ENG / RUS       12+

არა ”ნაცები”, არა ”ქოცები”, არამედ რაღაც სხვა

ბედის ირონიით თუ წახალისებით, დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიანი პოლიტიკური ისტორია, ამერიკის შეერთებული შტატების პოლირიკური სისტემის მსგავსად, ორპოლუსიანი აღმოჩნდა. რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან სახელისუფლებო ბრძოლები თუ თამაშები ძირითადად, ორ დიდ პარტიასა და დაჯგუფებას შორის შორის მიმდინარეობდა.

1990 წელს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მცირე დროით მოსვლისა და კომუნისტურ პარტიასთან მისი დაპირისპირებიდან მოყოლებული, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს პარადიგმა თითქოს სავალდებულოც კი გახდა.

ამის მაგალითები უხვადაა: დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის დამხობის შემდეგ, მისი მომხრეების ბრძოლა მოსკოვიდან ”ელიტის” მიერ ჩამოყვანილ შევარდნაძესთან; მოგვიანებით კი 90-იან წლებში, დემოკრატად ”მოქცეული” შევარდნაძის დუელი კრიმინალურ ”მხედრიონთან”. 1995 -2000 წლებში მოძლიერებული ”თეთრი მელასა” და ”აჭარის ლომის”- ასლან აბაშიძის დაპირისპირება, ასევე შავ-თეთრი პოლიტიკის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ.

2003 წლის”ვარდების რევოლუცია” ამ ორპოლუსიან, არაფაქიზ ნარატივის ჩარჩოებში ჯდება - როცა ”მოქალაქეთა კავშირში” გამოზრდილმა ნორჩმა რეფორმატორებმა (ძირითადად, სააკაშვილმა და ჟვანიამ) ”მამის მკვლელობის” საპატიო აქტით წერტილი დაუსვეს კორუფციის ჭაობსა და ქვეყნის ინერტულ, თვითდინებაზე სვლას, თუმცა ჟვანიას სიკვდილის შემდეგ რეფორმიეებულ, ”ნაციონალურ” სახელისუფლებო გველეშაპს ახალი თავი ისევ გამოება და ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავად 2007 წლის ნოემბრის აქციებზე გამოჩნდა.

2008 წელს, საპრეზოდენტო არჩევნებზე ამ ”გველეშაპს” ვაკელი კარგი ბიჭი, შინაურებში ”გრეჩიხად” წოდებული, უპარტიო ლევან გაჩეჩილაძე დაუპირისპირდა. მაშინაც პოლიტიკური სპექტრი ორ პოლუსად გაიყო - ”ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია. არჩევნებში მინიმალური სხვაობით ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა, თუმცა დაპირისპირების მუხტი იმდენად დიდი აღმოჩნდა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი ნდობა იმდენად დაბალი, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არჩევნების შედეგი არ მიიღო.

ბრძოლის შავ-თეთრი გზა კიდევ უფრო მძაფრად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმოჩინდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წიაღში ძალად მოფუსფუსე ტაძართმშენებელმა, ქველმოქმედმა და 90-იან წლებში რუსეთში გამდიდრებულმა მილიარდერმა - ბიძინა ივანიშვილმა ერთ მშვენიერ დღეს ბლომად მილიონები მოისაკლისა და ხმამაღლა თქვა - აღარ მინდა ასემთამაში! და იქმნა შემდგომ 2012 წელს სასტიკი საპარლამენტო ბძოლა წესების გარეშე, რომელშიც ”ნაციონალი” დედა ”მეოცნებე” შვილს ხელში არ აიყვანდა.

როცა 2012 წლის საარჩევნო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ”ქართულმა ოცნებამ” ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთი მრისხანედ დემოკრატიული თავი - მიხეილ  სააკაშვილი მოკვეთა, რამდენიმე წელში ის თავად იქცა დრაკონად... ასე, უშნო ხალისით, ოცნების წევრებს შორის დაპირისპირებით და პარტიული თამაშით (”უნიათობით”, როგორც ენმ-ს წევრები ამბობენ ხოლმე) მივიდა ქვეყანა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელშიც საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი და ოდესაში გადახვეწილი მიხეილ სააკაშვილი უკვე პოლიტიკურ აჩრდილსა და თანამედროვე არტის კოლექციონერს, ბიძინა ივანიშვილის მეორედ დაუპირისპირდა...

