ENG / RUS       12+

სერგო ჩიხლაძე: მარიხუანის დეკრიმინალიზაცია პირადი მოხმარებისთვის მისაღებია, მაგრამ მისი ლეგალიზაცია დაუშვებელია

რესპოდენტის შესახებ

“ჯი-ეიჩ-ენი” საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, მედიცინის დოქტორს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა

  _ საქართველოში მარიხუანის ლეგალიზებაზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ბევრს საუბრობენ. არგუმენტები კი სხვადასხვაგვარია. არისთუ არა საფრთხის შემცველი ეს ინიციატივა? არის თუარა საშიში მარიხუანა?

  _ უპირველესად, უნდა გავმიჯნოთ ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია. მარიხუანის მოწევისთვის ციხეში რომ არ უნდა ალპობდნენ ადამიანს, ეს ცალსახაა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს მისი ლეგალიზება და ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის. იმ ხალხს, ვინც ლეგალიზებაზე საუბრობს, ან არ ესმის, რას ნიშნავს ეს ტერმინი და ერევა დეკრიმინალიზაციაში, ან არ იცის ის მავნე ზემოქმედება, რასაც მარიხუანა ახდენს ორგანიზმზე. მარიხუანა, შედის რა ორგანიზმში, მოქმედებს ტვინის გარკვეულ (კანაბინოიდურ) რეცეპტორებზე, რომლებიც უმეტესად თავმოყრილია ტვინის იმ უბნებში, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, აზროვნებაზე, მოძრაობის კოორდინაციასა და აღქმაზე. სწორედ აქედან მოდის ის ეფექტები, რაც მარიხუანის მიღებას მოჰყვება.

 მარიხუანის სისტემატური მოხმარება ფრიად საშიშია ჯანმრთელობისთვის. ის იწვევს აღქმისა და კოორდინაციის დარღვევას, აუარესებს მახსოვრობისა და დასწავლის პროცესებს, განსაკუთრებით კი საშიშია ახალგაზრდა, განვითარებადი ორგანიზმისთვის (მეხსიერების დაკარგვა, გონებრივი და ინტელექტუალური განვითარების შეფერხება და სხვ.). თანაც მარიხუანა ხშირად ხდება ერთგვარი “ხიდი” სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ჩატარებულია მრავალი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ის ადამიანები, ვინც სისტემატურად, გარკვეული სიხშირით მოიხმარდნენ მარიხუანას, გაცილებით ჩამორჩებიან თავიანთი გონებრივი მაჩვენებლებით, მეხსიერებისა და სწავლის უნარით იმ ადამიანებს, ვისაც ის არ მოუხმარია. თანაც, ეს ჩავარდნები გონებრივი განვითარების მხრივ შეუქცევადია. ასე რომ, მე პირადად, ხელმისაწვდომობის (ანუ ლეგალიზების) კატეგორიული წინააღმდეგი ვარ! ასევე, გასათვალისწინებელია ქვეყნის კონტექსტი (უმუშევრობა, გასართობი ადგილებისა და რეკრეაციული ზონების არარსებობა, ნარკოტიკების მოხმარების ტრადიციულად მაღალი მაჩვენებელი და ა.შ).

_ მეორე საკითხია ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ძალიან მკაცრია მარიხუანის მომხმარებელთა მიმართ, არადამსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. იქნებ, უბრალოდ, ტერმინების აღრევაა დადეკრიმინალიზაცია უფრო მისაღებია, ვიდრე ლეგალიზაცია? საუბარია იმაზე, რომ მარიხუანის მომხმარებელი ისჯებაისეთივე სიმკაცრით, როგორც ჰეროინის. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში კი ასეთი მიდგომა არ არის.

 _ გეთანხმებით, ზემოთაც აღვნიშნე, რომ პირადი მოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს, მით უმეტეს ისეთი სიმკაცრით, როგორც ეს ჩვენთანაა. დეკრიმინალიზაცია (პირად მოხმარებას ვგულისხმობ) მართლაც მოხდა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ დეკრიმინალიზაცია არ შეხებია მარიხუანის კულტივირებას, გასაღებასა და ტრანსპორტირებას, ის შეეხო მხოლოდ პირად მოხმარებას. ევროპაში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც დაშვებულია მისი მოყვანა და მოხმარება მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. აშშ-ში მხოლოდ 2 შტატშია ნებადართული მისი მოხმარება (სრულწლოვანი მოსახლეობისთვის), ყველა სხვა შტატში ის აკრძალულია. სხვათა შორის, ორივე ამ შტატში მკვეთრად იმატა მარიხუანის მოხმარებამ მისი ლეგალიზაციის მერე და ასევე, იმატა იმ უარყოფითმა მოვლენებმა, რაც მარიხუანის მოხმარებას სდევს. ასე რომ, ის არგუმენტი, რაც ხშირად ისმის, რომ, თუ არ იქნება “აკრძალული ხილის” ეფექტი, მაშინ ბევრი აღარ მიეძალება მას, აქ არ მოქმედებს.

