ENG / RUS       12+

რატომ გაახსენდა პანკისი სერგეი ლავროვს?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი (კალანტაროვი) დიდი გაიძვერა ვინმეა. თუმცა, «გაიძვერა დიპლომატი» იგივეა, რაც «სველი წყალი». აბა როგორი უნდა იყოს, მით უმეტეს, მისი «ბექგრაუნდის» გათვალისწინებით?

ლავროვის ბოლო პრეს–კონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და ამ კითხვაზე რუსული დიპლომატიის მამამთავრის პასუხმა ჩვენში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თითქოს სხვა თემაა, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ვერც ქართველი ჟურნალისტები, ვერც (ეს ბევრად უარესია) ქართველი «დიპლომატები» ვერ ხვდებიან, ვერ ამჩნევენ, რამდენად უბადრუკად გამოიყურება ქვეყანა, რომელიც მეზობელ სახელმწიფოს ადანაშაულებს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციაში, და, იმავდროულად, ყველა პრეს–კონფერენციას თუ ყველა დიპლომატიურ რაუტს, ესე იგი ნებისმიერ საშუალებას  იყენებს საიმისოდ, რათა უვიზო რეჟიმის თაობაზე ეხვეწოს.

მთავარი ის კი არ არის, რამდენად დამამცირებელია ამგვარი მიდგომა, არამედ ის, თუ როგორ «ჩანს» ეს გარეშე თვალისთვის. და მერე გვიკვირს, რატომ არ «იტკივებენ აუტკივარ თავს» ჩვენთვის იგივე ევროპელები და ამერიკელები! «მასპინძელს უხარია და შენ ვინ გეკითხება?»

მაგრამ ბევრად უფრო არსებითი ლავროვის სხვა განცხადებებია: თითქოს არაფერი ახალი  არ უთქვამს, ოღონდ აქცენტები, ჩვეული «ოსტატობით» დასვა: «უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას განვიხილავთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება,  ქართველი ხალხი კი (რომელსაც ძალიან უნდა რუსეთთან ურთიერთობა) არ უნდა ისჯებოდეს სააკაშვილის დანაშაულთა გამო.  

უნდა თუ არ უნდა ქართველ ხალხს თანამედროვე რუსეთთან ურთიერთობა, ამაზე დისკუსია აზრს კარგავს უკვე ნახსენები მიზეზით: რაკი ქართველი დიპლომატებიც და ქართველი ჟურნალისტებიც შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რათა ოკუპანტ ქვეყანას (ამჯერად ბრჭყალების გარეშე) უვიზო რეჟიმის თაობაზე ეხვეწონ; ოკუპანტი სახელმწიფო  კი იმრიზება და უარზეა, თუმცა «ოკუპანტი ქვეყნის» მოქალაქეები უვიზოდ შემოდიან «ოკუპირებულ ქვეყანაში».

არაქართველის და არარუსის თვალში ეს როგორ ჩანს მეთქი – ამაზე ვსაუბრობ, თორემ ჩვენ რა ინტერპერტაციას ვაძლევთ,  სააკაშვილი როგორ ხსნიდა სავიზო რეჟმის ცალმხრივ გაუქმებას, ან დღევანდელ ხელისუფლებას რატომ მიაჩნია  მაინცდამაინც ეს პრიორიტეტად –  სულ სხვა საქმეა და ბევრს არავის აინტერესებს.

არანაკლებ კომიკური იყო დისკუსია თუ ვინ უნდა შეხვდეს ლავროვს. «ოცნების» დეპუტატმა ქანთარიამ გაბედა და თქვა (შინაარსობრივად სწორედ ეს თქვა): «საეჭვოა «დიპლომატიად» წოდებულმა ქართულმა დოყლოპატიამ ლავროვს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს ან რაიმე შედეგი დადოს. მით უმეტეს დღევანდელმა მინისტრმა. ამიტომ, სჯობს ლავროვის «ვიზავი» ის ადამიანები  იყონ, ვისაც თუნდაც რაიმე გამოციდლება  აქვთ და ჰალსტუხის შერჩევის გარდა კიდევ  იციან ან ეხერხებათ რამე დიპლომატიაში. იმდენად მაინც, რომ რუსული დიპლომატიის მასტოდანტთან (ვისთანაც ინგლისელ, ფრანგ და ამერიკელ კოლეგებსაც უჭირთ პაექრობა) ასით–ნოლზე მაინც არ წააგონო».