თუმცა სწორედ აქ და ახლა, ამ არჩევნებშია შესაძლებელი დამთავრდეს დრაკონთან ბრძოლის ეს მომაბეზრებელი  იგავი; რადგან როგორც არასდროს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ისე ახლოა ორპოლუსიანი პოლიტიკური ბრძოლის დასასრული. ამის იმედს არამხოლოდ ”ოცნებით” საშინლად დაღლილი, იმედგაცრუებული და ”ნაცმოძრაობისგან” ზედმეტად  გაღიზიანებული ამომრჩველი იძლევა.

ავად თუ კარგად, საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკური სისტემა, რომელშიც თანაარსებობენ შედარებით გავლენიანი, სახელისუფლო და დიდი ფინანსური შესაძლებლობის მქონე პარტები და ასევე ღირებულებებზე ორიენტირებული, შედარებით მოკრძალებული შესაძლებლობის პარტიებიც. სწორედ ისინი შეიძლება მოვიაზროთ ამ დაპირისპირებული, ორპოლუსიანი სისტემის მიღმა. გარდა ამისა, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა დაახლოებით 40-45% ჯერ კიდევ ყოყმანობს და არ იცის მომავალ არჩევმებში ვის მისცემს ხმას.

მაინც რომელია ეს პარტიები და რა შანსები აქვთ მათ? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ”თავისუფალი დემოკრატები”, ”რესპუბლიკელები” და ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”. მათ ასე თუ ისე შეუძლიათ შეცვალონ პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში, რადგან ელექტირატსაც აქვს ცვლილების მოთხოვნა.

2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ”ქართული ოცნების” გაიმარჯვების შემდეგ თავისუფალმა დემოკრატებმა მთავრობაში ჩაიბარეს თავდაცვის, დიასპორის, იუსტიციის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მინისტრების პორტფელები. პარლამენტში კი შეიქმნა ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც სხვა ფრაქციებთან ერთად შეადგენდა საპარლამენტო უმრავლესობას 2014  წლის ნოემბრამდე. სწორედ 4 ნოემბერს თავდაცვის მისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  სამინისტროს წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის სამინისტროსა და გენშტაბის მაღალჩინოსნების დაკავება აშკარა პოლიტიკური სარჩულის მატარებელია და წარმოადგენს შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. მალე მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაც დატოვა.

ამის შემდეგ, საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატებმა” კი კოალიციური უმრავლესობა დატოვეს. იმ დროიდან მოყოლებული, თავისუფალი დემოკრატები დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობენ როგორც საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში, ასე უცხოეთში.

თავისუფალ დემოკრატებს საარჩევნო ბრძოლებში საპარლამენტო გამოცდილების მქონე ”მძიმე არტილერია” გამოჰყავთ: თავად პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ალასანიას ხელმძღვაბელიბით. სიაში ასევე არიან: ირაკლი ჩიქოვანი, ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, ალექსანდრე პეტრიაშვილი

ისევე როგორც თითქმის ყველა პარტია, თავისუფალი დემოკრატებიც ბევრს ქადაგებენ დეკრიმინალიზაციაზე: 1. ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება; 2. ნარკოტიკების გამსაღებლების და გამავრცელებლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება; 3. ერთჯერადი მოხმარების მინიმალური, ადეკვატური დოზის განსაზღვრა; 4. ნარკოტიკების მოხმარებისთვის და მცირე ოდენობის პირადი მოხმარებისთვის, შეძენა-შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების დეფერენცირება. 5. ნარკოდამოკიდებულთათვის ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მკურნალობის რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირება...

რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემას, თავისუფალი დემოკრატები მთავარ პრიორიტეტად სიღარიბის დაძლევას და სოციალური პოლიტიკის გააქტიურებას ასახელებენ. ”ჩვენ გვაქვს გააზრებული სოციალური პოლიტიკა და რეალურად შევძლებთ ნაბიჯ-ნაბიჯ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, რეალურად დავეხმაროთ ისეთ სოციალურ ფენას, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს” - აცხადებს ირაკლი ალასანია.

