ENG / RUS       12+

ლუკაშენკოს მოთმინება ეწურება - დატოვებს თუ არა ბელარუსი ევრაზიულ კავშირს?

ჯერ კიდევ გასულ კვირას ბელარუსის ლიდერი პოსტსაბჭოთა ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საუბრობდა და დსთ-ს იმ სიკეთის გამო ასხამდა ხოტბას, რომელიც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს პოლიტიკურ-ეკონომიკურმა გაერთიანებამ მოუტანა. დღეს კი ლუკაშენკომ პოზიცია შეიცვალა და დსთ-ს ლიდერ რუსეთს თავს რისხვა კიდევ ერთხელ დაატეხა. მეკავშირული სახელმწიფოს მდივანს, გრიგორი რაპოტს რამდენიმე საათის განმავლობაში ბელარუსის პრეზიდენტის ისტერიული მონოლოგების მოსმენა მოუხდა. ლუკაშენკომ მოსკოვი ინტეგრაციის პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა და პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამომავლო პროექტებზე საბოლოოდ ჩამოყალიბდეს:

„არასდროს დამიმავავს და არც ახლა დავმალავ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. ბევრი კითხვა გაჩნდა როგორც მეკავშირული სახელმწიფოს, ისე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ. ვერც იმას დავმალავთ, რომ გასულ წელს რუსეთსა და ბელარუს შორის ეკონომიკური ურთიერთობა არც ისე მაღალ დონეზე იდგა.“

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსს რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქცია იმავე მოცულობით გააქვს, რაც წინა წლებში გაჰქონდა, თუმცა ექსპორტით ისეთივე მოგებას ვეღარ ნახულობს:  

„ასე წინ ვერ წავიწევთ. ექსპორტით მიღებული შემოსავალი თითქმის გაგვინახევრდა. მოგებაზე საუბარი აღარ გვაქვს. ბელარუსი ექსპორტში მხოლოდ წაგებას ნახულობს. რუსეთი კი გაზს ჩვენთვის მიუღებელ ფასად გვაწვდის. უკვე მერამდენე თვეა, მოსკოვთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ტარიფზე ვერასგზით ვერ შევთანხმდით. რუსეთმა შეგვიმცირა გაზის მოწოდება, რითაც ჩვენზე ზეწოლა გააძლიერა. ბელარუსი ვერანაირ ზეწოლას ვერ აიტანს.“

კიდევ ერთი მტკივნეული თემა, რომელზეც ლუკაშენკომ მწვავე კომენტარი გააკეთა, რუსეთის მიერ ბელარუსული პროდუქციის ბლოკირება იყო:

„მოსკოვი ბლოკავს ბელარუსში წარმოებულ პროდუქტებს. რატომღაც, რუსეთში ჩვენს პროდუქციას იწუნებენ. კარგად მესმის, რომ მისაღებ ფასად რუსეთში ჩვენი პროდუქტების გატანით ოლიგარქების ჯიბეებს ვურტყამთ. ისინი ხელისუფლებაზე ახდენენ ზეწოლას, რუსეთის მთავრობა კი მათ ანგარიშს უწევს. სხვა ვერაფრით აიხსნება ის, რომ ისინი ბელარუსში ერთ დღეს 3 გადამზიდავ საწარმოს ხსნიან, მეორე დღეს კი 5-ს ხურავენ. შემდეგ 5 ახალ კომპანიას ხსნიან და 7-ს ხურავენ. და ასე გრძელდება უსასრულოდ.“ 

ბელარუსის ლიდერი აცხადებს, რომ მის მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ლუკაშენკო მოსკოვს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და ხელოვნური ბარიერების დროულად მოხსნას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევრაზიული კავშირიდან გასვლით იმუქრება:

„ჩვენი მოთმინება იწურება. ირღვევა ყველა შეთანხმება, რომელიც დღემდე არსებობდა. თუ ასე გაგრძელდება, ბელარუსი ევრრაზიულ კავშირში ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს. ჩვენ არსებულ სიტუაციას ვაანალიზებთ და კავშირში ჩვენი ჩართულობის ობტიმალიზაციას მოვახდენთ.“

რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობის ისტორია უკვე მეოთხედი საუკუნეა, სავაჭრო ომების ფონზე ვითარდება. იყო „რძის“, „შაქრის“, „ხორცისა“ და „ნავთობპროდუქტების“ ომები, რასაც ცოტა ხნის წინ „საგაზო ომიც“ დაემატა. ერთი მხრივ, არსებობს პოლიტიკური შეთანხმება იმის შესახებ, რომ ბელარუსსა და რუსეთს საერთო საგაზო ტარიფი უნდა ჰქონდეთ, თუმცა „გაზპრომთან“ დადებული კონტრაქტი ბელარუსს მომგებიანი ტარიფით გაზის მიღების პერსპექტივას უკარგავს.

ამას ემატება რუსეთის მიერ ბელარუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბლოკირებაც. 19 სექტემბერს „როსსელხოდნადზორმა“ განაცხადა, რომ ბელარუსიდან იმპორტირებულ რძესა და სოსისებში ბაქტერიული ჩხირები აღმოაჩინა, რის გამოც რამდენიმე ტონა ტვირთი დაილუქა. პასუხად მინსკი მოსკოვს წიწიბურას იმპორტის შეჩერებით დაემუქრა, იმ მოტივით, რომ ბელარუსში წარმოებული წიწიბურა გაცილებით იაფი ჯდება.

მრავალი წლის განმავლობაში ლუკაშენკო  რუსეთთან მშვიდობიან თანაცხოვრებას და პარალელურად დასავლეთთან ფლირტაობას წარმატებულად ახერხებდა. საყოველთაოდ ცნობილია მისი საყვარელი ფრაზა, რომელსაც ასე ხშირად იმეორებდა:

ბელარუსი ყოველთვის იქნება რუსეთის საიმედო, ნაცადი მოკავშირე და მხარდამჭერი.“

სწორედ ეს ფრთიანი ფრაზა განსაზღვრავდა მინსკის პოლიტიკურ წონას საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით- პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილობას.

სწორედ ასეთ ნაცად და ერთგულ მოკავშირეს აყრიდა რუსეთი წლების განმავლობაში „მადლიერების მილიარდებს.“

ეს ფრთოვანი ფრაზა განსაზღვრავდა ბელარუსის 17-მილიარდიან ბიუჯეტსაც, თუმცა ურთიერთობა რუსეთთან არცთუ იშვიათად ცუდდებოდა.

რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებისას ლუკაშენკო თავის მეორე საყვარელ ფრაზას იმარჯვებდა:

შესაძლოა ჩემი ქვეყანა არ არის რუსეთივით დიდი, მაგრამ მშვენიერი, ლამაზი და არცთუ პატარა სახელმწიფოა, რომელსაც ბელარუსი ჰქვია.“

მაგრამ ეს იყო ადრე, მაშინ, როდესაც „ბენზინგასამართ სადგურად“ წოდებული რუსეთი ბიუჯეტს ძვირად გაყიდული ნავთობით ავსებდა, დღეს კი, როდესაც მსოფლიო სანავთობო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი 46 დოლარამდეა დაცემული, რუსეთს ბელარუსისთვის საგაზო ტარიფის შემცირების ფუფუნება აღარ აქვს. ისტორიას ჩაბარდა გეგმიური ეკონომიკა და სხვა საბჭოთა სიკეთეები, რითაც ლუკაშენკო თავს ასე ხშირად იწონებდა. რუსეთს უჭირს, თუმცა ევრაზიის კავშირსა და  მეკავშირულ სახელმწიფოში შეტყუებული ბელარუსის ლიდერი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ვერ რისკავს. რუსეთს მიღმა ალტერნატივა ბრუსელისა და ვაშინგტონის სანქციებია.

პაატა კუპატაძე

ავტორი: . .