მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის 2014 წლის მთავარი ახალი ამბავი რუსეთიდან ტურისტული ნაკადის გადინების მკვეთრი შემცირება გახდა.
ბაზრის შემცირების მიზეზი - მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რიგი კატეგორიის ადამიანებისთვის ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვის დაწესება და სავალუტო პრობლემები გახდა. სხვადასხვა მონაცემებით, ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა 30%-მდე შემცირდა. დაბრუნების მაჩვენებელი კი გაიზარდა, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან - გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, პოლონეთი და ესპანეთი. ტურნაკადის შემცირების გამო 2014 წლის მეორე ნახევარში, რუსეთში გაკოტრდა 20 მსხვილი ტუროპერატორი, რომელიც შესაბამის სეგმენტზე მუშაობდა. ინფორმაციას medyahoo ავცელებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო ტურიზმი ბაზარზე ყოველთვის მიიჩნეოდა ეკონომიკურად ყველაზე სტაბილურ სეგმენტად. მაგრამ რუსეთის ეკონომიკის სტაგნაციამ მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მაგალითისთვის გერმანიაში მკურნალობის მსურველთა რაოდენობა 26%-ით, ისრაელში - 13%-ით, ჩეხეთში - 32%-ით, ხოლო უნგრეთში - 29%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ჯანდაცვის სისტემა მძიმე მდგომარეობაშია, რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ შესაბამისი მომსახურეობა საკუთარ ქვეყანაში და ბელორუსში მიიღონ. ბელორუსში გამსვლელთა რაოდენობა 2014 წლის აგვისტო-დეკემბერში 5%-ით გაიზარდა. ასეთი ვითარება შეეხო ქვეყნის მოსახლეობის ყველა სოციალურ სფეროს წარმომადგენელს - ეკონომიურად დაუცველიდან შეძლებული მოსახლეობის ჩათვლით. ექსპერტები აღნიშნულის მიზეზად ინფლაციას, ფასების ზრდას და მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას ასახელებენ.
რაც შეეხება პროგნოზს, ისიც საკმაოდ არასახარბიელოა. შესაბამისად რუსეთი ბაზრიდან მიდის. პერსპექტივა კი საიმედო არ არის. medyahoo წერს, რომ ამ სეგმენტის ბიზნესის წარმომადგენლებმა ვითარების რეალურად უნდა შეხედონ და დასკვნები გააკეთონ.