საპარლამენტო არჩევნებში ასევე დამოუკიდებლად ჩაება რესპუბლიკური პარტიაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების, ხანგრძლივი ისტორიის მქონე და და ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტიაა საქართველოში. 1994-95 წლებში რესპუბლიკელები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში. 

2003  წელს ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პარტის ვარდების რევოლუციის თანაავტორია. უკვე 2004 წლიდან რესპუბლიკელები სააკაშვილის გუნდს დაუპირისპორდენენ. უთანხმოების მიზეზები კი 2004 წლის თებერვალში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები გახდა. 2008 წელს ისინი პარლამენტის მიღმა დარნენ. თუმცა აქტიური პოლიტიკური ბრძოლა არ შუეწყვეტიათ

კოალიაცია ”ქართული ოცნების” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარლამენტში ცხრა რესპუბლიკელმა შექმნა ფრაქცია ”რესპუბლიკელები”. მოგვიანებით მათ ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობები ჩაიბარეს - დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, თინათინ ხიდაშელი - თავდაცვის მინისტრი, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი. 2016 წელს რესპუბლიკელებმა ლამის ყველაზე ბოლოს დატოვეს თანამდებობები და ”ოცნების” ლამის ჩასაძირად განწირული ხომალდიც, რითაც ოპონენტების გასაგებია ირონია დაიმსახურეს.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად, რესპუბლიკეებს საკუთარი გამოცდილებისა და ბრძოლისუნარიანობის შემოწმება, ანუ ბარიერის გადალხვა, ეულად მოუწევთ. ცხადია, მატერიალური რესურსი მწირი იქნება, მაგრამ რამდენად შეძლებს ამის დაბალანსებას ინტელექტით და პარტიული გამოცდილებით უსუფაშვილი და კომპანია, პირველ რიგში ამომრჩეველზეა დამოკიდებული.

სხვათა შორის, რესპების მოწინავე პარტიული ათეული გენდერულადაც მომხიბლავად გამოიყურება: დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე, ლევან ბერძენიშვილი, თინა ხიდაშელი, ვახტანგ ხმალაძე, თამარ კორძაია, დავით ზურაბიშვილი დეპუტატი თამარ ხიდაშელი, ნოდარ ებანოიძე, ვახტანგ ხმალაძე... თუმცა მთავარი კითხვა მაინც ძალაში რჩება - ეყოფა თუ არა ძალები რესპუბლიკური პარტიას პარლამენტში მოსახვედრად?

ორ საარჩევნო პულუსს მიღმა დარჩენილი, არანაც-არაქოცური ბლოკი ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელშიც წინასაარჩევნოდ ”ახალი საქართველო”, ”გირჩი და ”ახალ მემარჯვენეები” გაერთიამდნენ, ლამის რეკორედებს ამყარებს სკანდალებით: ყოველ დღე ამ ბლოკს ვიღაც ტოვებს... და მიუხედავად ამისა, მაინც რჩება იმედი, რომ ის ბარიერს გადალახავს. ბოლო დღეებში კი ეს გაერთიანება ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”გირჩის” წევრებმაც დატოვეს. არა, სწორედ ”გირჩის” პროგრამა“ მოიცავს ისეთი ეკონომიკური ნაბიჯების ერთობლიობას, რომელთა ჭკვიანურად განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში რეალური  ეკონომიკური ზრდა მიღწევადი გახდებოდა... სამწუხაროდ, ადამიანთა ამბიციები ყოველთვის ეკონომიკურ პროგრამებზე მაღლა დგას.

ორიოდე კვირაში არჩევნებია და გასაგები გახდება, ქვეყანა ისევ ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემას აირჩევს, თუ ახალი დევიზი - არა ”ნაცები”, არა ”ქოცები”, არამედ რაღაც სხვა, უფრო მისაღები აღმოჩნდება.

 დავით ბუხრიკიძე

ავტორი: . .