ENG / RUS       12+

ვინ „გაუპრავებს“ ხელისუფლებას საკონსტიტუციო რეფორმას?

ამჟამინდელი და მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების შემდეგ „გაჟღერებული“ პირველივე განცხადებით ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი, საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ქვეყნის ძირითადი კანონის შემდგომი რეფორმირება იქნება. „ოცნების“ სხვა სპიკერთა თქმით კი, ეს, თურმე, ისეთი საკონსტიტუციო რეფორმა უნდა იყოს . . . .  ისეთი რომ . . .  ამის შემდეგ უკვე აღარავის მოუვიდეს აზრად „კონსტიტუციის ჭრა - კერვა“.

მეორდება ქართული პოლიტელიტისთვის დამახასიათებელი ნარატივი: „ჩვენ კი ვჭრით და ვკერავთ, მაგრამ ისე, რომ მომავალში უკვე აღარავის მოუვიდეს  აზრად . . “ და ა.შ.

ეს ყოველივე ბევრჯერ მოგვისმენია.

სააკაშვილის თანაპარტიელები ახლა შიშობენ, ვაითუ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოსო, რაკი დარწმუნებულნი არიან, ეს უმრავლესობა კონსტიტუციას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც თავად ექცეოდნენ, როცა თვითონ ფლობდნენ ამ ყბადაღებულ „საკონსტიტუციო უმრავლესობას“.

ანუ, არც თუ ნაზად გააუპატიურებს!

მათთან „აფილირებული“ ერთ-ერთი პოლიტოლოგი კი წუწუნებს: „რა უბედურებაა, ¾-მდე გაიზარდა საკონსტიტუციო ქვორუმი, მაგრამ მაინც არაფერი ეშველაო“. ანუ, „ოცნებამ“ ეს მაღალი ბარიერიც კი გადალახა.

სხვა რა მექანიზმი დარჩა პრემიერ კვირიკაშვილს დანაქადნების შესასრულებლად („ეს საბოლოო  და უკანასკნელი რეფორმა უნდა იყოს, ისეთი რომ . . . . მომავალში უკვე ვეღარავინ . . .)? მართლა საინტერესოა, ნეტავ რა ისეთ „გარანტიას“  შემოგვთავაზებენ მომავალში კონსტიტუციის მორიგი  გაუპატიურებისგან დასაცავად? ალბათ 100%-იან ქვორუმს ძირითად კანონში ცვლილებათა შესატანად! ანუ ყველა დეპუტატის თანხმობას - იმ იმედით, რომ მათში ერთი მაინც აღმოჩნდება „გიჟი“ და წინააღმდეგ მისცემს ხმას

ხოლო მრავალპარტიულ პარლამენტს, როგორც ერთგვარ გარანტიას რაც შეეხება, სრული გაუგებრობაა, თითქოს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება (რაც, სხვათა შორის  ზღაპარია, რადგან არც ერთი მაჟორიტარი ამას ხმას არ მისცემს და ვერანაირი „ბიძინა“  ვერ აიძულებთ) შექმნის პლურალისტურ პარლამენტს საქართველოში: წარმოვიდგინოთ, 8 ოქტომბერს ჩატარდა მხოლოდ პროპორციული არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48%, ნაციონალურმა მოძრაობამ - 27%, „ალიანსმა“ – 5%. მაშასადამე, ჯამში 80%. სად წავიდოდა დანარჩენი 20%? რასაკვირველია დაემატებოდათ „გასულ“ პარტიებს, რაც სავსებით საკმარისია თუნდაც არა საკონსტიტუციო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელი აბსოლუტური უმრავლესობის შესაქმნელად.

