ENG / RUS       12+

საქართველო საარჩევნო რუბიკონთან

რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა ხვალინდელ არჩევნებში მონაწილე ყველა აქტორს: „ნურავინ შეეცდება, საკუთარ კვლევათა შედეგებით იხელმძღვანელოს და არა საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალური დასკვნითო“. საეჭვოა, ამ „გზავნილის“ არსი ის ყოფილიყო, რომ ღირსპატივცემული ქალბატონი ჟვანია „რესპუბლიკური პარტიის“ კრეატურაა. ანუ,  იმ პარტიის მივიწყებული ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, რომელშიც დავით უსუფაშვილი 1989 წლის 10 აპრილს გაწევრიანდა, „ნომენკლატურა“.

სინამდვილეში, ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ თუ „ნაციონალები“ რევოლუციას გეგმავენ ერთხელ უკვე „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიისა“ და მის მიერ დაგეგმილი ექსიტ - პოლის მეშვეობით, „რესპუბლიკური პარტია“ ამგვარ მცდელობებს, ამჯერად, მხარს არ დაუჭერს.

მართლაც, ნიშანდობლივია, რომ „რესპუბლიკელებს“ არაფერი მსგავსი არ უთქვამთ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების წინ.  არა მგონია ამის მიზეზი ის იყოს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე არ ჰყავდათ ან უეცარი რწმენა გაუჩნდათ  დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაციის  სრული პატიოსნებისა. მოტივი ალბათ ის უფროა, რომ „კოლმეურნეობის მოედანზე“ აფეთქებული კუმულატიური ნაღმისგან განსხვავებით, პოლიტიკური აფეთქება ამჯერად ისეთი მძლავრი იქნება, ამ ქვეყანას საბოლოოდ დაღუპავს!

დავით უსუფაშვილის შემდეგ გამოსულმა დათო ბაქრაძემ პირველი ორატორული შეცდომა დაუშვა: „არჩევანი შიშით არ გააკეთოთ, ქვეყანაში სრული სიმშვიდე იქნებაო“, არადა ამით იმ მუდმივმტკივან ნერვს წამოავლო ხელი, რაც  ყოველთვის განაპირობებდა ხმის მიცემას არსებული ხელისუფლებისა და „შეჩვეული ჭირის“ სასარგებლოდ სლოგანით: „ოღონდ არ იყოს ომი!“

ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ მიშა „ოცნებას“  მოუგებს, შეიძლება ისეთი ამბავი ატყდეს,  „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“, რადგან ციხეებიდან ამნისტიით გამოსულ ათეულობით ათას პატიმარს, აგრეთვე მათ საძმოსა და საახლობლო - სანათესაოს  ვერავინ დაარწმუნებს, თითქოს „ციხეში უკან არ შეაბრუნებენ“ ადეიშვილი და მერაბიშვილი.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ არჩევნების შედეგი რომ ძნელად პროგნოზირებადია, ყველა თანხმდება. სოლიდური სოციოლოგიური სააგენტო GFK „ნაციონალურ მოძრაობას“ 26% „უწერს“, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 25,4%. არანაკლებ სოლიდური და რესპექტაბელური TNS - ს დასკვნით კი, მმართველი პარტია ორჯერ უსწრებს „მთავარ ოპოზიციურ ძალას“.

თითქოსდა, როგორ ან რატომ შეიძლება იყოს ესოდენ დიდი სხვაობა ამ ორი, მართლაც ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნებში?

ამ კითხვაზე საპასუხოდ გავიხსენოთ, რომ მესამე ორგანიზაციამ, - NDI - რომელიც პერმანენტულად  „ზომავს“ საზოგადოებრივ განწყობას, ბოლოს საერთოდ უარი განაცხადა პროგნოზზე ნიშანდობლივი არგუმენტით: „თავშეკავებულ“ თუ „გადაუწყვეტელ“ ამომრჩეველთა ოდენობა იმდენად დიდია, რელევანტური დასკვნის დადება  შეუძლებელი ხდებაო.

