პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დაცულობა და სტაბილურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, ეს არის თემა, რომელიც არაერთხელ წამოუწევიათ ისეთი დონის შეხვედრებზე, როგორიც ვარშავის სამიტია.
„შავი ზღვის უსაფრთხოება არის თემა, რომელიც ჩვენ არაერთხელ წამოგვიწევია ასეთი დონის შეხვედრებზე, დაწყებული 2014 წლიდან ძალიან ინტენსიურად მე ამ თემას მხარს ვუჭერდი არაერთ ფორმატში. რა თქმა უნდა, აქ ალტერნატივაზე არ არის საუბარი. შავი ზღვა თავისთავად უმნიშვნელოვანესი რეგიონია. შავ ზღვაში რეალურად ევროპისა დ აზიის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დგება. შავი ზღვა არის პორტი 14-დან 8 განვითარებადი ქვეყნისათვის აზიის რეგიონში. აქედან გამომდინარე, დაცულობა და სტაბილურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ეს საკითხი და ამ საკითხის ნატო-ს კონტექსტშიც განხილვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ადეკვატურია და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.