ENG / RUS       12+

რა ელის «ქართულ ოცნებას»?

21 მარტს «ნაციონალურმა მოძრაობამ», ესე იგი მიშას თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა მორიგი საქვეყნო მიტინგი დაგეგმეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე. თავის დროზე ქუთაისში პარლამენტი მათ სწორედ იმიტომ გადაიტანეს, რომ (სააკაშვილის თქმით) ეს «წყეული ადგილი» მოეშალათ, სადაც უამრავი უბედურება დატრიალებულა თუ დაწყებულა, მაგრამ ქუთაისში მიტინგის გამართვას აზრი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ის აზრი, რასაც თავად დებენ ახალ აქციაში.

ამ ადგილას მიტინგების მეტი რა მოწყობილა, თვით ნაციონალებიც შეკრებილან გასულ წელს, მაგრამ ეს აქცია პირველია, რომელსაც მკაფიო მოთხოვნა აქვს: მთავრობის გადადგომა!

«ქართულმა ოცნებამ» ვერც შენიშნა, როგორ შემოეპარა ძალიან სერიოზული კრიზისი და ახლა მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რომ ხალხის უმრავლესობას მშვიდობისა და წყნარი ცხოვრების მეტი არაფერი აინტერესებს, ანუ იმათ არ გაჰყვებიან _ ხელისუფლებას ვეღარ უშველის, თუ ვერ გაიგებენ და ვერ მიხვდებიან, რა არის ამ კრიზისის მთავარი მიზეზი, რატომ სუსტდება მათი ლეგიტიმურობა და რატომ ემსგავსებიან თანდათან შევარდნაძე-ხაზარაძის «მოქალაქეთა კავშირს». ოღონდ არა 1995 წლისას, არამედ 2003 წლის «მოქკავშირს», როცა მისი საქმე უკვე წასული იყო ჭაობში!

მთავარი მიზეზი, სინამდვილეში არც მაშინ და არც ახლაა «დაპირებების შეუსრულებლობა», «ლარის დევალვაცია», «კრიმინალის ზრდა» და ა.შ. ეს ყოველივე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, თუმცა არა განმსაზღვრელი, რადგან «ოცნებამ» ზოგი რამ გააკეთა კიდეც. მაგალითად, «საყოველთაო ჯანდაცვა», რაც ყველას მოსწონს. მათაც კი, ვინც ბიძინას ვერ იტანს და იმასაც აცნობიერებს, რომ მიშა და მისი გუნდი, პირველი, რასაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს _ ამ პროგრამის გაუქმება ან მისი სიმბოლურ (5-ლარიან) დონეზე დაყვანა იქნება.

საერთოდ არაფერს აკეთებენო, ესეც არ არის სამართლიანი. ოღონდ არ იციან, როგორ წარმოაჩინონ _ თუ ამ ქართულ სიტყვას გამოვიყენებთ ჩვეული «პიარ»-ის ნაცვლად. მარტივი მაგალითია ილია ჭავჭავაძის განახლებული ძეგლი, რომელიც ყველას მოეწონა. მიშა ცხრაჯერ გახსნიდა და ახალ წელსაც იმ კაშკაშა ფონზე მიულოცავდა ქვეყანას, ესენი ამასაც ვერ ახერხებენ.

ანუ აქ მივადექით მთავარ მიზეზებს «ოცნების» დევალვაციისა: უნიჭო «პიარი», უფრო სწორად მისი საერთოდ არარსებობა!

ახლა «რუსთავი 2»-ის გაუთავებელი ლანძღვა იმის გამო, რომ «ქმნის ისტერიულ ატმოსფეროს ქვეყანაში», «ასრულებს ნაცების დავალებებს», «აღვივებს ნიჰილიზმს» და ა.შ. _ ასეთ პრეტენზიებს სჯობია საერთოდ გაჩუმდნენ, რადგან ტელევიზიისა და პრესის ლანძღვით ამ ქვეყანაში თავი ჯერ არავის გადაურჩენია: დალოცვილებო, გქონდათ თქვენც პარტიული ტელევიზია _ «მეცხრე არხი» და დახურეთ, აქაოდა, ხელისუფლებას ტელეარხი რატომ უნდა ჰქონდესო. ჰოდა, ირბინეთ ახლა წვერებიან გიორგი გაბუნიასთან ეთერში, სადაც ყოველთვის წააგებთ ათით ნოლს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