როგორც ჩანს, ამავე ფაქტორით  აიხსნება აგრეთვე კოლოსალური სხვაობა GFK და TNS დასკვნებში: ისინი სხვადასხვა მეთოდს იყენებენ იმ ამომრჩეველთა გადაწყვეტილების პროგნოზირებისას, ვინც უარს აცხადებს გაამხილოს არჩევანი ან ჯერ მართლა არ გადაუწყვეტია: GFK ე.წ. „ალოკაციის“ მეთოდს მიმართავს, როდესაც ადამიანებს ეკითხებიან: „კარგი, ნუ გვეტყვი ვის აძლევ ხმას, მაგრამ ის მაინც გვითხარი, ვის არ მისცემ ხმას არავითარ შემთხვევაშიო“.

ითვლება, რომ ამ კითხვაზე პასუხისას რესპონდენტები უფრო გულწრფელნი იქნებიან. მართლაც, მკითხველმა წარმოიდგინოს თავი ამ რესპონდენტის ადგილზე, ანუ წარმოიდგინოს, ასეთი კითხვა დაუსვან და შემდეგ დააკვირდეს საკუთარ რეაქციას: რომელ კითხვაზე უფრო გაუჭირდება პასუხის  „არგაცემა?“

მეორე მეთოდი კი (TNS) გულისხმობს ე.წ. „ანალოგიას“ ანუ, „გადაუწყვეტელი“ და „გაუმხელელი“ ამომრჩევლების რაოდენობას ყველა წინა არჩევნებზე (ალბათ გარდა 2012 წლისა   როდესაც „გლდანის ცოცხი“ მოქმედებდა,  ამიტომაც ვერ იქნება რეპრეზენტატიული) და პროცენტის „ანალოგით“  გადანაწილებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.

როგორც ჩანს,  მხოლოდ არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომელი მეთოდი უფრო სწორი იყო.

ორივე პატივცემული სააგენტო სერიოზულად რისკავს. პირველი არ ითვალისწინებს, რომ საქართველოში, როგორც არსად სხვაგან, ადამიანები არა უბრალოდ პოლიტიკური არჩევანის, არამედ პირადი ღირსების საქმედ მიიჩნევენ შედეგს და საკუთარი არჩევანის თანხვედრას  საზოგადო შედეგთან. ანუ, სიტუაცია, როდესაც ქმარი რესპუბლიკელებს აძლევს ხმას ხოლო  ცოლი - დემოკრატებს, სავსებით შესაძლებელია ამერიკაში. ასევე, სრულიად შესაძლებელია საქართველოშიც: ცოლი მიშას ემხრობოდეს და ქმარი - ბიძინას, მაგრამ ამერიკისგან განსხვავებით, ჩვენს  ქვეყანაში  სრულიად შესაძლებელია სიტუაცია, ცოლ-ქმარი ამ  საკითხში ერთმანეთს ატყუებდნენ  და ნამდვილ არჩევანს უმალავდნენ, რაკი საარჩევნო კაბინაში მარტონი შედიან.

ერთი სიტყვით, საქართველოს სახით ნამდვილ სოციოლოგიურ კურიოზთან გვაქვს საქმე და 8 ოქტომბრის  შედეგი ნამდვილად იქნება შეტანილი ქრესტომატიებში -  სხვადასხვა სოციოლოგიური მეთოდის რელევანტურობის დასადასტურებლად, ან უარსაყოფად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუ „წყეულ სოციოლოგიას“ (არადა, საქართველოს გარდა ყველა ქვეყანაში მათემატიკასავით ზუსტ მეცნიერებად ითვლება) თავს დავანებებთ და პოლიტიკურ ასპექტებს მივხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა; სინამდვილეში რისთვის იბრძვიან მიშა და მისი „ნაციონალური მოძრაობა?“

„გამარჯვებისთვის“ - მეტისმეტი გამარტივებაა, რადგან ზემოთხსენებული სამოქალაქო დაპირისპირების სინდრომი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის, რაც შესანიშნავად იციან. მათი პროგრამა მაქსიმუმი (თუ მთვარის დედამიწაზე ჩამოვარდნის ალბათობას გამოვრიცხავთ) უდავოდ ისაა, „დაფიქსირდნენ“, როგორც ერთადერთი (!) საპარლამენტო ოპოზიციური ძალა. თანაც, სწორედ პროპორციული არჩევნების შედეგად. ამას მიაღწევენ იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს.

