ENG / RUS       12+

ელის თუ არა თბილისს პარიზული კოშმარი? - "მოსიარულე ბომბები" თბილისის ქუჩებში

 ფრანგულმა და ბელგიურმა პოლიციამ (ისინი პროფესიული «ძმადნაფიცები» არიან), პარიზისა და ბრიუსელის გარეუბნებში რამდენიმე წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა, რომელთა შედეგად, პარიზულ ტერაქტთა ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი, 28 წლის ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი, აბდელჰამიდ აბაუდი  მოკლეს.  აბაუდის ნათესავმა ქალმა, 26 წლის ასნა აიტ ბულანსენმა თავი აიფეთქა.

 ეს  წყვილი ბუკვალურად მეორე დღეს, პარიზის საქმიან რაიონ «დე–ფანსში» სისხლიან ტერაქტს  გეგმავდა. ფრანგულ «სიტი»–ში,  პარიზისა და საფრანგეთის უდიდესი სავაჭრო ცენტრია და უამრავი ხალხი, მათ შორის ტურისტები ირევა ყოველდღიურად თუნდაც თანამედროვე დიზაინის ტრიუმფალურ თაღთან, რომელიც სოციალისტმა პრეზიდენტმა მიტერანმა ააგო ნაპოლეონისდროინდელი ტრიუმფალური თაღის მოდერნისტულ ალტერნატივად. 

კიდევ ერთი ტერორისტი – სალაჰ აბდელსალამი – გაქცეულია და მის გზა–კვალს ჯერ ვერ მიაგნეს უდიდესი მობილიზაციის მიუხედავად.

აბდელჰამიდ აბაუდი სირიელ ჯიჰადისტებს შორის ცნობილია, როგორც აბუ ომარ ალ ბალჯიკი. უეჭველია, რომ ტერაქტი სწორედ სირიიდან დაიგეგმა, მაგრამ თუ რატომ აღმოჩნდა მთავარი სამიზნე მაინცდამაინც საფრანგეთი – ბევრ ნიშანდობლივ კითხვას ბადებს:  ორგანიზატორები ხომ ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგები იყვნენ და არა პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრეები?

ეს მომენტი დასაკვირვებელი და ყურადღებით გასაანალიზებელია, თუ გვინდა გავიგოთ ტერორისტთა მოტივაცია და ისიც გავარკვიოთ, რამდენად არსებობს საფრთხე უშუალოდ საქართველოსთვის. ამაზე თითქმის არავინ ლაპარაკობს, არადა საშიშროება რეალურია: პარიზის სამიზნედ არჩევა იმას ნიშნავს, რომ საკმარისია ქვეყანა გამოხატავდეს თანადგომას ISIL–ის (Islamic State of Iraq and the Levant) მოწინააღმდეგე კოალიციისადმი და, იმავდროულად, ამ ქვეყანაში ცხოვრობდეს  მრავალრიცხოვანი ისლამური «უმმა», რომ საფრთხე  უმალვე იზრდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთი ნამდვილად არ ყოფილა კოალიციის ყველაზე აქტიური წევრი და საკმაოდ ფრთხილად იქცეოდა, თუმცა «ამერიკა – თურქეთ– საუდის არაბეთ – მაროკოს კოალიციას», რასაკვირველია ეხმარებოდა და მორალურ მხარდაჭერასაც უცხადებდა, ანუ მისი პოლიტიკური პოზიცია გარკვეული იყო.

სამაგიეროდ, წინა პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, მთლიანად გადაეშვა ლიბიისი კრიზისში და გადამწყვეტი სამხედრო როლიც შეასრულა დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობაში, მაგრამ კადაფი ისლამისტი არ ყოფილა და მისი რეჟიმის გაიგივება ისლამურ სახელმწიფოსთან შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არაბები მაინც აღიქვამენ დასავლურ აქტივობებს მათ სივრცეში, როგორც «ახალ ჯვაროსნობას». არაბთა მენტალობაში მყარად ზის (იმდენად მყარად, რომ იდენტობის ნაწილად იქცა) მითი ევროპელი ჯვაროსნების მიერ იერუისალიმის «ბოროტად დაპყრობასა» და შემდეგ, არაბი გმირის, სალაჰ ად დინის (იუსუფ იბნ აიუბ) ძლევამოსილი ლაშქრის გამარჯვებაზე, რის შედეგადაც ჯვაროსნები იერუსალიმიდან განდევნეს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კი, სასოებით შევხედოთ ჩვენს სახელმწიფო დროშას, რომელიც, თუ გულწრფელნი ვიქნებით, თან  რბილად ვიტყვით, «ცოტა არ იყოს ჰგავს» ჯვაროსანთა დროშას, რომლითაც ევროპელები  იერუსალიმს იპყრობდნენ მე – 11 საუკუნის ბოლოდან.

სწორედ ამ დროშით (აი, «ძალიან რომ ჰგავს», სინამდვილეში კი ზუსტად ისაა) მოუძღვებოდა ევროპელ «პასიონართა ლაშქარს» ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად   ბრიტანელი რიჩარდ ლომგული და ფრანგი ტამპლიერების ლიდერი ჰიუგო დე პეინი. 