განმსაზღვრელი მიზეზი «ოცნების» დევალვაციისა, სინამდვილეში, სწორედ იმ ნიჰილისტურ ატმოსფეროში უნდა ვეძიოთ, რომელიც ქვეყანაში თანდათან ბატონდება. ეს არის «ხელჩაქნეულობა», «მაინც არაფერი გამოვა»-ს სინდრომი, შიდა დაპირისპირებები მმართველ კოალიციაში, ინტრიგები, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და ა.შ. _ რაც ხალხს უქმნის და უძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანას არ ჰყავს პატრონი, რომ ხელისუფლება, საქმის კეთების ნაცვლად, ინტრიგებში ჩაეფლო და ხალხზე არავინ ფიქრობს, რომ «ძაღლი პატრონს ვერ ცნობს»:

მიშა სააკაშვილის მმართველობის 9 წლის მანძილზე უამრავი რამ მომხდარა, რაც მის ოპონენტებს დანაშაულად ჩაუთვლიათ და არცთუ უსაფუძლოდ, მაგრამ არასდროს შექმნილა ასეთი ვითარება, რომ ვინმეს ეთქვას: «მმართველ პარტიაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს და სრული სახელისუფლებო ანარქიააო».

სწორედ ეს სინდრომი მუშაობს ახლა «ოცნების» წინააღმდეგ და თუ რაიმე არ იღონეს, აუცილებლად (აუცილებლად!) ჩაძირავს მას ან უახლოეს არჩევნებზე, ან მალევე მას შემდეგ, რაკი ერთ მხარესაა მძლავრ მუშტად შეკრული, კონსოლიდირებული ოპოზიციური გუნდი, რომელმაც იცის, რა უნდა, აქვს მკაფიო პროგრამა (არა აქვს მნიშვნელობა, რა პროგრამაა ეს, მასისთვის მთავარია, რომ მკაფიოა), ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ და კაპიტოლიუმზე სენატორებთან ხელგადახვეული დადის, ხოლო მეორე მხრივ, _ დაქუცმაცებული, ლაყე კოალიცია, სადაც გაურკვეველია, ვინ არის ლიდერი (საგანელიძე, კალაძე, ახვლედიანი, ვოლსკი თუ ვინ?), ხდება გაუთავებელი შიდა სკანდალები, ყველა წვრილმანის შესათანხმებლად იძულებულნი არიან, პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაატარონ, ამ პოლიტსაბჭოზე იკრიბებიან აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებების პერსონაჟები, მათ შორის «რესპუბლიკელები», რომლებიც თავიანთი ღირებულებებითა და პროგრამით «ნაციონალებთან» უფრო ახლოს არიან, ვიდრე «ფორუმთან» ან თვით პარტია «ოცნებასთან».

ეს ყოველივე კი, ისევ და ისევ, აძლიერებს გაურკვევლობის, სისუსტის, ანარქიისა და ჭაობის(!) განცდას, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ხელისუფლებას, უკარგავს მას მხარდამჭერებს, რაკი ხალხი პირველ რიგში სიცხადეს მოითხოვს ხელისუფლებისგან, ასეთია მისი ფსიქოლოგია და ვერავითარი ციფრებით, ვერანაირი არგუმენტით «კარგი ჯანდაცვის პროგრამის» შესახებ ამ ვარდნას «ოცნება» ვერ შეაჩერებს, თუ ვერ მოახერხა კონსოლიდაცია და ქვეყნისთვის მკაფიო «პროექტის» შეთავაზება.

ამგვარი პროექტის სახით «სამართლიანობის აღდგენამ», ესე იგი წინა ხელისუფლების ბობოლა ჩინოსანთა დაჭერებმა ერთი პერიოდი სერიოზულად იმუშავა, მაგრამ ახლა ესეც ფერმკრთალდება. მით უმეტეს, რომ საქმის აღძვრა ერთია, ხოლო მიშას განსასჯელის სკამზე რეალურად დასმა _ მეორე.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყოველივე «ოცნებას» საარჩევნო პრობლემებს კი არ უქმნის: 2016 წლის არჩევნებს ის, ასე თუ ისე, მოიგებს, რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობა, როგორც ყოველთვის, ხელისუფლებას მისცემს ხმას: მაინც ხომ მმართველ ძალას მისცა ხმა 2003 წელს, ხელისუფლებასვე მისცემდა ხმას 2012 წელსაც, რომ არ ყოფილიყო «ციხის სკანდალი» და რომ ვერ შეემჩნია მთავრობის უმწეობა: მიშამ ერთხელ გამოიჩინა სისუსტე, ერთხელ ვერ უპასუხა ძლიერად გამოწვევას («ციხის კადრებთან» დაკავშირებით) და მაშინვე წააგო: სინამდვილეში მას ხალხმა ხმა აღარ მისცა არა თვით ციხის კადრების გამო, არამედ იმიტომ, რომ ატეხილ სკანდალს ვერაფრით გაუმკლავდა და სუსტად წარმოჩინდა. «ოცნებას» ასევე შეიძლება დაემართოს ბევრად მეტი მასშტაბით: ან რაღაც «ციხის სკანდალის» მაგვარ საშინელებას აუგორებენ უშუალოდ არჩევნების წინ, ან იმდენად დასუსტდება ასეთი გაურკვევლობით და შიდა დაპირისპირებით, რომ 2003 წლის «მოქკავშირივით» იოლი «დასაჩმორებელი» გახდება.