ისტერია, რომელიც დეპუტატ ქანთარიას  განცახდებას მოჰყვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ ამის თქმა უნდოდა: «ბოლო 25 წლის განმავლობაში, ქართულმა დოყლოპატიამ უკლებლივ ყველა დიპლომატიური რაუნდი წააგო და რა საკადრო რესურსიც გაგვაჩნია, ის  მაინც გამოვიყენოთ, თუკი ლავროვთან შეხვედრას ვგეგმავთო».

თუმცა, ნამდვილად სჯობდა ბატონ ქანთარიას ეს განცხადება მინისტრის დანიშვნისას გამოეთქვა. მაგრამ მაშინ ხომ არავინ ეტყოდა: მთავარი მიმართულება რუსეთთან მოლაპარაკებააო; ახალი მინისტრის დამტკიცებისას უფრო «ნატო–ევროკავშირსა» და «ევროატლანტიკურ კურსზე» იქნებოდა საუბარი, რაც ბევრად იოლი სალაპარაკოა, ვიდრე ლავროვთან «ჯახი», მიუხედავად იმისა, რომ «ოკუპანტ ქვეყანასთან» უვიზო რეჟიმი დღის წესრიგის მთავარ საკითხად და ეროვნულ მიზნად ვაქციეთ ჩვენდა სამარცხვინოდ.

ვიმეორებ: ეს რამდენად ამაზრზენია, ამას, ჩვენს გარდა, ყველა ამჩნევს. მათ შორის, რასაკვირველია,  თვით ლავროვიც.

თუმცა, მთავარმა რუსმა დიპლომატმა ქართველი ჟურნალისტის კითხვა და პრეს–კონფერენციაც ბევრად მნიშვნელოვანი განცხადებისთვის გამოიყენა: ვითომ მოულოდნელად, პანკისის ხეობაც ახსენა იმავე კონტექსტში, რაც რუსეთ–საქართველოს ურთიერთობათა განვითარება, დიპლომატიური კავშირის აღდგენა, უვიზო მიმოსვლა და გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები. ფაქტიურად, ამით, საქართველოს მთავრობას მორიგი ულტიმატუმი წაუყენა: «აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» გარდა ჩვენ კიდევ გვაქვს ბერკეტები თქვენს წინააღმდეგ და თუ ჭკვიანად არ იქნებით, პანკისის თემას კვლავ ავაგორებთო».

ისევე, როგორც წარმატებით «ააგორეს» ნულოვანი წლების დასაწყისში, როდესაც ამ რეგიონში ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გილაევის  500 კაციანი რაზმი დამკვიდრდა. შემდეგ, დეგენერაციის გზაზე უკვე შეუქცევადად მყოფი ედუარდ შევარდნაძის თანხმობით, რომელიღაც ჭკუისკოლოფებმა  საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში (დღემდე გაურკეველია ვინ და არც არავინ იძიებს თუნდაც ჟურნალისტური ინტერესით) ეს რაზმი აფხაზეთში, – კოდორის ხეობაში გადაისროლა. იქ მათ გაეროს დამკვირვებელთა ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რამდენიმე უცხოელი «მონიტორი» მოკლეს. ამით რუსეთმა მიიღო შესაძლებლობა ამერიკა–ევროპასთან კონსენსუსისთვის მიეღწია და ნიკოლა სარკოზიმ (დიახ, დიახ, ეს ბევრს აღარ ახსოვს, სწორედ «იმ» ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც მაშინ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო) საქართველო ღიად დაადანაშაულა ტერორიზმის მხარდაჭერაში!

