ENG / RUS       12+

რას მოგვცემენ უვიზო რეჟიმის ნაცვლად?

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის  თაობაზე ხელისუფლება და ოპოზიცია «ერთმანეთზე გადაბრალების» რეჟიმში გადავიდნენ, რაც იმის უტყუარი მაჩვენებელია, რომ საქმე ნამდვილად ვერ არის კარგად, ანუ ვერ არის ისე, როგორც გაუხარდებოდა ასიათასობით ქართველს, ვისაც უვიზო რეჟიმის შემოღება ესმის, როგორც ევროპაში სამუშაოდ წასვლის თავისუფლება.

სინამდვილეში კი, უვიზო რეჟიმი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ 1 წლის განმავლობაში 90 დღე (წყვეტილად ან უწყვეტად) შეგიძლია იმოგზაურო შენგენის ზონის ქვეყნებში მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული მიზნით, ან ახლობლების მოსანახულებლად. მაგრამ არა სამუშაოდ, ანუ არა იმისათვის, რომ ევროპელს წაართვა სამუშაო ადგილი, რაკი თანახმა ხარ 300 ევროდ გააკეთო ის, რაშიც ფრანგი და გერმანელი  3 000 ევროს მოითხოვს.

მიშა სააკაშვილი რომ ნამდვილი პოლიტიკოსი და პლატონისეული «პოლიტიკური ცხოველია», მისი კომენტარიდანაც ჩანს: «ოცნების ხელისუფლების უნიათობის გამო, ქართველები უვიზო რეჟიმს ვერ იღებენ, არადა რამდენი უმუშევარია ჩვენს ქვეყანაშიო». თუმცა, შესანიშნავად იცის, რომ უვიზო რეჟიმი მხოლოდ ტურისტებისთვისაა და არა სამუშაოს მაძიებელთათვის.

მაგრამ მიშა პოლიტოსკოსია და რა ქნას? – სწორედ ასე უნდა ილაპარაკოს.

ოღონდ, თუ კომპეტენტურად  გავიხსენებთ რა ხდებოდა სააკაშვილის მმართველობისას ამ მიმართულებით, სწორედ მან შემოიღო უვიზო რეჟიმი ირანთან და აზიის ათეულობით ქვეყანასთან; სწორედ მიშა არ ასრულებდა ბრიუსელის მოთხოვნებს აზია–აფრიკის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის გაუქმების, როგორც ევროპასთან «ვიზალიბერალიზაციისაკენ» აუცილებლად გადასადგმელი პირველი ნაბიჯის თაობაზე.

სააკაშვილი საკმარისად ჭკვიანი ხელისუფალი იყო, რათა მიმხვდარიყო იმას, რასაც ბრიყვულად ვერ მიხვდა «ოცნების» ხელისუფლება: აზია–აფრიკასთან უვიზო რეჟმის გაუქმების შესახებ ბრიუსელის ულტიმატუმის შესრულების მიუხედავად,  ევროპა ვიზებს მაინც არ გაგვიუქმებდა, ხოლო აზიიდან და აფრიკიდან ვიზიტორთა რიცხვი მკვეთრად შემცირდებოდა, რაც მწარედ დაარტყამდა ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას, მცირე ბიზნესსა და ბიუჯეტს!

ასეც  მოხდა.

სწორედ ამიტომ (აბა კარგად გავიხსენოთ) მიშა სააკაშვილი, ისევე როგორც მისი გუნდი, «ევროპასთან უვიზო რეჟიმზე» კი ლაპარაკობდა, მაგრამ რაკი საბოლოო შედეგის მიღწევისა არ სჯეროდა და ხსენებული  ნაბიჯების გადადგმა არ აწყობდა, ის მოლაპაარკებები  «ლაითად» მიმდინარეობდა.

«ოცნების კოალიცია» კი, ამ საკითხში, ერთი კახური ანეგდოტის შესაბამისად მოიქცა: «პატარძალს ხუმრობა მართალი ეგონა და თონეში ჩაიცუცქაო».

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ის, რომ თითქოს უვიზო რეჟიმის მოცემა–არმოცემა იმაზეა დამოკიდებული, რას იტყვიან ან რა წერილს გააგზავნიან ბრიუსელში გიორგი კანდელაკი და გიორგი ბარამიძე – არის ზღაპარი და ცრუპენტელობა. მაგრამ ასევე ცრუპენტელობაა იმის მტკიცება, თითქოს ევროკავშირი გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორ გადაწყდება საბოლოოდ «რუსთავი–2»–ის საკითხი,  გამოუშვებენ თუ არა ციხიდან გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს, ან შეწყეტენ თუ არა ოთხ სისხლის სამართლის საქმეს ექს–პრეზიდენტის წინააღმდეგ

უფრო ზუსტად, ეს ყოველივე ევროპელებმა ნამდვილად შეიძლება გამოიყენონ საბაბად (!) ესე იგი «სათქმელად» და დემაგოგიურ არგუმენტად, მაგრამ ნამდვილი მიზეზები უარისა სულ სხვა იქნება. მათ შორის უმთავრესია ოთხი:

1) ევროპელებმა შესანიშნავად იციან ის, რაც თქვა მიშამ და ვიცით ყველამ: ქართველების უმრავლესობას უვიზო რეჟიმი «სიქსტის კაპელას» მონახულებისა და დრეზდენის გალერეის დასათვალიერებლად კი არ უნდა, არამედ სწორედაც სამუშაოს საშოვნელად, ანუ ევროპაში რამდენიმე წლით ემიგრირებისათვის! სავიზო რეჟიმი გვაქვს და, ამის მიუხედავად, ასეულობით ათასი (!) ქართველი როგორღაც მაინც ახერხებს ევროპაში მუშაობას; ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მოხდება, თუ უვიზო რეჟიმს დააწესებენ ჩვენდა საბედნიეროდ. თუმცა ევროპა ქართველი ხალხის ესოდენ «გასაბედნიერებლად» მზად ნამდვილად არაა.

2) ისედაც დიდი თავის ტკივილი გაუჩნდათ ბოლო დროს  ტერორიზმის გამო, პანკისის ხეობიდან ისლამურ სახელმწიფოში წასულებს კი ქართული პასპორტები აქვთ! ორი მათგანი – თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი სამხედრო ლიდერებიც კი გახდნენ. ჰოდა «რა იცი რა ხდება?», რატომ უნდა აიტკივონ ევროპელებმა აუტკივარი თავი?!

3) ქართველი «კანონიერი ქურდებით», ბანდიტებით, ქურდბაცაცებით და ბინების მძარცველებით სავსეა ევროპის ქალაქები. კიდევ მეტს ნამდვილად არ მოინდომებენ!

4) ევროპის სამეცნიერო წრეებში დამკვიდრებული ტრადიციით, საქართველო გეოგრაფიულად აზიაა და არა ევროპა! საქართველოს თუ მისცეს უვიზო რეჟიმი, ამით სხვა აზიური სახელმწიფოებისთვის შექმნიან პრეცედენტს. რაც შეეხება «ასოცირების ხელშეკრულებას», ამგვარი ხელშეკრულება ევროკავშირს აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოსთანაც აქვს  გაფორმებული. მერედა რა ამით - განა მათ უვიზო რეჟიმს აძლევენ?

მოლდოვას უვიზო რეჟიმი მისცეს იმიტომ, რომ რუმინეთმა უპატრონა. გარდა ამისა, მის შემთხვევაში, მეორე–მესამე–მეოთხე მიზეზი ან საერთოდ არ არსებობდა, ან ასე გამოკვეთილი და «გაპიარებული» არ ყოფილა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა მოხდება დეკემბრის ბოლოს? თითქმის 100% სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რას გადაწყვეტენ ევროსაბჭოს სხდომაზე სავიზო საკითხის განხილვისას: პირდაპირ უარს არავითარ შემთხვევაში არ გვეტყვიან; ვითომდაც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთან «ვიზალიბერალიზაციის» შესახებ (ეს არ არის იგივე, რაც უვიზო რეჟიმი); აღნიშნავენ  მიღწეულ პროგრესს და ა.შ და ა.შ. . . . მაგრამ რეალურად, «ვიზალიბერალიზაცია» შეეხება მხოლოდ მათ, ვისაც ბოლო წლებში ისედაც აქვს მიღებული (რამდენჯერმე მაინც) შენგენის ვიზა. შესაძლოა, ამ კატეგორიისათვის, სავიზო მოსაკრებელი საერთოდ გააუქმონ, განხილვის პერიოდი შეამცირონ, ან თვით ვიზებს გაუგრძელონ ვადა და სხვა ათას ხრიკს მოიფიქრებენ, რათა პირდაპირ არ თქვან უარი. ერთმნიშვნელოვნად უარის თქმა ნამდვილად არ აწყობთ. ეს შელახავს «ევროპული ოცნების» ბრენდს.

ბოლოს და ბოლოს, ევროსაბჭოს მიერ უვიზო რეჟიმის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, იგი ძალაში მანამ არ შევა, სანამ ყველა 28 ქვეყანა არ დაამტკიცებს პარლამენტებში. «ასოცირების შეთანხმებას» 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი, მაგრამ დღემდე ყველას არ დაუმტკიცებია. უვიზო რეჟიმს ბევრად მეტი პრობლემები ექნება.

გერმანია ამას ხმას მისცემს? ან საფრანგეთი?

არც ერთმა ქართულმა ტელეარხმა არ აჩვენა (თუმცა «ევრონიუსზე» მაინც გაიპარა ეს კადრები) რა ცივად, უხმოდ შეტრიალდა ანგელა მერკელი, როდესაც რიგის «აღმოსავლური პარტნიორობის» სამიტზე  ჟურნალისტთა ჯგუფს  მიუახლოვდა და ქართველი ტელე–ჟურნალისტები აღმოაჩინა (მიკროფონთა ლოგოებით ვერ იცნობდა, რასაკვირველია), რომლებიც, რა  თქმა უნდა, სწორედ უვიზო რეჟიმზე ჰკითხავდნენ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და აბეზარ ქართველებთან ურთიერთობა კი ქალბატონ ანგელას უკვე ყელში ამოუვიდა.

ვიმეორებ: ეს გულისმომკვლელი  სცენა უკლებლივ ყველა ქართულმა არხმა ჩაიწერა, ვინც რიგის სამიტზე იყო მივლენილი, მაგრამ არც ერთმა  არ აჩვენა, «პროდასავლური პოლიტკორექტულობის» მოსაზრებებით.

დღეს კი, ჯერ–ჯერობით, ყველა, ვისაც ბოლო დროს შენგენის ზონის საკონსულოებთან საქმე ჰქონია, ერთმად ამბობს: პარიზის ამბების შემდეგ ვიზების გაცემა კიდევ უფრო გართულდა (ანუ უხეშობა, უზრდელობა, ცინიზმი, მთლიანობაში  «ბუს კვერცხები», ვიზების ნაცვლად) და ძალზე საეჭვოა, ეს მდგომარეობა უახლოეს ისტორიულ პერსპექტივაში შეიცვალოს, რაც არ უნდა ილაპარაკონ გაიძვერა ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთი თუ მეორე მხრიდან.

“ჯი-ეიჩ-ენი“, დავით ავალიშვილი

ავტორი: . .