,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ,,ვიმპელკომთან“ დაკავშირებით გადაზუსტებულ ინფორმაციას ფლობს, რომელსაც ხვალ გაასაჯაროვებს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, მაგისტრალური ხაზი, რომლითაც საქართველო და კავკასია სარგებლობს შესაძლოა აღნიშნული კომპანიის ხელში აღმოჩნდეს.
“ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა ბუნებრივია დაახლოებით რამოდენიმე თვეა არსებობდა, მაგრამ ჩვენ სწორედ რამდენიმე დღის წინ გადავამოწმეთ და დადასტურდა ჩვენი ინფორმაციით, რომ არ მიდის მხოლოდ ამაზე საუბარი, არამედ მიდის საუბარი იმაზე, რომ ეს მაგისტრალური ხაზი, რომლითაც სარგებლობს საქართველო და კავკასია შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ,,ვიმპელკომის“ ხელში იმიტომ, რომ ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეს მოლპარაკება შევიდა დასკვნით ფაზაში. ხვალ ჩვენი წარმომადგენლები გამართავენ ბრიფინგს და უფრო დეტალურად გაუმხელენ საზოგადოებას ინფორმაციას,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ საუბარია ,,კავკაზუს ონლაინის“ მიერ მხოლოდ საცალო სეგმენტის მიყიდვეაზე კომპანია ,,მობიტელისთვის“, რომლის ერთერთი დამფუძნებელი რუსული ,,ვიმპელკომია“.