დღეს კოდორში გილაევის რაზმი აღარ არის, მაგრამ, გარკვეული აზრით, ბევრად უარესი სიტუიაციაა, რადგან თუკი გილაევს დასავლეთი ასე თუ ისე «ჩეჩენ ნაციონალისტად» და «ჩეჩენ მეამბოხედ» თვლიდა, ანუ ისლამისტ ტეროროსტებს არ უტოლებდა, «ისლამური სახელმწიფოს» რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები წმიდა წყლის ჯოჯოხეთის მოციქულები, «ფანატიკოსთა არმიის ჯარისკაცები» არიან და მოსკოვს, თუკი დასჭირდა, სულ იოლად შეუძლია პანკისის თემის ხელახალი «გაპიარება»  საქართველოს წინააღმდეგ. ახალი აგრესიის განხორციელებაც კი, ამ საბაბით!

ტყუილად გვაქვს იმედი, რომ «ყირიმის და დონბასის გამო აღარ დაუჯერებენ»: ამ თემაზე დაუჯერებენ, სხვა თემაზე – არა! ასეთია დასავლური მიდგომა, -  «ფრაგმენტული თანამშრომლობის» მეთოდი (ანუ გააჩნია სად, ვისთან და როგორ), რომელსაც აქტიურად იყენებენ. მით უმეტეს «გადატვირთვის პოლიტიკის» ფარგლებში, რომელიც დღევანდელი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას მმართველობისას დაიწყო და მომავალი პრეზიდენტის, ჰილარი კლინტონის (ყოფილი სახელმწიფო მდივნის) დროს აუცილებლად გაგრძელდება.

ესე იგი, ლავროვმა, ამ თითქოს ძველის – ძველი არგუმენტის «დახავსებული კიდობანიდან» ამოღებით, პირდაპირ დააშანტაჟა კვირიკაშვილის მთავრობა და ისევ დააყენა ქვეყანა არჩევანის წინაშე «ცუდსა და უარესს» შორის: პანკისში კონტროლის გაძლიერება აუცილებლად იგულისხმებს ზეწოლას იმ ტერორისტთა ახლობლებზე და ნათესავებზე, ვინც სირიაში წავიდა. არადა, პანკისელი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სწორედ იქაა. ეს ზეწოლა, თავის მხრივ, გამოიწვევს ექსცესებს, დაპირისპირებას, რასაც აგრეთვე გამოიყენებს რუსეთი. მაგრამ თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა «გაზპრომის» თუ სხვა საკითხებში, მაშინ უამრავი მასალა აქვთ თემის გასააქტიურებლად და საინფორმაციო დივერსიების მოსაწყობად. თუნდაც მარგარიტა სიმონიან – სოფო შევარდნაძის (ღირსეული ბაბუს ღირსეული შვილიშვილის) ძალზე ნიჭიერი არხით Russia today.

ამ რთულ ვითარებაში, დიპლომატიის ნაცვლად  დოყლოპატია  რომ გვყავს ერთია, მაგრამ მეორე უბედურებაა, რომ დასავლეთის «ჩართულობა» საქართველოს საქმეებში არ არის იმ დონისა, მოსკოვმა ასეთი შანტაჟი მიზანშეუწონლად მიიჩნიოს: თბილისში ამერიკის ელჩის საპასუხო განცხადებას კაპიკის ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, ეს განცხადება არა თბილისში, არამედ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის თუნდაც მესამეხარისხოვან კლერკს მაინც  რომ გაეკეთებინა სპეციალურად (!). სახელმწიფო მდივანზე ხომ აღარაფერს ვამბობ

არადა, თუ საქართველოს ბედი მართლა აღელვებთ, ლავროვის მორიგი პროვოკაცია ხომ პირდაპირი, დაუფარავი, თავხედური  მუქარა იყო?!

მაგრამ აქ, ისევ და ისევ, ისმის  აბეზარი კითხვა: რატომ უნდა «ჩაერიონ» ასე ღრმად და რატომ უნდა შეიწუხონ თავი, თუკი თვით საქართველოს ხელისუფლებას და (როგორც გარედან ჩანს დამახინჯებულად), ქართულ საზოგადოებას,  რუსეთთან  «დღის წესრიგის» უმთავრეს საკითხად «ოკუპანტ ქვეყანასთან» უვიზო რეჟიმის მიღწევა მიაჩნია?

 

ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .