საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილებაზე მსჯელობის გადადებას აპროტესტებენ.
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ყოველი დაგვიანებული დღე, სტიქიით დაზარალებულთათვის გართულებულ ცხოვრებას ნიშნავს.
"ორ კვირაზე მეტი გავიდა სტიქიის შემდგომ და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თბილისის მერიამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ დაეწერა წესი, თუ როგორ აპირებს ამ ადამიანების დახმარებას. როგორც ჩანს, არც ზარალია ბოლომდე დათვლილი, თუმცა ამ ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, ყოველ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყოველი დღის დაგვიანება ამ ადამიანებისთვის გართულებულ ცხოვრებას ნიშნავს. მოვუწოდებთ თბილისის მერს და მერიას, რომ დროულად იმუშაონ ამ წესზე, რათა დროულად მოხდეს ამ ადამიანების ეფექტური და მიზანმიმართული დახმარება იმ თანხებით, რომელიც საზოგადოებამ უკვე შეაგროვა", - განაცხადა აბესაძემ.
დოკუმენტი საკრებულოში მერიას უნდა შეეტანა, და მისი განხილვა დღეს უნდა მომხდარიყო.