ENG / RUS       12+

ნუთუ მართლა იღება ნატო-ს კარები?

„ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი მხოლოდ ერთი შენობა როდია, არამედ მრავალი პოლიგონი თუ სხვა ობიექტი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე“ - განაცხადა  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კრწანისში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.

ეს ფრაზა მთელი ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვან და მრავლისმთქმელ მესიჯად იქცა. თუმცა, თვით ცრემონიალზეც, თავისთავად, ბევრი რამ იყო საინტერესო. მაგალითად ის, რომ „სეფე-სიტყვით“ (ყველაზე ბოლოს) პრეზიდენტი - უმაღლესი მთავარსარდალი გამოვიდა, მაგრამ უშუალოდ ცენტრის გახსნის პატივი პრემიერ-მინისტრს ერგო. სტოლტენბერგი, ამ ნიუანსებს ბოლომდე ალბათ ვერ ჩასწვდებოდა, თუმცა ყურადღებას მაინც მიქცევდა.

ისიც ნიშანდობლივია, რომ მან გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი, რასაც ყველა დასავლელი სტუმარი როდი აკეთებს ვიზიტებისას, მიუხედავად მასპინძელთა თხოვნისა.

და მაინც, ფრაზა სასწავლო ცენტრის მიერ ქვეყნის  მთელი ტერიტორიის მოცვის შესახებ ყველაზე დამაიმედებელია, რაც ბოლო დროს მოგვისმენია საქართველო-ნატო-ს დისკურსში. მაშასადამე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბიუროკრატიულ სტრუქტურაში მაინც „მწიფდება“ რაღაც ახალი მიდგომები, რომლებიც უფრო მეტად უზრუნველყოფენ ქვეყნის უსაფრთოებას.

ეს ცნება შეფარდებითია. მით უმეტეს, როდესაც რუსეთთან გაქვს საქმე, მაგრამ ამ შეფარდების დროსაც, განტოლების მეორე მხარეს უნდა ვიგულისხმოთ ის რესუსრები, რომლებიც რუსეთს დარჩა უკრაინის ომის,  ნავთობზე ფასების  კატასტროფული ვარდნისა და რუბლის ელვისებური დევალვაციის შედეგად.

იმავდროულად, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დიპლომატიურად ცდილობდა მოსკოვის დამშვიდებას: „ეს ხომ პირველი სასწავლო ცენტრი არ არისო“. იგულისხმება საჩხერის სამთო-მსროლელთა სასწავლო ბაზა, რომელიც 7 წელია ფუნქციონირებს. იგი, თავის დროზე, საფრანგეთის მხარდაჭერით გაიხსნა, კინაღამ დაანგრიეს რუსებმა 2008 წელს (ნიკოლა სარკოზიმ გადაარჩინა მოსკოვში ყოფნისას) და მთელი ეს წლებია ნორმალურად მუშაობს.

მაგრამ „საჩხერესა“ და „კრწანისს“ შორის სისტემური განსხვავებაა, რაკი ახალი სასწავლო ცენტრო „ნატო“ -ს ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა - „საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების არსებითი პაკეტის ფარგლებში“, რითაც დადასტურდა, რომ მიუხედავად პრორუსული ლობის სერიოზული გავლენისა ევროპულ დედაქალაქებში, „ნატო“-ს მაინც შეუძლია კონსენსუსის მიღწევა საქართველოსთან დაკავშირებით.

ამით, რასაკვირველია,  ყველა რისკი ვერ  დაიძლევა. რისი მკაფიო ილუსტრაციაც გახდა რუსული საბრძოლო ვერტმფრენების დაგეგმილი (!) შემოფრენა გორის რაიონში. მაგრამ თუ ამ აქციას შევადარებთ იმ აპოკალიფსურ მოლოდინებს, რაც „ერთობლივი ცენტრის“ გახსნას ახლდა (თბილისი-გორის ავტობანის გადაკეტვა და ა.შ), ეს მაინც უფრო სიმბოლური დემარშია. ასე, რუსეთი, ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცესაც არღვევს ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ ლიტვა-ლატვია-ესტონეთი ალიანსის  სრულუფლებიანი წევრები არიან.

სტოლტენბერგის ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს „ყოფნას“ ავღანეთში. ეს მართლაც ძალიან სერიოზული მოტივატორია, რათა გაიზარდოს „ნატო“-ს სახელმწიფოებში და თვით „ნატო“-ს მმართველ გენერალიტეტში (ამ კორპორაციის გავლენასა და მნიშვნელობას ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ) ჩვენი ქვეყნის გულშემატკივართა ოდენობა და  გავლენა.

სწორედ ამიტომ, ის 29 სულმნათი ახალგაზრდა, რომელიც ავღანეთში დაიღუპა და კიდევ ის ასეულობით ვაჟკაცი, ვინც იქ ჯანმრთელობა დაკარგა, ნამდვილად სამშობლოსათვის დაშვრა და არა რაღაც მითიური „ანტიტალიბური ოპერაციის წარმატებისთვის“.

რაც შეეხება ვარშავაში  ყბადაღებული MAP-ის მიღებას, ჯერ-ჯერობით ამის შანსი მიზერულია. თითქმის ნულის ტოლი. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო „საგზაო რუქას“ კვლავ ვერ მიიღებს. ოღონდ სწორედ  „დღევანდელი მდგომარეობით“! ვარშავის სამიტამდე კი მთელი წელია. ამ წლის განმავლობაში უკრაინის გარშემო და დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობებში იმდენი რამ შეიძლება მოხდეს, ოცნებაც რეალობად იქცევა და, საერთოდ, „საგზაო რუქა“ სისტემურ მნიშვნელობას დაკარგავს, თუკი საქმე (ეს სულაც არაა გამორიცხული) ნატო-რუსეთის პირდაპირ სამხედრო „ჯახამდე“  მივა.

ორი წლის წინ მოვლენათა ამგვარი განვითარება სრულიად წარმოუდგენელი იყო, დღეს კი კონკრეტული გათვლების საკითხია და სრულიად სერიოზულად განიხილება როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო დონეზე, ესე იგი სამხედრო დაგეგმარების, რუქებისა და პროექტების სახით.

ამ პროექტებამდე თუ მივიდა საქმე, მაშინ არანაირი MAP აღარ იქნება საჭირო, რათა დასავლეთმა საქართველოს სამხედრო-სტარტეგიული მდებარეობის გამოყენება სცადოს.  სტოლტენბერგის ვიზიტი და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა კი ამ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდა.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .