარის დევალვაციისთვის, ხოლო ეკონომიკის მინისტრი თურმე „არაფერ შუაშია“, ამიტომ უნდა დაწინაურდეს.

რეალურად რომ ეკონომიკაა სწორედ „შუაში“, ეს კვირიკაშვილმა ძალიან კარგად იცის; მაგრამ იმასაც ჭკვიანურად ითვალისწინებს, რომ მასობრივი აღქმა (ანუ, თუ შეიძლება ასე ვაკადროთ მის უდიდებულესობას  „ხალხის ტვინი“) ისეთნაირადაა მოწყობილი, ყველაფერს პირველ რიგში ფინანსთა მინისტრს აბრალებს.

არადა, თვით გიორგი კვირიკაშვილს, სინამდვილეში, არც ერთი მიაჩნია დამნაშავედ და არც მეორე: ამიტომ, ერთის მხრივ ხადური „გაუშვა“, ამით ხალხის განწყობას გამოეხმაურა, მაგრამ მის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი დანიშნა, რითაც უკვე არა „ხალხს“, არამედ ბიზნეს-ელიტებს უთხრა: „ძვირფასო კოლეგებო, თქვენ ხომ გესმით, რომ ხადურის გადაყენება „ხალხის“ განწყობაზე რეაგირებაა მხოლოდ, მაგრამ  ჩვენც გვესმის, რომ  კრიზისის რეალური მიზეზი იგი არ ყოფილა და რეგიონული მომენტებითაა განპირობებული, ამიტომ მშვიდად იყავით: ჩვენს ეკონომიკურ თუ ფინანსურ პოლიტიკაში არაფრის შეცვლას არ ვაპირებთო“

სწორედ ამ მესიჯს („ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაში არანაირ სერიოზულ კორექტივებს არ ვაპირებთ, დამშვიდდით!“) შეიცავს არა მხოლოდ დიმიტრი ქუმსიშვილის „გადაყვანა“ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, არამედ მის შემცვლელად, ესე იგი ეკონომიკის მინისტრად ყოფილი ბიზნეს-ომბუდსმენის დანიშვნაც.

ანუ, ისევ და ისევ: შეტყობინება (იგივე „მესიჯი“ ქართულად) ბიზნეს ელიტებსა და ფინანსურ წრეებს: „მშვიდად იყავით, ჩვენს პოლიტიკაში არაფერი იცვლება, ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ პოლიტტექნოლოგიებია - მასის განწყობათა სრული იგნორირება არ შეგვეძლო“.

ამის კიდევ ერთი სიმპტომი გახდა დიმიტრი ქუმსიშვილის პირველივე ნიშანდობლივი განცხადება: „ჩვენი მიზანი ლარის დევნა არ არისო“. ანუ, ისევ და ისევ, ფინანსურ ბაზარზე მოთამაშეებს: „All relax!  თამაშის წესები არ იცვლება“.

ესეც მნიშვნელოვანი „შეტყობინებაა“ ქართული ბანკებისთვის, რომელთა საწესდებო კაპიტალის 95%(!!!) უცხოელებს ეკუთვნით და პირველ რიგში მათ სჭირდებოდათ „რელაქსაცია“,  თუ სჭირდებოდათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა, რაც შეეხება ნოდარ ჯავახიშვილს. მის ადგილზე „ახალგაზრდა ენერგიული მენეჯერი“ ინიშნება (სახელი და გვარი ბევრს არაფერს გვეუბნება); როგორც ჩანს იმ გათვლით, რომ ის უფრო შეძლებს იმას, რაც ნოდარ ჯავახიშვილმა ვერ შეძლო, ანუ გაკეთებულის „გაფიარებას“ იმის მეათედ დონეზე მაინც, როგორც ამას „ფიარის გენია“ მიშა ახერხებდა, როცა „თბილისი-გორის“ ავტომაგისტრალის ერთსა და იმავე მონაკვეთს სამჯერ ხსნიდა და ამას არათუ ვერავინ ამჩნევდა, არამედ (რაც ბევრად უფრო დიდ ნიჭს მოითხოვს) ყველა ამჩნევდა, თუმცა რატომღაც ბუნებრივად მიიჩნევდა: „აი, ნათურები ხომ დაამატესო“.

ჯავახიშვილმა ამდენი ვერ „მოტვინა“ და ვერ „მოახერხა“, თორემ გზებს რაც შეეხება, მის დროს, საბოლოოდ, მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ დაგებულა. რაც შეეხება „დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს“, მაგალითად „შემოვლით რკინიგზას“ და ა.შ, ნამდვილად შეჩერდა, ოღონდ ჯავახიშვილის გამო არა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც „ოცნების ხელისუფლებამ“ ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო.