სინამდვილეში, ე.წ. „მსხვილი პარტიები“ ვითომ ვერ ხვდებიან, რომ თუ ნამდვილად სურთ (ან კი რატომ უნდა სურდეთ?) მრავალპარტიული პარლამენტი, მაშინ 5% ბარიერი უნდა დასწიონ 2-3%-მდე, რათა მოიშალოს სოციო-ფსიქოლოგიური სინდრომი, რომელიც განაპირობებს  ამომრჩევლის დაბალ აქტივობასა და მესამე-მეოთხე-მეხუთე პარტიათა მუდმივ „ჩავარდნას“: „ის (ალასანია, ნათელაშვილი, რესპუბლიკელები და ა.შ) ხომ მაინც ვერ გადალახავს ბარიერს და რატომ მივცე ხმა, ან რატომ მივიდე საერთოდ არჩევნებზე?“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ კვირიკაშვილის ინიციატივას. რეალურად, მასში არსებითი ის ნაწილია, როდესაც პრემიერი „წარმომადგენლობითი საკონსტიტუციო კომისიის“ შექმნაზე საუბრობს.

კვირიკაშვილი საკმარისად ჭკვიანია, რათა ხვდებოდეს: ¾ კი არა, 9/10-იც რომ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, იურიდიული ლეგიტიმურობა არ არის იგივე, რაც პოლიტიკური რესურსი: ანუ, მარტო, სერიოზული მოკავშირეების გარეშე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, „ოცნება“ საკონსტიტუციო რეფორმას ვერ განახორციელებს და კონსტიტუციას ვერ შეცვლის. ანუ, ვერ შეცვლის პრეზიდენტის არჩევის წესს, რაც ხელისუფლებისთვის ბევრად არსებითი და მნიშვნელოვანია როგორც ჩანს, ვიდრე ყბადაღებული „ერთსქესიანი ქორწინების“ თემა ან პარლამენტის დედაქალაქში გადმოტანა.

მმართველ პარტიას აუცილებლად სჭირდება მოკავშირე. თანაც  არსებითი და სერიოზული მოკავშირე,  რომლის მხარდაჭერითაც შეძლებს რეფორმის განხორციელებას.  ახლა სწორედ ამგვარი „სტრატეგიული მოკავშირის“  ძიებაში არიან.

ამასთან დაკავშირებით, გავეცნოთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და მოქმედი კონსტიტუციის თანაავტორმა,  ვახტანგ ხმალაძემ  მისცა „საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“.

პირველ რიგში იგი აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადება, რომ რესპუბლიკელები „საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ“, მისი ანუ ხათუნა სამნიძის პირადი პოზიციაა, ხოლო პარტიის  სრულ „ლიდერშიპს“, ესე იგი მმართველ ორგანოებს, „ამ თემაზე რაიმე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ“.

შემდეგ ხმალაძე ამბობს საგულისხმო ფრაზას: „თუ „საკონსტიტუციო კომისიის“ მიზანი იქნება ისეთ საკითხებზე მსჯელობა, როგორიცაა დედაქალაქის გადმოტანა და სხვა ამგვარი, მაშინ „რესპუბლიკელები“  მართლაც არ მივიღებთ მის მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ თუ მსჯელობა წარიმართება ღრმა და არსებით კონსტიტუციურ რეფორმაზე და, რაც მთავარია, ეს კომისია იქნება წარმომადგენლობითი, ამ შემთხვევაში რატომაც არა?“

ხმალაძე იქვე აზუსტებს, თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს „რესპუბლიკური პარტია“ პრეზიდენტის პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით არჩევის გაუქმებას:

ა) თუ პრეზიდენტს აირჩევს არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ პარლამენტის წევრებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან შემდგარი ერთგვარი „ასსამბლეა“ და

ბ) თუ ახალი წესით არჩეულ პრეზიდენტს ექნება იმ სახელმწიფო ინსტიტუტთა ფორმირების უფლება (დამოუკიდებლად ან მხოლოდ პარლამენტთან ერთად), რომლებიც არ განეკუთვნებიან აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამგვარი ინსტიტუტი კი უამრავია. მაგალითად პირველი ინსტანციის სასამართლოები და ა.შ.