ის დემაგოგია, რომ «სამაგიეროდ ჩვენ დემოკრატები ვართ, ისინი კი ავტორიტარები იყვნენო», _ ნამდვილად ვერ უშველით: ჩვენს ხალხს (და ეს ბევრჯერ დამტკიცდა) სწორედ ავტორიტარი უნდა, რომელიც დიდი რყევებისგან დაიცავს. აქედან გამომდინარე, «ოცნების» იდეოლოგები ახლა იმაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, პირველ რიგში, როგორ აუხსნან ხალხს, რა გახდა ლარის დევალვაციის მიზეზი, არამედ უფრო მეტად იმაზე, როგორ დაუმტკიცონ, რომ იციან, რა გააკეთონ, აქვთ მკაფიო პროგრამა, არიან საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი, არ ეშინიათ მიშასი და მისი გუნდის, არ «ჭამენ ერთმანეთს» კოალიციისა თუ პარტია «ქართული ოცნების» შიგნით, ჰყავთ ლიდერი ან აქვთ ლიდერთა გასაგები იერარქია, აკონტროლებენ ვითარებას რეგიონებში (სადაც ჯერჯერობით სრული მარაზმი ტრიალებს _ მარტო აჭარის ისტორია რად ღირს), ერთი სიტყვით, წარმოადგენენ კონსოლიდირებულ სახელისუფლებო ძალას და მზად არიან, გამოწვევებს უპასუხონ.

როგორც ჩანს, ეს ყოველივე ლარის სტაბილიზაციასა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი ჰგონიათ, არადა, 2003 წელს, როცა შევარდნაძის ხელისუფლება დაემხო, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი 13% იყო _ არასდროს მას შემდეგ ასეთი ზრდა არ ყოფილა, სამუშაო ადგილი კი (ერგნეთით დაწყებული) იმდენი იყო, რაც არასდროს მთელი მომდევნო წლების განმავლობაში, მაგრამ ის ხელისუფლება დაემხო იმიტომ, რომ დალპა და გადამწიფდა.

ვიმეორებ: ასეთია მასის ფსიქოლოგია და «ქართული ოცნება» მას, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რეალურად, ძალიან ცოტა დრო დარჩათ, რათა ქვეყანას ახალი პროექტი შესთავაზონ, რაც მათ ლეგიტიმურობას გაზრდის, ანუ მოიშორონ «ღირებულებითი მიშისტები» კოალიციიდან და განაცხადონ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის შესახებ (როგორი სარისკოც არ უნდა იყოს ამის გაცხადება), მიიღონ მკაფიო გადაწყვეტილებები საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ან საერთოდ არ ილაპარაკონ «ხუდონჰესზე», ან მიიღონ გადაწყვეტილებები, _ გააკეთონ, რაც გასაკეთებელია! ან საერთოდ შეწყვიტონ ეს ლაქუცი მოსკოვთან, ან რაღაც რეალური ნაბიჯები გადადგან.

სასიცოცხლოდ სჭირდებათ (თუ საერთოდ აქვთ თავი) «ლიდერშიპი», ისწავლონ მიშასგან «დრაივი», გაკეთებულის გაპიარება და ა.შ.

ყოველივე ამის გარეშე, ტყუილად დაითვლიან რეიტინგებს წინასაარჩევნოდ _ რა რეიტინგიც არ უნდა დაუთვალონ «ხელზე მიჩვეულმა» სოციოლოგებმა, სულ იოლად დაკარგავენ ძალაუფლებას. მით უმეტეს, რომ მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი და ჭკვიანი ჰყავთ.

ეს უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი ასპარეზზე «მესამე ძალა» (ბურჯანაძე) გამოვა და ამ სამის «ბათქი» ქვეყანას სამოქალაქო ომის მორევში ჩაითრევს.

აცნობიერებენ კი «ოცნების» ლიდერები, რა ციცაბო მოყინულ კლდეზე წვანან ახლა და ქვემოთ მოწყვეტის წკიპზე არიან? ძალზე საეჭვოა! მაშასადამე, «საინტერესო ცხოვრება» კვლავ არ მოგვაკლდება უახლოესი თვეებისა და წლების მანძილზე.

 მიხეილ გეწაძე, გაზეთი „პრემიერი“

ავტორი: . .