„ნაციონალები“ ამ გადაწყვეტილებას მუდამ სასტიკად აკრიტიკებენ: „ამისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო თანხები ხელისუფლებამ სხვა მიმართულებით დახარჯაო“, ოღონდ არასდროს აზუსტებენ, რა იყო ეს „სხვა მიმართულება“, რაკი არ აწყობთ თქვან, რომ ეს „სხვა მიმართულება“ სწორედ ის „საყოველთაო უფასო ჯანდაცვაა“, რაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში და რამაც მოაგებინა, სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის არჩევნები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მრავლისმთქმელი გადაწყვეტილება გამოდგა „ვიკა“ სირაძის დაბრუნება მთავრობაში. ამით გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც, სინამდვილეში, ბევრად ჭკვიანია, ვიდრე ზოგიერთ თავად „ჭკუისკოლოფს“ ჰგონია, ერთდროულად რამდენიმე მიზანს მიაღწია:

 ჯერ ერთი, კიდევ უფრო „გააბანძა“ ამ ქვეყანაში „ოპოზიციის“ ცნება როგორც ასეთი! თუმცა ეს უკვე წვრილმანია. „ვიკა“ სირაძის დანიშვნის მთავარი მიზანი იგივე იყო, რაც, თავის დროზე თინათინ ხიდაშელის ნომინირებისა თავდაცვის მინისტრად: წაერთმიათ და მომავალშიც წაართვან ოპოზიციას მთავრობის „ანტიდასავლურობისა“ და „პროევროატლანტიკური კურსის ღალატის“  არგუმენტი-სათქმელი.

აბა როგორ შეიძლება იმ მთავრობის  „ევროატლანტიკური კურსში“ შეიტანო ეჭვი, რომლის თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელია, BBC-ს ეთერში რომ აცხადებდა: „ყველანი გმირულად დავიხოცებით რუსეთთან ომშიო“, თუმცა „ანაკონდა-2016“ წლის ეპოქალური სწავლებებიდან ქართული ასეულის მოხსნა მოუწია. „ჩუტყვავილას“ მიზეზით, რასაკვირველია.

ან როგორ შეიძლება „პრორუსულობა“ დააბრალო იმ მთავრობას, რომლის „ევროატლანტიკური ინტეგრაციის“ მინისტრი „ვიკა“ დოლიძეა? ვის მოუბრუნდება ენა?

„ენა“ ამაზე კი არა იმაზეც კი ვერ უბრუნდებათ, საერთოდ რას ნიშნავდა (ანუ, რას ჰგავდა) ეს „დაბრუნება“ იმ მთავრობაში, რომლესაც იგივე ბატონი ვიქტორი ჯერ კიდევ გუშინ ადანაშაულებდა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევასა და პოლიტიკურად მოტივირებულ დაჭერებში; ესე იგი, ფაქტიურად, დიქტატურაში! განა შეიძლება დემოკრატიულ მთავრობას „პოლიტპატიმრები“ ჰყავდეს? გამოდის, არანაირი „პოლიტპატიმრები“ არ არიან და არც ყოფილან!

მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ დელიკატურ საკითხზე მაინც იგივე ქალბატონი თინათინ ხიდაშელის გამონათქვამებია. ქალბატონმა თინათინმა „ვიკა“ დოლიძის გადაწყვეტილებაზე ისეთი კომენტარები გააკეთა, რომ ლეგიტიმურად გაჩნდა კითხვა: „რამე რომ ყოფილიყო“, თვითონაც ხომ არ დათანხმდებოდა პოსტს ამ მთავრობაში, გიორგი კვირიკაშვილს მისთვისაც რომ შეეთავაზებინა?

მისი კომენტარებიდან „რაღაც“ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უარს არ ეტყოდა, მაგრამ კვირიკაშვილმა მას არ შესთავაზა მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ქალბატონმა  (არა ვინმე სხვამ, არამედ სწორედ მან!) დაანგრია ისტორიული „რესპუბლიკური  პარტია“, რომელიც ე.წ. „ქართული პოლიტელიტის“ ერთ-ერთი (იშვიათი) ღირსება და პროფესიული „ნათელი წერტილი“  იყო წლების განმავლობაში.

პაატა ზაქარეიშვილიც აშკარად ელოდა პრემიერისგან შეთავაზებას იმავე პოსტზე, რაც მანამდე ეკავა, მაგრამ ვერ მიიღო, რაკი კვირიკაშვილმა ჩათვალა, რომ ის კომპრომისები, რაც დაუშვა, ისედაც საკმარისია  მიზნის მისაღწევად; ანუ, ბატონი ზაქარეიშვილი ამ მხრივ „სასარგებლო“ აღარ იქნებოდა: როცა არაფრის გაკეთებას არ აპირებ და არც აპირებდი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ  პოსტზე პაატა ზაქარეიშვილი გეყოლება, გოგა ხაინდრავა თუ ქეთევან ციხელაშვილი.

ციხელაშვილი არავის აღიზიანებს მაინც - წინამორბედისგან განსხვავებით.

რასაკვირველია, ამ დიდებულ, თეატრალურად სტილიზებულ  პრეზენტაციაზე კიდევ ერთი უხილავი პერსონაჟიც „იდგა“. იდგა მშვიდად, ამაყად და სოლიდურად. გიორგი კვირიკაშვილს იგი არ უხსენებია, მაგრამ პატივი მაინც მიაგო იმით, რომ ძალოვან მინისტრთა გვარები არც კი გააჟღერა „განახლების“ კონტექსტში.

ამით გაუსვა ხაზი, „ვისია“ სინამდვილეში ეს მთავრობა და ვინ მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში კიდევ ასე 20-25 წლის მანძილზე, - თუ „მთავარ“ (რეალურად უკვე  ერთადერთ)  ოპოზიციურ პარტიაში  პროგრესირებად მარაზმს გავითვალისწინებთ.

მიხეილ გეწაძე    

ავტორი: . .