ეს არის არაკლასიკური „გერმანული მოდელი“. ყოველ შემთხვევაში, ბევრად ახლო სწორედ „გერმანულ მოდელთან“, ვიდრე „ფსევდოფრანგულთან“, რომელიც ამჟამად მოქმედებს საქართველოში ავად თუ კარგად.

ხმალაძე, ასევე, ახმოვანებს „რესპუბლიკელთა“ უმთავრეს ნარატივს, რომლის მიხედვით, თურმე, მხოლოდ ამგვარი მოდელი უზრუნველყოფს ხელისუფლებათა ინსტიტუციურ გამიჯვნას, ანუ შეკავება - შეწონასწორების მექანიზმთა შექმნას საქართველოში და, იმავდროულად, მისივე თქმით, „გამორიცხავს გაწევ - გამოწევას პრეზიდენტსა და პრემიერ -მინიტრს შორის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე იმავე საფრანგეთში, როდესაც პრეზიდენტი გოლისტი ან რესპუბლიკელია, ხოლო პრემიერი - სოციალისტი“. (ციტატის დასასრული)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„რესპუბლიკელები“, როგორც ყოველთვის, ერთგულნი არიან თავიანთი დოგმატურ - პედანტურ-ფუნდამენტალისტური „მოდელირებისა“ და, ასევე როგორც ყოველთვის, არ ითვალისწინებენ საქართველოს პოლიტიკურ რეალობას.

რას გამოიწვევს  პრეზიდენტის პარლამენტში არჩევა იმის მიუხედავად, თუ როგორ ჩამოყალიბდება მისი უფლებამოსილება და რამდენად მიიღებენ მონაწილეობას მის არჩევაში ნებისმიერი წესით ფორმირებული „ამომრჩეველთა ასამბლეის“ წევრები? რასაკვირველია, გამოიწვევს იმას, რომ პრეზიდენტს აირჩევს ერთი პარტია, ხოლო ძალაუფლება კვლავინდებურად იქნება ფოკუსირებული ერთ „ძალის ცენტრში!“.

ამჟამინდელი  (ნახევრადფრანგულ-ნახევრადგერმანული) მოდელის  ავტორები, ანუ ავთანდილ დემეტრაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს ბოლო 25 წლის გამოცდილების გათვალისწინებით (როდესაც ვერა და ვერ მოხერხდა ხელისუფლების რამდენიმე კონკურენტული ცენტრის შექმნა, ხოლო „პოსტსაბჭოთა ამომრჩეველი“ ჩლუნგი ინსტინქტით ესწრაფოდა „ერთ ძლიერ ხელს“), ამ უნიკალური მოდელით ცდილობდნენ, ხელოვნურად შეექმნათ პრეზიდენტისა და პრემიერის  ინსტიტუციური დაპირისპირება,  რათა მათ შორის სწორედაც მუდმივიგაწევ-გამოწევაყოფილიყო, მუდმივად ეკამათათ უფლებამოსილებებზე (როგორც მარგველაშვილი და ღარიბაშვილი კამათობდნენ) და ამ გზით მაინც ჩამოყალიბებულიყოსახელისუფლებო პლურალიზმისტრადიცია ქვეყანაში, როდესაც ბიუროკრატია დაინახავდა, რომ ქვეყანაში არსებობს ძალის არა ერთი, არამედ, მინიმუმ, ორი ცენტრი. ამდენად, თუ არ უნდა  „გაიჭყლიტოს მარტორქათა შორის“, უმჯობესია მისდიოს მესამეს, - კანონს. ესე იგი, დაიცვას მხოლოდ და მხოლოდ კანონი და ეს კანონი აიფაროს ყველგან, რომელი მხრიდანაც არ უნდა შემოუტიონ.