_ როგორ ფიქრობთ, დეკრიმინალიზაცია რომ მოხდეს და არა ლეგალიზაცია, რა შედეგს მივიღებთ?

 _ დეკრიმინალიზაცია პირადი მოხმარებისთვის, ვფიქრობ, მისაღებია. თუმცა აქაც მივიჩნევ, რომ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი. ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს ინფორმაცია მარიხუანის მოხმარების მავნე შედეგებზე და ძალიან ზედაპირულად უდგება ამ საკითხს. ასევე, ის, რომ დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას.

 _ ხშირად მარიხუანის მომხმარებლები, და არამარტო ისინი, ექიმებიც, მარიხუანის დადებით სამკურნალო თვისებებზესაუბრობენ და ისიც ფაქტია, რომ უამრავი ლიტერატურაა, სადაც სწორედ ამაზეა საუბარი. რა არის დადებითი და რა უარყოფითი?

 _ რაც შეეხება სამედიცინო სარგებელს, მორფინიც გამოიყენება მედიცინაში გარკვეული დოზით და გარკვეული მდგომარეობების დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მისი მავნე მოხმარების წინააღმდეგ სახელმწიფო არ უნდა იბრძოდეს. ან, მაგალითად, გველის შხამიც იხმარება ფარმაკოლოგიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფალ გაყიდვაში უნდა იყოს ის.

_ ექიმები ამბობენ, რომ მარიხუანის მოხმარება იწვევს “სიამოვნების ზღურბლის აწევას”, ანუ რაღაც დროის შემდეგმომხმარებლისთვის მარიხუანა იმ “ეფექტს” ვეღარ აღწევს და უფრო ძლიერ საშუალებებზე გადადიან, საბოლოოდ კინარკოდამოკიდებულები ხდებიან... ეს ასეა?

_ მარიხუანა შეიძლება გახდეს ერთგვარი “ხიდი” სხვა უფრო მავნე ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა დიდი ნაწილი მძიმე ნარკოტიკის მოხმარებამდე ზუსტად მარიხუანას “ეთამაშებოდნენ”. გავრცელებულია აზრი, რომ მარიხუანა არ იწვევს დამოკიდებულების განვითარებას. ეს მცდარი აზრია. დიახაც, რომ იწვევს დამოკიდებულების განვითარებას სისტემატური მოხმარების შემთხვევაში. კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევათა 9%-ში ის იწვევს დამოკიდებულების განვითარებას და მოზარდ ორგანიზმებში ეს ციფრი 25%-ს აღწევს.

 _ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა _ მომხმარებელი კრიმინალია თუ დაავადებული?

_ ზოგადად, ნარკოტიკების მომხმარებლები არიან დაავადებულები და მათ სჭირდებათ სერიოზული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ისევე, როგორც მედიკამენტური დეტოქსიკაცია. ამ მხრივ, მართლაც სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი და სახელმწიფომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში. მხოლოდ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა საკმარისი არ არის.

_ რას ეტყვით მათ, ვინც მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს?..

 _ გაითვალისწინონ ის მავნებლობა, რაც, ზოგადად, მარიხუანას მოაქვს (განსაკუთრებით მოზარდებისთვის). ის, ვინც მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვს, ვურჩევ, დაეყრდნოს მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და არა ყვითელ პრესაში დაბეჭდილ აზრებს მარიხუანას “დადებით” ეფექტებზე, გაითვალისწინოს ის სოციალური და ეკონომიკური ფონი, რაც დღეს სახელმწიფოში სუფევს და ასევე, გამიჯნოს ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია, რასაც ხშირად ერთმანეთში ურევენ.

 თემურ კალანდაძე, ”ჯი-ეიჩ-ენი”

 

ავტორი: . .