დავსვათ აბსოლუტურად ლოგიკური და დროული კითხვა: არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ფანატიკოსი ისლამისტები საქართველოს მიმართაც განიმსჭვალონ ისეთივე სიძულვილით, როგორც ევროპელები სძულთ. თანაც სძულთ იმდენად, რომ მზად არიან ესოდენ  სისხლიანი, უმოწყალო  ტერაქტები განახორციელონ  საკუთარი სიცოხლის ფასად?

ერთი შეხედვით, საამისო საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველოდან ასეულობით ჯიჰადისტი გაემგზავრა  «ისლამური სახელმწიფოს» არმიაში საბრძოლველად. ზოგიერთმა მათგანმა კი  მეტისმეტად დიდ სიმაღლეებს მიაღწია იმ «სახელმწიფოს», ანუ ტერორისტული ინტერნაციონალის იერარქიაში.

მაგალითად, საკმარისია დავასახელოთ თარხან ბათირაშვილი, ანუ ომარ ალ შიშანი.

რაც ყველაზე უცნაურია, იგი ქრისტიანად და ქართველად აღზარდა მამამისმა – თემურ ბათირაშვილმა, რომელიც თვითონაც ქართველია. ეს საოცარი ფაქტი ზუსტად დაადგინა შესანიშნავმა ექსპერტმა პანკისის საკითხებში, ნინო ბურჭულაძემ.

ქალბატონი ნინოს მონაცემებით, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც დისტანციურად, ესე იგი «ვაიბერისა» და «სკაიპის მეშვეობით» შეჰფიცეს ISIL-ს. თუმცა, ნინო ბურჭულაძეს თქმით, ეს არ ეხება პანკისელთა დიდ უმრავლესობას, რომელიც ნორმალურად ცხოვრობს და საქართველოს მოყვარულია. მაგრამ განა ბრიუსელისა და პარიზის ისლამურ გარეუბანთა ყველა მოსახლე ტერორისტი იყო?

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამგვარად შეფიცულებს «მოსიარულე ბომბებს» უწოდებს, რაც ძალიან ზუსტი შეფასებაა, რადგან სკაიპით შეჰფიცო ISIL-ს და საქართველოში დარჩე, იმას ნიშნავს, რომ ელოდები ბრძანებას იმავე არხებით!

და რა ბრძანება შეიძლება იყოს ეს, თუ რომელიღაც ფანატიკოსს შორეულ (თუმცა, სინამდვილეში  გეოგრაფიულად არც ისე შორს მყოფ) სირიაში მოეჩვენება, რომ საქართველოც ისევე დასასჯელია, როგორც საფრანგეთი?

ნინო ბურჭულაძე ხაზგასმით აღნიშნავს „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში, რომ ესენი უკვე აღარ არიან ქისტები, არ არიან ჩეჩნები, რომლებიც საქართველოს ემადლიერებიან ყველაფერ იმის გამო, რაც ამ ქვეყანამ ჩეჩნებს გაუკეთა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ჩეჩნები, იგივე ქისტები, მორწმუნე მუსლიმებიც რომ იყონ, საქართველოს არაფერს დაუშავებენ, მაგრამ შეფიცული ისლამისტი ფანატიკოსი სულ სხვაა. მათ ჩეჩნურ–ქისტური ცნობიერება საერთოდ აღარ აქვთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან.

ერთეულებია, მაგრამ განა ერთეულები არ არიან, უდიდეს არაბულ დიასპორასთან შედარებით, აბდელჰამიდ აბაუდი და სალაჰ აბდელსალამი მათ რაზმთან ერთად? ისინიც ასეთივე მოსიარულე ბომბები იყვნენ და მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ!

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს იმავე «ისლამურ სახელმწიფოსთან» და დასავლურ კოალიციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით: მეტმისმეტი აქტიურობა ამ მიმართულებით და «სამოსის შემოხევა» არათუ უგუნური იქნებოდა (მაშინ, როდესაც ბევრი დასავლური სახელმწიფო, ათასობთ კილომეტრი რომ აშორებს სირიას, ძალიან ფრთხილობს დღესაც კი), არამედ უპასუხისმგებლოც, ამ ისედაც მრავალტანჯული ქვეყნის მიმართ, რომელიც, სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, არ არის კოლექტიური უსაფრთოების არც ერთი რეგიონული თუ გლობალური სისტემის წევრი! ანუ, ამ თვალსაზრისით, სრულიად «უპატრონოა».

 ამ მომენტს რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას.  არადა შეიძლება გადამწყვეტი აღმჩნდეს, თუ ისლამისტი ფანატიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველო ყევლაზე მოწყვლადია მათი ვნების გადმოსაფრქვევად, – რაკი არც «ნატო»–ში გვიღებენ/ როგორც ვხედავთ და რუსეთიც დიდად არ ინაღვლებს, თუკი ტერორისტები «ჯვაროსნულ საქართველოს» ჯიჰადს გამოუცხადებენ.

არანაირი სამხედრო ვალდებულება «ნატო»–ს ან მისი ლიდერების მიმართ ჩვენ არა გვაქვს ისევე, როგორც მათ არა აქვთ ჩვენს მიმართ! ამიტომ, დიპლომატია და სიფრთხილე ამ საკითხში ყველაზე გონივრული მოქმედება იქნებოდა, რათა რეალური საფრთხე ავაცილოთ თავიდან ქვეყანას და «მოსიარულე ბომბები» მოქმედებაში არ მოიყვანონ.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ნიკა იმნაიშვილი

 

ავტორი: . .