უნდა ვაღიაროთ, რომ დიახაც ქართული დემოკრატიის გრძელვადიანი ინტერესებიდან (და არა „რესპუბლიკელთა“ იურიდიულ-კონსტიტუციური პედანტიზმიდან) გამომდინარე, დემეტრაშვილ-შარმანაშვილის  ეს მიგნება საკმაოდ გონებამახვილურია:  „რაკი 1995 წლიდან - დღემდე ვერა და ვერ მოხერხდა ხელისუფლებათა რეალური გაყოფა, მაშინ ჩავწეროთ ბუნდოვანი ფორმულირებები კონსტიტუციაში, ამით  შევქმნათ ხელოვნური ინსტიტუციური კონფლიქტი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რათა მათი დაპირისპირებით შეიქმნას შეკავება - გაწონასწორების მექანიზმები, მომავალში კი ორი (პირობითად „პრეზიდენტისა“ და „პრემიერის“)  პარტიები, რომლებსაც დაახლოებით თანაბარი რესურსები ექნებათ ელიტებში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახალი საკონსტიტუციო რეფორმა და „რესპუბლიკელთა“ იდეაფიქსი „გერმანული მოდელის“ თაობაზე ამ გონებამახვილურ კონსტრუქციას დაანგრევს: მისი საფუძველი სწორედ ის გახლდათ, რომ რაოდენ ლოიალურიც არ უნდა  ყოფილიყო პრეზიდენტი, თავდაპირველად,  მმართველი პარტიის მიმართ (პირველ ხანებში მარგველაშვილიც ლოიალური იყო), თუ იგი საყოველთაო კენჭისყრით იქნებოდა არჩეული, ამით მიიღებდა მძლავრ პოლიტიკურ რესურსს და  ადრე თუ გვიან აუცილებლად გაუჩნდებოდა ცდუნება, ესარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებებით, რათა გაეზარდა საკუთარი ძალაუფლების „წილი“, ესე იგი, დაპირისპირებოდა მტავრობას, რომელსაც პარლამენტი ქმნის და არა ხალხი ირჩევს.

დავაკვირდეთ: განა ასე არ მოხდა მარგველაშვილის შემთხვევაში? და რაკი „ქართველები ვართ“, ესე იგი ამბიციურები, მოქმედი კონსტიტუციის ავტორთა აზრით, ასევე იქნებოდა ნებისმიერი სხვა პრეზიდენტის შემთხევაში, თუ იგი პირდაპირი საერთო-სახალხო კენჭისყრით იქნებოდა არჩეული, ესე იგი ისარგებლებდა მაღალი პოლიტიკური (!) ლეგიტიმურობით.

უხეში მაგალითით: დემეტრაშვილ-შარმანაშვილის გათვლა ის იყო, რომ წარმოუდგენელია ვითარება, კაცს ულამაზეს ქალზე ოფიციალურად, იურიდიულად, ეკლესიურად დასწერო ჯვარი და შემდეგ არაფორმალურად აუკრძალო მასთან თანაცხოვრება. დიდხანს დაემორჩილება ამ  აკრძალვას?

„რესპუბლიკელები“ კი, თუ მთავრობას  საკონსტიტუციო  რეფორმას „გაუპრავებენ“, თავიანთ „ოცნებას“ კი აისრულებენ „გერმანული მოდელის“ დამკვიდრებაზე და ამით საკუთარ ამბიციას კი დაიკმაყოფილებენ,  მაგრამ რეალურად ძალაუფლებას  კვლავ ერთ „ფოკუსში“ განამწესებენ, ხოლო პრეზიდენტს აქცევენ „საქორწინო გენერლად“, რომელსაც იმ გალაკტიონისეულ „მშვენიერ ქალზე“ (ესე იგი ძალაუფლებაზე) არანაირი  უფლება აღარ ექნება.

ამიტომ,  დაიჭერს ერთ დიდ ყანწს და შესვამს „ნეფე-პატარძლის“ სადღეგრძელოს.

მიხეილ გეწაძე 

ავტორი: . .