„ნაციონალთა“ ასეთი შედეგი მათთვის  გამარჯვების ტოლფასი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორჯერ-სამჯერ ნაკლებ მანდატს მიიღებენ საბოლოო ანგარიშით, ვიდრე ოცნება.

ძნელი შესამჩნევი არ არის აგრეთვე, რომ „მიშას პარტია“ მეტისმეტად დიდ რესურსს ხარჯავს იმ რეგიონებში, სადაც გამარჯვების შანსი აქვთ: სამეგრელოში, აჭარაში, ქუთაისში . . .  იმიტომ, რომ ქვეყნის მასშტაბით რომც წააგონ, ერთ-ორ რეგიონში მოგება უკვე „სათქმელია“.

 იმავე მიზნით იყრის კენჭს სანდრა ზუგდიდის რაიონში: სულ ყველგან რომ წააგონ „მაჟორიტარული არჩევნები“ და მარტო სანდრამ მოიგოს - უკვე გამარჯვებაა! მეორეს მხრივ, დამარცხება  კატასტროფა არ იქნება, ვინაიდან „ახალგაზრდა პოლიტიკოსია და პირველ ნაბიჯებს დგამს“

ცალკე თემაა მეორე ტურები: 50%-იანი ბარიერის დაწესებით „ოცნებამ“ ისეთი კატასტროფული ნაბიჯი გადადგა (ქვეყანა სულ რომ დაქცეულიყო, მიშა და მისი პარტია, ხელისუფლებაში ყოფნისას,  ამას არაფრის დიდებით არ დაეთანხმებოდნენ) მისი პროპორციული გამარჯვებაც კი საბოლოო დამარცხებად შეიძლება იქცეს, რადგან ქართველ ამომრჩეველს სპეციფიური ფსიქოლოგია აქვს:  „მაქსიმალისტური ბუნება“ არ ცნობს ბალანსს: „ან სრული  განადგურება, ან სრული ტრიუმფი!!!“

თუ ოცნებამ „მტერი“ სრულად ვერ გაანადგურა, მაშასადამე თვითონ განადგურდა და მორჩა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ „სამხეცეში“  სასოების  ღიმილმომგვრელია ოცნება „ორპარტიულობის“ დამკვიდრებაზე. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ამ ისტორიულ მისიას ვერ შეასრულებენ თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში პარტიები არ არიან და კიდევ დიდხანს ვერ იქნებიან სოციალურ ინტერესთა გამომხატველნი: ქართული ისტებლიშმენტი, მათ შორის პოლიტიკური ელიტა კონსოლიდირებულად მემარჯვენეა მაშინ, როდესაც საზოგადოება, სოციუმი, არანაკლებ კონსოლიდირებულად „მემარცხენე“. ამომრჩეველი კი ხმას აძლევს არა რაციონალური გათვლით, არამედ ემოციური აღქმით.

ამიტომაც ხდება, რომ საარჩევნო კამპანიები პენსიების ზრდის დაპირებათა ფონზე მიმდინარეობს, მაგრამ გამარჯვებული პარტია, შემდეგ, კაციჭამია მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა  მხარდაჭერის ფონზე, სოფელ-სოფელ ბენზინსა და ნიჩბებს  არიგებს.

დასავლელ ექსპერტებს,  ქართული  არჩევნების ანალიზისას ან საკუთარ ნორმალურობაში ეპარებათ ხოლმე ეჭვი, ან გაკვირვებულნი კითხულობენ: ასე რატომ გაღელვებთ ეს არჩევნები, როდესაც კონკრეტულად თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის, სინამდვილეში, მათი შედეგი არც არაფერს წყვეტსო.

ნიკა იმნაიშვილი  

ავტორი: . .